ქარტია "ბათუმელების" რედაქტორის მიმართ ანგარიშსწორებაზე შსს-გან რეაგირებას ითხოვს
17.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან ონლაინგამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის მიმართ ანგარიშსწორება და მუქარა.

დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ეთერ თურაძესთან გრიგოლ ბესელია მივიდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან, სადაც დემონსტრანტები აქციას მართავდნენ და მედიაც მუშაობდა.

ამ ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეთერ თურაძის მიმართ აგრესიას გამოხატავს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც, რომელიც “ბათუმელებს” არაერთხელ ჰყავს მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში. პოლიციის უფროსი ონლაინგამოცემის რედაქტორს უხეშად და უპატივცემულოდ მიმართავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილია, რომ ირალი დგებუაძე ეთერ თურაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა.

პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, „პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.“

ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.