27.03.2020
ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემის წამყვანის - ნანუკა ჟორჟოლიანის
წინააღმდეგ შემოსული განცხადება, ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო. განცხადება ჟურნალისტის წინააღმდეგ კავშირმა “საფარი”, გრიგოლ
ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა შემოიტანეს.სადავო მასალა “ნანუკას შოუ”-ში მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გავიდა და ის ხაშურში, 05 მარტს მომხდარ შემთხვევას - ყოფილი ქმრის მიერ, ცოლის ცივი იარაღით დაჭრას ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მსხვერპლის ცხოვრების ისეთ ინტიმურ დეტალებზე, როგორიცაა მისი პირადი ცხოვრება, ბავშვებთან მისი დამოკიდებულება, მისი ურთიერთობა მეუღლესთან, ასევე ხაზი გაესვა პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევებს. განმცხადებლის აზრით, გადაცემაში მოყოლილი ამბებით ხდებოდა ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებაც. მისი თქმით, გადაცემაში ასევე შეინიშნებოდა სტერეოტიპების წამახალისებელი ტენდენცია. კერძოდ, დანაშაულის გამამართლებელი განცხადების გაჟღერებით, თითქოს დანაშაული განპირობებილი იყო ქალის “არასწორი” საქციელით, აღრმავებდა საზოგადოებაში ამ საკითხზე არსებულ წარმოდგენებს.
განმცხადებლის აზრით სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის) პრინციპები.
სადავო მასალას ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს ადგილი ჰქონდა თუ არა ქარტიის პრინციპების დარღვევას.