22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ორი მასალა, რომელიც ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRC) ფილმს ეხებოდა. ქარტიას სწორედ JRC-მ მიმართა.
პირველი სადავო მასალა ეთერში 16 აგვისტოს გავიდა. წამყვანმა რატი ხვისტანმა საზოგადოებას გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება, რომლითაც მაუწყებელი გამოეხმაურა JRC-ს ფილმს "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე". განმცხადებლის მოსაზრებით, მასალა დაუბალანსებელი და შეცდომაში შემყვანი იყო. ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა, რომ რატი ხვისტანმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. განმცხადებელი დავობდა მეთერთმეტე პრინციპზეც, რომელიც უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს ფაქტის განზრახ დამახინჯებას. თუმცა ამ მუხლზე მსჯელობისას საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საქმის წარმოების წესის თანახმად, იმისათვის რომ დადგინდეს რომელიმე პრინციპის დარღვევა ან არდარღვევა, საჭიროა საბჭოს მინიმუმ 5 წევრის თანხმობა. ამ შემთხვევაში კი ხმები გაიყო.
მეორე სადავო სიუჟეტი ასევე ეხებოდა JRC-ს ფილმს "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ამ ფილმის განხილვას. ამ შემთხვევაში საბჭომ დაადგინა, რომ სიუჟეტის ავტორმა ქეთი ქაშაკაშვილმა დაარღვია როგორც პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება), ასევე მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევა.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტებს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.