ქარტიის საბჭომ სამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
08.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2020 წლის 7 ივნისს შემდეგ საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილებები:

  • “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ნიკა გვარამიას წინააღმდეგ;
  • თამარ მამულაშვილი ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ;
  • “ფემინა” თამარ ბუჩუკურის წინააღმდეგ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ განცხადებით ქარტიას ორგანიზაციამ - “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიმართა. მხარე დავობდა ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემა “მთავარი აქცენტებში” წამყვანის - ნიკა გვარამიას მონოლოგის იმ ნაწილზე, სადაც იგი ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დეტალებზე საუბრობს. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან შანტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ფაქტად იყო წარმოჩენილი და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ ქარტიას თამარ მამულაშვილმა მიმართა. საბჭომ ჟურნალისტის მიერ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევა დაადგინა.

სადავო სიუჟეტი არხზე 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და დავით მათიკაშვილის მეუღლის, ნინო მამულაშვილის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხებოდა. მხარე განმარტავდა, რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში თქვა ფრაზა ”ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ასევე მოსამართლედ დაინიშნა ნინო მამულაშვილის დაც”, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

მხარე ასევე დავობდა წყაროს დადასტურების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Primetime-ს ჟურნალისტმა თამარ ბუჩუკურმა ქარტის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სადავო მასალაში ”ვინ არის გოგო, რომლის ფოტოს მამა ანდრია აქვეყნებს” მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასევე, გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია და გავრცელდა ბავშვის ფოტო.

გარდა ამისა, მხარე დავობდა წყაროს დადასტურების და მასალის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.