ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება დაუშვებელია
06.04.2020
2020 წლის 5 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარის” პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი „გენები კორონა ვირუსის წინააღმდეგ,” სადაც საუბარი იყო გენური კოდების მნიშვნელობასა და ეთნიკურ უპირატესობებზე.  სიუჟეტის შემდგომ კი წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ არმენოფობიური განცხადება გააკეთა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ გავრცელებული მასალა არის რასისტული ხასიათის, ქსენოფობიური და ახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. ეთიკის ქარტიამ არაერთხელ  მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ covid 19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებას და მხოლოდ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ მაყურებელს. გაუგებარია, რას ემსახურება PostFactum-ში მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით დაუსაბუთებელი თეორიების გავრცელება, რომელიც ქართული გენის უპირატესობას წარმოაჩენს, რაც  დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალქეებისთვის და ატარებს ქსენოფობიურ ნიშნებს.
 
მიგვაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა კი არ შეუწყონ ხელი  არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.
 
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ მედიაში გავრცელებული მასალები ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს.
 
ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
 
  

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.