საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ონლაინ მედიასაშუალება KutaisiToday.ge-ს რედაქტორმა ბუბა ჩივაძემ ქარტიის
პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად
ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას მოქალაქე შოთა შალამბერიძემ მომართა.
სადავო იყო აღნიშნული მედიასაშუალების მიერ Facebook გვერდზე
გაზიარებული კერძო პირის Facebook სტატუსი.
ქარტიის საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტად არ მიიჩნევს ინფორმაციას,
რომელიც გავრცელდა როგორც პერსონალური მოსაზრება, ან გამოქვეყნდა
პირადი ანგარიშით. მაგალითად, თუ ჟურნალისტი თავისი პირად Facebook
გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, ეს არ ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად,
მაგრამ, თუ იმავე სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება/ზიარდება საინფორმაციო
საშუალების სახელით, ეს შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს განხილვის
საგანი. მედია სწორედ იმით გამოირჩევა, რომ იგი პოზიციონირებს, როგორც
ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალება, ასეთად აღიქმება საზოგადოების
მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების
უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.
განმცხადებლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მამამისის
თანამდებობის და თითქოს, მის მიერ ჩატარებული ღონისძიების შესახებ,
სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მიზნად ისახავდა მისი ოჯახის
დისკრედიტაციას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.