03.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო თამარ კაპანაძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის"
წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ. საქმე ეხება გადაცემა "პირისპირს", რომელიც ეთერში 4 ივლისს გავიდა და ეხებოდა თბილისში გამართულ აქციებს. გადაცემაში მონაწილეობდა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. განმცხადებელი სწორედ მასთან დიალოგს ხდის სადავოდ და მიიჩნევს, რომ მოხდა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია, ვინაიდან ირმა ინაშვილმა სიტყვა "გეი" დამამცირებელ და უარყოფითი კონოტაციის მატარებლად გამოიყენა, წამყვანს კი არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია.
საქმის განხილვის შემდეგ დაადგენს საბჭო მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.