23.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ქარტიის
პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას დავით ამირეზაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 06 ივლისს გავიდა და ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციას ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში მოყვანილი ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები გადასახადებს არ იხდიან, არასწორია და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ქმნიდა ნეგატიურ განწყობას.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეორე (ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ ამ ნაწილებზე საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.