18.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
გაზეთ “ალიას” ჟურნალისტმა მაია იასეშვილმა ქარტიის პირველი -
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას მითების დეტექტორის ლაბორატორიამ მომართა. მხარე დავობდა გამოცემის 2020 წლის 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მასალაზე, სადაც ავთანდილ კურდღელაშვილთან ინტერვიუა მოცემული, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატები “კორვირანტი” და “ანტიკორი”, როგორც Covid-19-ის სამკურნალოდ, ასევე პრევენციისთვის შეიძლება გამოიყენო.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ ეს ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია მკითხველისთვის, რადგან COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ან საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.