ქარტიის სამდივნომ სოფელ აცანაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის (რწმუნებულის) იზა მათითაიშვილის განცხადება “მთავარი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
31.08.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სოფელ აცანაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, რწმუნებულმა იზა მათითაიშვილმა, განცხადებით მომართა “მთავარი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.
 
სადავო მედიაპროდუქტი რამდენიმეა:
 
1. ”სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 27 ივლისი 18:00 სთ.-იანი “მთავარი”
2. ”სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ”  28 ივლისი 12:00 სთ.-იანი “მთავარი”
3. ”სამსახური იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 6 აგვისტო 21:00 სთ.-იანი “მთავარი”
 
ისინი ეთერში 27 და 28 ივლისსა და 6 აგვისტოს გავიდა და ეხებოდა განმცხადებლის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის შესაძლო ბოროტად, პირადი ინტერესებისთვის, გამოყენებას.
 
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. 
 
განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტებს არცერთ მათ მიერ გაშუქებულ ფაქტზე არ უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება და აღნიშნული სიუჟეტები ემსახურებოდა მხოლოდ იზა მათითაიშვილის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას. 
 
მოპასუხე მედია საშუალებამ ქარტიის სამდივნოს არ აცნობა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების/რედაქტორების ვინაობა. შესაბამისად, სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტებად  განისაზღვრნენ სიუჟეტის ავტორებად მითითებული პირები: ირაკლი ბახტაძე; თეა ვაშალომიძე; რისმაგ ხოზრევანიძე; მიშა იაშვილი და “მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები.
 
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.