30.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
თამარ მამულაშვილის განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის -
ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი 2020 წლის 22 მაისს 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და დეპუტატ დავით მათიკაშვილის მეუღლის, ნინო მამულაშვილის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხება.
მხარე განმარტავს, რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში თქვა ფრაზა - "ქართული ოცნების მმარველობის პერიოდში ასევე მოსამართლედ დაინიშნა ნინო მამულაშვილის დაც", რითიც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და განზრახ დაამახინჯა ფაქტი, რადგან აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებელი თვლის, რომ მსგავსი ფორმით ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა მისი ოჯახისა და სიძის (დავით მათიკაშვილის) დისკრედიტაციას, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
განმცხადებელი ჟურნალისტს წყაროს დადასტურების (მესამე) და შესწორების (მეხუთე) პრინციპის დარღვევასაც ედავება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.