მარიამ გოგოსაშვილი ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს
21.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ მარიამ გოგოსაშვილი მეორე ვადით აირჩია. მან საბჭოს წევრთა 5 ხმა მიიღო. გასაუბრება 15 თებერვალს გაიმართა.

ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 12-მა ადამიანმა გამოხატა. ნაწილის განცხადებები არასრული იყო, ხოლო ნაწილის — დაგვიანებული. საბოლოოდ, გასაუბრებაზე საბჭომ ორი კანდიდატი დაიბარა, რომელთაგან ხმების უმრავლესობა მარიამ გოგოსაშვილმა მიიღო. 

მარიამ გოგოსაშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2020 წლის 2 მარტს გახდა. ქარტიის წესდების თანახმად, აღმასრულებელ დირექტორს სამი წლის ვადით კონკურსის წესით ნიშნავს საბჭო.  

მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მანამდე, 2012-2013 წლებში, ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით. მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.