გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მარიამ ჯიქია newposts.ge, news.coa.ge და alia.ge არა იდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
14.02.2019

განმცხადებელი : მარიამ ჯიქია;
მოპასუხე : არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

გადაწყვეტილება

27 იანვარი 2019 წელი


საქმე N 245

მარიამ ჯიქია newposts.ge, news.coa.ge და alia.ge არა იდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი სულაძე

განმცხადებელი: მარიამ ჯიქია

მოპასუხე: newposts.ge, news.coa.ge და alia.ge არა იდენტიფიცირებული ჟურნალისტები

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ ჯიქიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის პირველი, მესამე და მე - 7 პრინციპი დაირღვა:

  • ვებსაიტზე newposts.ge გამოქვეყნებულ სტატიაში "ფოკელებმა თანასოფლელის სახლი და მანქანები გადაწვეს, ცეცხლის გარშემო შეიკრიბნენ, ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ"
  • ვებსაიტზე news.coa.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში „გამაოგნებელი ფაქტი ჯავახეთი და ფოკა განსაცდელშია. გათამამებულმა სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლი გადაწვეს“
  • ვებსაიტზე alia.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში "ჯავახეთი და ფოკა განსაცდელშია. გათამამებულმა სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლი გადაწვეს...“

სამივე სადავო მასალა იყო იდენტური შინაარსის და შესაბამისად მათ მიმართ ქარტიის საბჭომ მიიღო ერთი გადაწყვეტილება. საბჭოს სამდივნომ ასევე მიმართა მედიასაშუალებებს, რომ ეცნობებინათ სადავო სტატიებზე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სამივე სადავო მასალა იყო სოციალური ქსელ FACEBOOK-ში მოხმარებელ თამარ ჩიქოვანის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის კოპირება. პირველ რიგში საბჭო ხაზს უსვამს, რომ პოსტის უცვლელი კოპირება და ავტორის მითითება არ გამორიცხავს მედიასაშუალების სარედაქციო პასუხისმგებლობას. როგორც გადაწყვეტილებაში, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ“ საბჭომ აღნიშნა „როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას. ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს [არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, დისკრიმინაციის თავიდან არიდება ა.შ]. სწორედ მედიასაშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად“.

სადავო მასალა ეხებოდა სოფელ ფოკაში მომხდარ ინციდენტს, სადაც პირთა ჯგუფმა საცხოვრებელი სახლი გადაწვა. მასალაში ასევე მითითებულია სხვა ფაქტობრივი გარემოებები „დიდიან პატარიანა ამ აგიზგიზებული სახლის გარშემო შეიკრიბნენ და ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ“, „სახანძრო მანქანები სოფელში არ შეუშვეს“, რომელთაგანაც არც ერთი არ არის გადამოწმებული, ასახავს მხოლოდ ერთი კერძო პირის სუბიექტურ შეფასებას. ასევე მითითებულია, რომ „მეორე დღეს გათამამებულმა სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლები გადაწვეს“, შთაბეჭდილება იქმნება რომ სახლის გადაწვას რელიგიურ-ეთნიკური საფუძველი აქვს. არც ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული ეს მაშინ, როცა სხვა მედიასაშუალებებმა განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელეს. თავად საპატრიარქოც ადასტურებს, რომ მომხდარ ფაქტს რელიგიური საფუძველი არ ჰქონდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებამ ვერ მიიღო ზუსტი ინფორმაცია, შესაბამისად დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” განმცხადებელი მიუთითებდა რომ „ფაქტებზე მოპასუხე მხარის პოზიციის დაფიქსირებისგან თავის არიდებით დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი“. საბჭო აღნიშნავს, რომ მეორე მხარის პოზიციის გარეშე, ამბის ცალმხრივად გაშუქებით ირღვევა ქარტიის პირველი და არა მესამე პრინციპი. მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლებოდა თუ დადგინდებოდა რომ ჟურნალისტმა იცოდა მომხდარი ფაქტის შესახებ სხვა ინფორმაციაც, მაგრამ მან ეს ინფორმაცია არ მიაწოდა მკითხველს - მიჩქმალა.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სტატიაში რამდენჯერმე ხაზგასმულია იმ პირების ეთნიკურობა, რომლებაც სავარაუდოდ სახლი გადაწვეს „გათამამებულმა სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლები გადაწვეს“, „ეს სომხები საქართველოს ზუსტად ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან“ , ამასთან ქმედებები შეფასებულია როგორც საფრთხე მთლიანად საქართველოსათვის „ამაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია მთელი საქართველოს წინაშე“ „ჯავახეთი კიდევ ერთხელ განსაცდელშია! გადის საქართველოს სახელმწიფოს კონტროლიდან“. საერთო ჯამში სტატია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეთნიკურად სომეხი პირების „დაუსჯელობა“ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს ჯავახეთში და მათ შორის სოფელ ფოკაში. სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი სახეზე იყო კრიმინალური ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც საფუძვლად არ ედო ეთნიკური ან რელიგიური შუღლი. ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით ჟურნალისტმა დანაშაულს არ უნდა დაუკავშიროს ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობა, არ უნდა ახსენოს სავარაუდო დამნაშავის ეთნიკური წარმომავლობა თუკი სავარაუდო დანაშაულის მოტივი არ არის ამ ეთნიკური იდენტობის საფუძველზე წარმოქმნილი შუღლი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1.  newposts.ge, news.coa.ge და alia.ge არა იდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე -7 პრინციპი.
  2. newposts.ge, news.coa.ge და alia.ge არა იდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მე - 3 პრინციპი.