31.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ანა ებანოიძის და მარიამ გაბრიჩიძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის”
წინააღმდეგ.სადავო გადაცემა “მობილიქსი”, სათაურით “სანდრო გირგვლიანი” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 12 მაისს გავიდა და ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების აღსრულებასა და ამ ფაქტის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ეხება.
განმცხადებელი მიიჩნევს რომ ჟურნალიტურ პროდუქტში ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტის) პრინციპი დაირღვა. მისი განმარტებით, სიუჟეტში ზუსტად და ობიექტურად არ არის აღწერილი საქმის დეტალები და ინფორმაცია მოდელირებულია. მხარე უთითებს რომ გადაცემაში 2006 წლის 27 იანვრის საღამოს, კაფე „შარდენში“ განვითარებულ სიტუაცია, სატელეფონო და სოციალური ქსელის მიმოწერით ისეა აღწერილი და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის მაყურებელში, თითქოს აღნიშნული რეალურად მოხდა. ამბის მძაფრი ფორმით გადმოცემა კი, კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ამბავს და ცდილობს ემოციური ზეგავლენის მოხდენას მაყურებელზე. გარდა ამისა, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი პროპაგანდისტულია და ხელს უწყობს საქმეში მოქმედი პირების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.