გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ვასილ ცინაძე თამთა ონოფრიშვილის წინააღმდეგ
04.12.2018

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 9 პრინციპი;
გადაწყვეტილება

17 ნოემბერი 2018 წელი

საქმეზე N 226

ვასილ ცინაძე თამთა ონოფრიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თამარ უჩიძე, თეა ზიბზიბაძე, მაია მერკვილაძე, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: ვასილ ცინაძე

მოპასუხე: თამთა ონოფრიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ვასილ ცინაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2018 წლის 07 სექტემბერს ვებსაიტზე primetime.ge თამთა ონოფრიშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში QNET ლეგალური ბიზნესია და ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს დაირღვა ქარტიის 1 -ლი და მე-9 პრინციპი.

საქმის განიხლვას დაესწრო განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. ამასთან, საბჭოს კითხვებს სატელეფონო კავშირის საშულებით უპასუხა “პრაიმ ტაიმის” რედაქტორმა მირიან ბოქოლიშვილმა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-9 პრინციპის თანახმად “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან”. საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დაუკავშირდა “პრაიმ ტაიმის” რედაქტორს მირიან ბოქოლიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ ჟურნალისტური მასალა მომზადდა როგორც სარეკლამო მასალა. შესაბამისად, ვინაიდან სადავო სტატიაში არ იყო მინიშნება, რომ იგი იყო სარეკლამო, დაირღვა ქარტიის მე-9 პრინციპი, რომელიც ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვისათვის აუცილებლად მიიჩნევს, რომ სარედაქციო მასალები მკვეთრად გაიმიჯნოს სარეკლამო მასალებისაგან, მით უმეტეს თუ მასში ხდება კონკრეტულ ფაქტებზე მითითება, ვინაიდან ასეთი მასალა ყველაზე მეტად ჰგავს ჟურნალისტურ პროდუქტს და არსებობს იმის ალბათობა, რომ მასალაში ფაქტები არ იყოს ზუსტი.

გადაწყვეტილებაში, საქმეზე გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, საბჭომ აღნიშნა, რომ “თუ მედია საშულება გადაწყვეტს, საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყოს მითითება იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა. მკითხველს/მსმენელს აქვს მოლოდინი რომ მედია საშუალებით გამოქვეყნებული მასალის შინაარსი ასახავს ავტორი ჟურნალისტის ძალისხმევას, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია და თუ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ ატარებს სხვა პირის ინტერესს, ამის შესახებ ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, კერძოდ მითითებული უნდა იყოს რომ ინფრომაციაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა და უნდა აღინიშნოს ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება”.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.” ვინაიდან დადასტურდა, რომ სადავო სტატია იყო სარეკლამო მასალა, თავდაპირველად ქარტიის საბჭოს უნდა შეეფასებინა, მასზე უნდა გავრცელებულიყო თუ არა სარედაქციო პასუხისმგებლობა სიზუსტესთან დაკავშირებით. რადგანაც დადგინდა, რომ სადავო სტატიაში არ იყო მინიშნება მისი სარეკლამო ხასიათის შესახებ და მკითხველის მიერ აღიქმებოდა როგორც ჟურნალისტური პროდუქტი, ქარტიის საბჭომ სადავო ტექსტი განიხილა ჟურნალისტურ პროდუქტად და იმსჯელა იმაზე თუ რამდენად იყო დაცული სტატიაში ეთიკური პრინციპი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ძირითად წარმოადგენს QNET-ის დირექტორის იურიდიულ საკითხებში ტიმ ჰარნის და QNET-ის ოპერაციების უფროსის დსთ-ს სივრცეში ბატირ კომურზოევის შეფასებებს QNET-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც ისინი დადებითად აფასებენ QNET-ის მოღვაწეობას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე აღნიშნული პირი დაინტერესებული მხარე იყო, მათი პოზიცია შეაფასა თავად ჟურნალისტმა და სტატიის სათაურში დადასტურებული ფაქტის სახით გამოიტანა ინფორმაცია “QNET ლეგალური ბიზნესია და ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს” [აღნიშნული ფრაზა არ წარმოადგენდა ტიმ ჰარნის ან ბატირ კომურზოევის ციტატას].

სტატიის პირველი აბზაციც წარმოდგენილია როგორც ჟურნალისტის მიერ გადამოწმებული ფაქტი, სადაც ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ QNET-ი არ არის ფინანსური პირამიდა. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თავად ჟურნალისტმა გამოიკვლია QNET - ის საქმიანობა და ამ დასკვნადე მივიდა. პირველი აბზაცი: “ფინანსურ პირამიდას ლეგალური ბიზნესისგან ორი მთავარი ფაქტორი გამოარჩევს. პირველი: პირამიდაში თქვენ დებთ ფულს და არაფერს არ ყიდულობთ, თუმცა, გარწმუნებენ, რომ აუცილებლად მიიღებთ დივიდენდებს. QNET კი ონლაინ სავაჭრო ქსელია. თქვენ ინტერნეტის საშუალებით იხდით ფულს და ყიდულობთ პროდუქტს. თანაც ექსკლუზიურ პროდუქტს, მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო ლიცენზიების მქონეს. მეორე, ფინანსურმა პირამიდამ შესაძლოა, მხოლოდ ერთი წელი გასტანოს ბაზარზე, შემდეგ ის იშლება. QNET კი უკვე 20 წელია, მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე ოპერირებს, საქართველოში მეოთხე წელია, ბიზნესს ავითარებენ.ასე რომ, QNET ლეგალური ბიზნესია და არა ფინანსური პირამიდა”.

სტატია არ შეიცავს ინფორმაციას თუ რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს აღნიშნული კომპანიის მიმართ, მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები “რომ საქართველოში სოციალურ ქსელში ზოგიერთი იუზერი წერდა, თითქოს მან მიიღო ზარალი QNET-გან”. ამის საპირისპიროდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით QNET-ს არა ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს. როდესაც ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე ეკა ბესელია ეკა გაგუას წინააღმდეგ მოიძია ინფორმაცია QNET-თან დაკავშირებით, კერძოდ „QNET-ით“ უკმაყოფილო პირები არა მხოლოდ საქართველოშია, რამდენიმე ქვეყანამ [აშშ, სინგაპური, შრი - ლანკა, მალაიზია და ა.შ] სხვადასხვა სახით შეზღუდა ან აკრძალა აღნიშნული კომპანიის საქმიანობა. თავად საქართველოშიც არაერთი ჟურნალისტური მასალა მომზადდა QNET-თან დაკავშირებულ უარყოფით გამოხმაურებებზე, რომელთა შესახებ ბმულებიც ასევე განცხადებაშიც იყო მითითებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან სტატიაში მითითებული ინფორმაციები ეყრდნობოდა მხოლოდ ერთ დაინტერესებულ წყაროს, არ იყო გადამოწმებული, არ შეიცავდა იმ მხარეთა პოზიციებს რომლებსაც აქვთ/ჰქონდათ პრეტენზია QNET-თან, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
  • თამთა ონოფრიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-9 პრინციპი.
საქმის მასალები