მოვუწოდებთ შსს-ს დროულად გამოიძიოს „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი
09.04.2021

კატეგორია : განცხადებები;

ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტები, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს. 

2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა. 

2021 წლის 6 მარტს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.

2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.