29.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეარხ “რუსთავი 2-ის”, გადაცემა “ღამის კურიერის” წამყვანებს, დავით
კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილს ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის
პრინციპი არ დაურღვევიათ.მათ წინააღმდეგ ქარტიას სალომე კვირიკაშვილმა, მარიამ ქრისტესიაშვილმა, კესო ქარდავამ და იაგო შაკაიამ მომართა.
განმცხადებლების განმარტებით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას გამოიყენა ოჯახში ძალადობის შემთხვევის ანალოგია. განმცხადებლების პოზიციით, შედარება იყო შეუსაბამო და აძლიერებდა ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებულ არასწორ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ წამყვანს არ დაუსვამს დამაზუსტებელი შეკითხვები და არც ნათქვამის განმარტება უთხოვია სტუმრისათვის.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.