საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ TV 12-ის ჟურნალისტის, ჯემალ მეგრელიძის წინააღმდეგ, განცხადება დასაშვებად ცნო.
სადავო გადაცემა 2022 წლის 14 ივნისს გავიდა ეთერში.
განმცხადებელი მზია სალვარიძის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად და ცალმხრივად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 ივნისს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - კრისწი ლაბაძე და დავით ნოზაძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა „პრაიმ ჰაუსი”, 2022 წლის 28 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო გადაცემაში ქალის მიმართ დისკრიმინაციული ენა იყო გამოყენებული.
განმცხადებლები თვლიან, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
19:00 საათზე - სოლიდარობის თემი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნათია თავდგირიძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 14 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, რეპორტაჟში გასული ინფორმაცია არაზუსტია და ფაქტები მაყურებლისთვის მანიპულაციურად არის მიწოდებული. მასალის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და ქართველი მუსლიმების მიმართ სიძულვილსა და არატოლერანტობას რელიგიური ნიშნით აღვივებს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 19 ივნისს, ბათუმში, სამუშაო პროცესის დროს „TV პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც „TV პირველის" ოპერატორი ღამის ეთერში რესპონდენტის ჩასართავად ემზადებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ოპერატორს თავდაპირველად ჰკითხეს, წარმოადგენდა თუ არა ის „TV პირველს”, შემდეგ შეაგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოწმეების თქმით, მედიის წარმომადგენელი ხუთამდე ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გახდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.
2022 წლის 19 ივნისს ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა. დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის შეშფოთებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის ირგვლივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილთან აკავშირებენ.
მსგავს რიტორიკას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და წარმოადგენს საფრთხის შემცველ დეზინფორმაციას, რომელიც ომის შიშით მანიპულირებს და საქართველოს მოქალაქეების დასავლური არჩევანის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. სწორედ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია დასავლურ არჩევანზე „პრაგმატულად“ უარის თქმა და 2008 წლის ომის შემდეგ „ახალ რეალობასთან მორგების“ აუცილებლობაში ჩვენი საზოგადოების დარწმუნება.
ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რომლის მიღწევისთვის ჩვენს საზოგადოებას დიდი ფასი აქვს გადახდილი. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობიერებულად ასოცირდება ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, დემოკრატიულ განვითარებასა და - რაც მთავარია - თავისუფლებასა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასთან. მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი ჩვენი ეროვნული ამოცანის - თავისუფლებისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.
დაუშვებელია დასავლური ღირებულებების აღრევა, მიზანმიმართულად დამახინჯება და მოსახლეობისთვის მცდარი სახით მიწოდება. აღნიშნული ტენდენცია საქართველოში განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფების მიერ. თუმცა დღეს - უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობის ფონზე - მედია წყაროებისა თუ მმართველი ჯგუფებისგან პოლარიზების, მცდარი ინფორმაციის ინიცირების, წახალისებისა და მხარდაჭერის ფაქტები განსაკუთრებით დამაზიანებელია. „ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა და განცხადებები ხშირად არაზუსტი და დეზინფორმაციულია. ამგვარი განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის ურყეობას.
საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ცხადი და პირდაპირი გზავნილებით მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებისკენ.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა არ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ, ვიწროპარტიული ამოცანების მისაღწევად და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და უარი თქვას რიტორიკაზე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს.
როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.
მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგები ჩატარდება Frontline Georgia-ში. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს, რომლებიც თბილისში მუშაობენ/სწავლობენ.
ტრენინგს 2022 წლის 14-15 ივნისს ონლაინმედია „პუბლიკას” რედაქტორი თათია ხალიანი, ხოლო 2022 წლის 17-18 ივნისს ონლაინმედია „ნეტგაზეთის" რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ჩაატარებს.
რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3mCBBBb
პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ივნისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივნისი 18:00 საათი.
ქარტია გააგრძელებს აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სხვადასხვა ტრენერის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.
ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნათია თავდგირიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო.
გადაცემა „ერთი დღე სოფელში" 2022 წლის 14 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და ქართველი მუსლიმების მიმართ სიძულვილსა და არატოლერანტობას რელიგიური ნიშნით აღვივებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 ივნისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - გიორგი ბახტურიძე „მთავარი არხის" ჟურნალისტის ნანი სისვაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა სათაურით „400 ათასი ლარი თამბაქოს კონტროლისთვის | რაში ხარჯავს "ოცნება" ბიუჯეტს - საეჭვოდ მოგებული ტენდერი”, მედიასაშუალების ეთერში 2022 წლის 21 მარტს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სამი განცხადება დასაშვებად ცნო.
განმცხადებლები, კრისწი ლაბაძე და დავით ნოზაძე ქარტიის მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევენ რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსში”, რომელიც 2022 წლის 28 მაისს გავიდა ეთერში. ხოლო განმცხადებელი ფონდი „ფემინა” დარღვეულად მიიჩნევს მე-7 პრინციპს 2022 წლის 1 ივნისს გასულ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი”.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „პრაიდ კვირეული“ თბილისში 28 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დასრულდება. ულტრარადიკალური ჯგუფები, შარშანდელის მსგავსად, ახლაც იმუქრებიან, რომ აპირებენ კვირეულისთვის ხელის შეშლას.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველი განცხადებები.
ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.
მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია და დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს: