22.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
qartli.ge-ს ჟურნალისტმა, მალხაზ მიქელაძემ სიზუსტის (პირველი) და
შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვია. მის წინააღმდეგ
ქარტიას ხათუნა მაცაბერიძემ მიმართა.სადავო გახდა მასალა სათაურით "ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს". ბაზრის დირექტორი, ხათუნა მაცაბერიძე უარყოფდა ამ ბრალდებას და ამბობდა, რომ სტატიაში მოსაუბრე რესპონდენტი არ არის მის მიერ დასაქმებული.
გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის შემდეგი პრინციპები. მესამე (დადასტურებული წყარო),მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და მხოლოდ პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევა დაადგინა.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ქარტიის კითხვებს qartli.ge-ს რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა უპასუხა.