ნათია ლაზაშვილმა ქარტიის პრინციპები დაარღვია
15.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ლაშა ჯანიბეგაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ”დადანაშაულებული ადვოკატი - ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა კურიერში, 2021 წლის 05 იანვარს გავიდა.

საბჭომ მიიჩნია რომ გავრცელებული ინფორმაცია სათანადო წესით არ იყო გადამოწმებული.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია. ამასთან, არ დადგინდა დარღვევა ჟურნალისტ ლუკა ხაჩიძის მიმართ, რომლის მიმართაც ასევე ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შენიშვნა: 2021 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაცია შესწორდა, კერძოდ, მითითებული იყო, რომ პრინციპები დაარღვია ნათია ლაზაშვილმა და ლუკა ხაჩიძემ, შესწორების შედეგად დაზუსტდა, რომ პრინციპის დარღვევას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ნათია ლაზაშვილის მხრიდან. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.