15.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადება ტელეკომპანია “პირველის”
ჟურნალისტების - მაია მამულაშვილის და სალომე უერთაშვილის
წინააღმდეგ.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 მაისს გავიდა და რეფერალურ საავადმყოფოში არასრულწლოვნის მდგომარეობას ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავს,რომ სიუჟეტში არასრულწლოვანის ბავშვთა სახლში გადაყვანის შესახებ არასწორი და შესაბამის ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, ჟურნალისტმა არასწორად გამოიყენა ტერმინი, სოციალური მუშაკის ნაცვლად - სოციალური აგენტი. განმცხადებელი მიიჩნევს რომ სიუჟეტში დაირღვა როგორც ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), ასევე მესამე (წყაროს დადასტურება) პრინციპი. სოციალური მუშაკის ფუნქცია-მოვალეობების არასწორად წარმოჩენით კი დაირღვა ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი, განმცხადებლის აზრით მსგავსი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას სოციალური მუშაკის მიმართ.
მხარე ასევე დავობს მერვე პრინციპზეც, რომელიც ბავშვის ინტერესებს ეხება. მისი თქმით, რამდენჯერმე გაჟღერდა ბავშვის სახელი და გვარი და მოხდა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება.
ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.