26.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის" (JRC) განცხადება საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "მოამბის"
წამყვანის, რატი ხვისტანის წინააღმდეგ. სადავო გახდა 16 აგვისტოს გადაცემული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა JRC-ის ფილმის "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე" საპასუხოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
JRC მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე პრინციპები, რადგანაც განმცხადებლის აზრით, "მოამბეში" მცდარი ინფორმაცია გადაიცა, ამასთან განზრახ დამახინჯდა ფაქტები და შესწორების მოთხოვნის მიუხედავად დაშვებული უზუსტობები არ გასწორებულა.
საქმეს ქარტიის საბჭო განიხილავს, სადაც როგორც განმცხადებელს, ისე მოპასუხე მხარეს შესაძლებლობა ექნება წარადგინოს საკუთარი პოზიცია. საქმის განხილვის შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას რატი ხვისტანმა მართლაც დაარღვია თუ არა მითითებული პრინციპები.