21.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” და ანი მეზურნიშვილის
განცხადებები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილის”
წამყვანის მაია ასათიანის წინააღმდეგ.ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ ჟურნალისტურ პროდუქტზე, თოქ-შოუ“ პროფილზე” მომართა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 ივნისს გავიდა. მხარეები ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ოჯახთან დაკავშირებულ მონაკვეთზე დავობენ.
განმცხადებლების განმარტებით, გადაცემის ამ ნაწილის მთავარი არსი ბიჭი შვილის ყოლის უპირატესობაზეა, გოგო შვილის ყოლა კი მეორეხარისხოვანადაა შეფასებული და გადაცემას ლაიტმოტივად გასდევს მამრობითი სქესის აღმატებულობის პათოსი. მხარეების აზრით, გენდერული ნიშნით არათანასწორი დამოკიდებულების გამოხატვა და მჩაგვრელი ფორმით გადაცემის ტირაჟირება ხელს უწყობს სოციუმში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და დისკრიმინაციის წახალისებას, რაც არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.