23.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის
განცხადება ტელეკომპანია "იმედის"
ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და "პრაიმტაიმის"
რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ. სადავო გახდა მათ მიერ მომზადებული ის მასალები, რომლებიც ეხებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ბანგლადეშში. მასალების მიხედვით, ინტერპოლით არის ძებნილი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც წყარო გახსნა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების თანახმად, ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდეს აუდიტორიას, რითიც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ამასთან ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რასაც ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს. მისი აზრით, ასევე დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.
ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.