სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი ბადრიძე

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 22 თებერვალს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

26.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია საქართველოს უნივერსიტეტი

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 12 თებერვალს, ხოლო „POSTV"-მ 2023 წლის 9 თებერვალს გააშუქა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს და არ გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ პატივისცემა, რათა გაეშუქებინათ ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი ორივე შემთხვევაში დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

23.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ მარიამ გოგოსაშვილი მეორე ვადით აირჩია. მან საბჭოს წევრთა 5 ხმა მიიღო. გასაუბრება 15 თებერვალს გაიმართა.

ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 12-მა ადამიანმა გამოხატა. ნაწილის განცხადებები არასრული იყო, ხოლო ნაწილის — დაგვიანებული. საბოლოოდ, გასაუბრებაზე საბჭომ ორი კანდიდატი დაიბარა, რომელთაგან ხმების უმრავლესობა მარიამ გოგოსაშვილმა მიიღო. 

მარიამ გოგოსაშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2020 წლის 2 მარტს გახდა. ქარტიის წესდების თანახმად, აღმასრულებელ დირექტორს სამი წლის ვადით კონკურსის წესით ნიშნავს საბჭო.  

მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მანამდე, 2012-2013 წლებში, ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით. მას აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.

21.02.2023
საქართველოში მოქმედი 200- ზე მეტი სათემო, საზოგადოებრივი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია და მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო  საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. 

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროებთ. 

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს,  მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს.  ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

21.02.2023

2023 წლის 20 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

ქარტიის ინფორმაციით, მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, მედიის წარმომადგენლებზე პარლამენტში დაუშვეს ერთჯერადი საშვები, თუმცა მოგვიანებით რაოდენობა შეზღუდეს და პარლამენტში შესვლის საშუალება ერთი მედიიდან მხოლოდ 2-3 ჟურნალისტს მისცეს. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხეს. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს ასევე უფლება არ მისცეს შეეტანათ პროტესტის გამომხატველი მესიჯების მატარებელი ფურცლები.

ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ხელი შეუწყონ ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობას პარლამენტში, არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც.

ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროქტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო  საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. 

 



20.02.2023

2023 წლის 20 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რუსი ჟურნალისტი, „რადიო Armazas”-ის დამფუძნებლი ფილიპ ძიადკო არ შემოუშვეს. 

მედიაჩეკერი წერს, რომ ჟურნალისტის ძმის ტიხონ ძიადკოს თქმით, რომელიც რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ის რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.

  • 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი.
  • 2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. 
  • 2021 წლის 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს. 

20.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 თებერვალს ორ საქმეს ონლაინ განიხილავს: 

17:00 საათზე - ეკა ჭოლოკავა „იმედი ნიუსის" და ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა ორ წყაროსთან და არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის  ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

16.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტების დავით ქაშიაშვილის, თამარ ბაღაშვილისა და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სადავო მასალა 2023 წლის 4 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად, არაობიექტურად და მიკერძოებულად გაშუქდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის  ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

08.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” და „იმედი ნიუსის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ეკა ჭოლოკავა. 

სადავო მასალა 2023 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა ორ წყაროსთან და არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის  ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.02.2023
2023 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აღნიშნული რეგულაცია დღეიდან, 7 თებერვლიდან, შედის ძალაში.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა. მით უფრო, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ, აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებებს. 

აკრედიტაციის წესის თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, მითითებულია შემდეგი:
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.
  • ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
გარდა ამისა, ახალი წესის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი “ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან” გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება. თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება “სპეციფიკური” ან როგორ განისაზღვრება “უსაფრთხოების რეჟიმი”. შესაბამისად, ეს ქმნის საფრთხეს, რომ მედიის შეზღუდვის მიზნით, პარლამენტის აპარატმა ჩანაწერი შეიძლება განმარტოს თავისი შეხედულებისამებრ.

ამ და სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში — 6 თვით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება. 

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა  ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.
 
07.02.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 თებერვალს ერთ საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - თამარ ჯიშკარიანი Primetime-ს ჟურნალისტის მირანდა ტყემალაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა მისი ფოტო გამოიყენა ისე, რომ არ მიუთითა ავტორი. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის  ქარტიის მეხუთე (შესწორება), მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) და მეთერთმეტე (პლაგიატი) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

06.02.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2023 წლის 2 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას, ქალაქ ოზურგეთში კრიტიკული ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლში დროის მცირე მონაკვეთში უცხო პირის/პირების უკანონო შეღწევის ფაქტებს.

ნატო გოგელიას განცხადებით, პირველი შემთხვევა რიგითი კრიმინალური ფაქტი ეგონა, რადგან სახლიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს, მათ შორის მეხსიერების ბარათი. თუმცა, მეორე შემთხვევის დროს ღირებული არაფერი წაუღიათ, მაგრამ სახლი დაარბიეს. ჟურნალისტის შეფასებით, მსგავსი შემთხვევა ჩვეულებრივ ქურდობას არ ჰგავს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის სახლში უკანონო შეღწევის ფაქტები. ქვეყანაში არსებული მძიმე მედია მდგომარეობის ფონზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება და დადგენა, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები ჟურნალისტის საქმიანობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოძიების შედეგების შესახებ ჟურნალისტისა და საზოგადოების დროული ინფორმირება.

 

03.02.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.