სიახლეები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი. მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება და თავდამსხმელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.

16.03.2023

2023 წლის 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ძალადობრივი ჯგუფის, კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი.

15.03.2023


2023 წლის 14 მარტს „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანა მონგაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კორესპონდენტი, საშა შვედჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვარზე დეპორტაციის ცნობა მისცეს. 

  • ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება კორესპონდენტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს, შეასრულოს პროფესიული მოვალეობა. 
  • ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. ამის შესახებ ქარტიას არაერთი განცხადება გაუკეთებია. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს საქართველოს და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ. 

14.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ნინი ტაველიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „საქართველოს ძიძების ასოციაციაა”

სადავო მასალა 2023 წლის 5 მარტს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე),  მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

14.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 მარტს სამ საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ცოტნე გეგეჭკორის და POSTV-ს წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 12 თებერვალს, ხოლო „POSTV"-მ 2023 წლის 9 თებერვალს გააშუქა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს და არ გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ პატივისცემა, რათა გაეშუქებინათ ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი ორივე შემთხვევაში დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:30 საათზე - გიორგი ბადრიძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 22 თებერვალს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

10.03.2023
2023 წლის 9 მარტს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის, საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური დაზიანების არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია აქციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაუშვას ჟურნალისტებზე ძალადობა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა მისი წარმომადგენლების მხრიდან და მიიღოს ეფექტიანი ზომები მედიის უფლებების დასაცავად.
 
09.03.2023
2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
 
სამართალდამცავმა უწყებებმა იძალადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:
  • „ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, ჩაარტყა წიხლი და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ პრესის წარმომადგენელი იყო.
  • სპეცრაზმმა „პუბლიკის” ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. 
  • ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.  
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
  • ფიზიკურად იძალადეს „მედიაჩეკერის” რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს. 
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტ ნიკა საჯაიზე.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „გურიანიუსის" ჟურნალისტს მერაბ ცაავას. 
(სია განახლებადია)

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.  

მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. 
 
09.03.2023
2023 წლის 5 მარტს, პუბლიკასა და ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების ნაწილს შეუჩერდა პარლამენტში აკრედიტაცია. მედიების ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 2 მარტს გამართული რუსული კანონის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ჟურნალისტების ნაწილი, რომლებსაც აკრედიტაცია შეუჩერეს, პარლამენტში რუსულ კანონს აპროტესტებდა, ნაწილი კი ამ საკითხს აშუქებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 6 მარტის კვირაში აპირებს პარლამენტი, განიხილოს რუსული კანონები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
 
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივი სცეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია. 
 
ამასთან, ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტში 1 მარტიდან ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესი, რომლის გაუქმებისკენაც ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მოუწოდა.
 
05.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2023-1

2023 წლის 27 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 630] მომართა ირინე თვარაძემ მედიასაშუალება ამბები - Ambebi-ს (presa.cc) წინააღმდეგ. 
  2. განცხადებით სადავო იყო 2023 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა, სათაურით „მარიტას მეგობარი ახლახანს ტრაგიკულად დაიღუპა.." - ნახეთ უმძიმესი ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება”. აღნიშნული ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ ბიჭს. მასალაში ეწერა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ის ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილის მეგობარი იყო. განმცხადებლის პოზიციით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
  3. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მედიასაშუალებისთვის განცხადების მიწოდების შემდეგ მედიასაშუალებასა და განმცხადებელს შორის დაიწყო მედიაციის პროცესი.
  4. 2023 წლის 23 თებერვალს მედიასაშუალებამ მასალა წაშალა. თავის მხრივ, განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
  5. წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით ირინე თვარაძის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.


03.03.2023

2023 წლის 27 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტთა ნაწილი შენობაში შესვლას ოპოზიციური დეპუტატების მიერ დაშვებული საშვებით ცდილობდა, თუმცა აღნიშნული საშვები გააუქმეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — 2023 წლის 20 თებერვალს, რუსული კანონის პირველი ვერსიის ბიუროზე დარეგისტრირების დროსაც, მედიის წარმომადგენლებს დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხა. დღეს კი აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენების საშუალებაც არ მისცეს. 

ქარტია კიდევ ერთხელ გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

ამასთან, არ ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ქარტიის წარმომადგენლები პარლამენტში კანონის დარღვევით აპროტესტებდნენ რუსულ კანონს. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო მოსაზრების დაფიქსირება/პროტესტი უმრავლესობის მხრიდან რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ ქარტია მუდამ იდგება ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების გვერდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღების შემდეგ დახურვა ემუქრებათ.

ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო  საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.


ფოტოზე არიან ჟურნალისტები, ვინც აპირებდნენ ბიუროს სხდომის პარალელურად კანონპროექტის გაპროტესტებას, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს.


27.02.2023
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
 
მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. 
 
ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები -   დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. 
 
ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.   
 
ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას. 
 

თბილისი:

  1. netgazeti.ge
  2. პუბლიკა (publika.ge)
  3. ინდიგო
  4. სტუდია მონიტორი
  5. queer.ge
  6. dev.ge
  7. On.ge
  8. აბულა
  9. სამოქალაქო საქართველო - civil.ge
  10. მედიაჩეკერი
  11. პროექტი 64
  12. Chai Khana media
  13. Ufleba.ge
  14. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” 
  15. მედია ჰოლდინგი კომერსანტი
  16. OC Media
  17. მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
  18. ჯემნიუსი (jam-news.net)
  19. ონლაინ გამოცემა sova.news
  20. რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
  21. “მთის ამბები” - mtisambebi.ge
  22. საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge
  23. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
  24.  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  25. რადიო თბილისი
  26. მთავარი არხი
  27. აქცენტი (accentnews.ge)
  28. Media.ge
  29. Click media - ქლიქმედია
  30. FirstNews.ge

შიდა ქართლი:

  1. ქართლის ამბები (qartli.ge)
  2. გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
  3. TV მედიამონიტორინგი
  4. "ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge / feminism.ge
  5. დია
  6. ნეო ტვ - neotv.ge

ქვემო ქართლი:

  1. სათემო რადიო "მარნეული"
  2. ქალთა სათემო რადიო ww
  3. ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
  4. მარნეული TV
  5. რადიო ბოლნელი
  6. TV4

სამცხე-ჯავახეთი:

  1. სათემო რადიო "ნორი", nor.ge
  2. ტელეკომპანია “ბორჯომი”,  borjomi.tv
  3. მეცხრე არხი
  4. სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
  5. მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
  6. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, jnews.ge
  7. TOK TV

აჭარა:

  1. Batumelebi.ge
  2. TV 25
  3. რადიო ციტრუსი

სამეგრელო:

  1. ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა"
  2. რადიო ათინათი
  3. კოლხეთი 89
  4. ეგრისი TV
  5. რადიო ოდიში +
  6. ჰარმონია
  7. TV ოდიში 

კახეთი:

  1. კახეთის ხმა, knews.ge
  2. საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", speqtri.ge
  3. პანკისის სათემო რადიო
  4. თანამგზავრი TV
  5. რადიო ჰერეთი

იმერეთი:

  1. “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
  2. რიონი TV
  3. იმერვიზია TV
  4. მეგა TV
  5. TV  ზარი
  6. რადიო რიონი
  7. რადიო ზარი
  8. ჩემი ხარაგაული

გურია:

  1. გურია TV
  2. გურია ნიუსი
  3. გურიის მოამბე

მცხეთა-მთიანეთი:

    76. აგროგარემო TV

/სია განახლებადია/

27.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 მარტს ერთ  საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტების დავით ქაშიაშვილის, თამარ ბაღაშვილის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ  

სადავო მასალა 2023 წლის 4 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად, არაობიექტურად და მიკერძოებულად გაშუქდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

26.02.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.