ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში
16.07.2021

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ასევე, აჭარის მთავრობა არ თანამშრომლობს და ინფორმაციას არ აწვდის გარკვეულ მედიასაშუალებებს.

დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის - შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება.  მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო. 

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.

ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და აღადგინოს მაუწყებლებთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი.

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.