ქარტია გმობს ჟურნალისტის უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტს
29.10.2020
დღეს, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბრის დეტალები. ჟურნალისტის განმარტებით, ასეთი სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მას უსმენენ.

ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.