25.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ფირუზ ბოლქვაძის განცხადება ონლაინ გამოცემა “Batumelebi.ge”-ს
ჟურნალისტის - ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ.სადავო მასალა 2020 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა და ის მალხაზ რეხვიაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, აჭარის ტელევიზიის 8 საათიანი გამოშვების რედაქტორის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას ეხება.
მხარე განმარტავს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში, მტკიცებით ფორმაში და ფაქტადაა წარმოჩენილი, რომ თითქოს ფირუზ ბოლქვაძემ დაარღვია ქარტიის პრინციპები, ჟურნალისტი კი მას როგორც მხარეს არ დაუკავშირდა ამბის გადასამოწმებლად. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა, ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, ხოლო ვინაიდან, არაზუსტი ინფორმაციის შესწორების მიზნით ჟურნალისტისთვის მიმართვას, რეაგირება არ მოჰყოლია, ფირუზ ბოლქვაძე დავობს მეხუთე - შესწორების პრიციპზეც.
განმცხადებელი ჟურნალისტს წყაროს დადასტურების პრინციპის დარღვევასაც ედავება, მისი თქმით, ტექსტში არ არის გამიჯნული ფაქტები და მოსაზრებები და არ ჩანს ვის ან რას ეყრდნობა ინფორმაციის გავრცელებისას. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი, მიზანი კი მისი რეპუტაციის შელახვა და პროფესიული ნიშნით დისკრედიტაცია იყო.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.