ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ ქარტიის პრინციპები დაარღვიეს
15.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას შპს ”ბევრილი ჯგუფმა” მომართა. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში, საავტორო გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2020 წლის 24 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ეთერში გასული მასალა შეიცავდა უსაფუძვლო ბრალდებებს ,,ბევრილი ჯგუფის“ მიმართ და გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ძირითადად, სადავო იყო ეკუთვნოდა თუ არა "ბევრილი ჯგუფი" პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანს და იყო თუ არა ეს კომპანია ხორბლის ბაზარზე მონოპოლისტი. ბევრილი ჯგუფის კუთვნილებასთან დაკავშირებით საბჭომ ქარტიის პრინციპები დარღვეულად არ მიიჩნია, რაც შეეხება ბაზარზე მონოპოლიას, საბჭოს შეფასებით ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები რომ ეს ფაქტი მტკიცებით ფორმაში მიეწოდებინა მაყურებლისათვის.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.