18.04.2024

18 აპრილს რადიო „ნორის“ ჟურნალისტი მარტინ აროიანი ქალაქ ნინოწმინდის მერიაში არ შეუშვეს.  ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც მას საკითხის ამომწურავად გაშუქებაში დაეხმარებოდა. როდესაც ჟურნალისტმა მიზეზი იკითხა, დაცვამ მას უთხრა, რომ ასეთი ბრძანება აქვს მიღებული. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო „ნორის“ ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ  შეუშვეს. დღის ბოლომდე შენობაში ვერ შევიდნენ ჟურნალისტები 11 აპრილსაც. მათ სურდათ, შენობაში მიმდინარე სისხლის დონაციის პროცესი გაეშუქებინათ.  მოგვიანებით ჟურნალისტებს მერის მოადგილე შეხვდა და განუმარტა, რომ, როცა მათ მერიაში შესვლა სურთ, ამის თაობაზე ისინი წინასწარ  PR-ის სამსახურს უნდა შეუთანხმდნენ. 11 აპრილს ჟურნალისტებმა საბოლოოდ შეძლეს სისხლის დონაციის პროცესის გაშუქება.  

ქარტია მოუწოდებს ნინოწმინდის მერიას, ჟურნალისტებს საჯარო შენობაზე წვდომა არ შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჟურნალისტი აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან  საკითხებს, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს და ყოველდღიურობას ეხება.    

17.04.2024

2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების „პუბლიკის" ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემესაპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, და “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო. 

ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.




15.04.2024

15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14  აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული  ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ. 

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ე.წ „ყვითელი დონის“ პირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ. 

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.  

08.04.2024

ჩვენ, ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განაახლოს.

რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი. რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემოგოგიით.

ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.

ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგინოს.

წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ ჩვენი ვებ გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ ვიქეცით.

წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ქართული დამოუკიდებელი მედია მუდმივად გრძნობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთა წვლილი საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში შეუფასებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი.

საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ გამოხატეს, უკვე მეორედ, თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ დამაზიანებელ და მავნებლურ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.

არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს.

გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტუდია მონიტორი

რადიო მარნეული

საქართველოს ამბები/მთის ამბები

ქუთაისიპოსტი

ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge

პუბლიკა

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

ალიქ მედია ჯორჯია

გურია ნიუსი

ნეტგაზეთი

ბათუმელები

სტუდია რეკ

ufleba.ge

სამხრეთის კარიბჭე - sknews.ge

On.ge

მედია აპრილი

კახეთის ხმა - knews.ge

Psnews.ge

ჩემი ხარაგაული

Newpress.ge 

რადიო „ათინათი"

ინდიგო

ჯემნიუსი

TOK TV 

აგროგარემო TV

Qartli.ge 

მედიაჩეკერი 

OC Media

ტელეკომპანია ბორჯომი

პროექტი 64

მეცხრე არხი

ტელეკომპანია კავკასია 

SOVA News

მედიაჯგუფი „კონფლიქტის ზონა"

Chaikhana 

Speqtri.ge

მეცხრე ტალღა 

რადიო ნორი

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი

ტვ „ლტვ" 


01.04.2024

„ტვ მონიტორინგის“ ცნობით, დღეს მათ ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს, რომელიც ტრანსპორტის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან შენობის კადრებს იღებდა, ამ დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ ოპერატორს ჯერ ძაღლი მიუქსიეს, ხოლო შემდეგ ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ  მისცეს. “ტვ მონიტორინგის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტს სააგენტოს ხელმძღვანელი შეესწრო, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი იღონა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა. 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ. ყოველი ასეთი შემთხვევა ჟურნალისტურ თემში დაუცველობის განცდას აჩენს და ზრდის რისკს, რომ საზოგადოება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი.  

28.03.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი.

27 მარტს, ტელეკომპანია „პირველის" რეგიონულმა კორესპონდენტმა ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდნენ და ქონება დააზიანეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტის სახლში უკანონოდ შეაღწიეს და მისი ნივთები დააზიანეს. ნატო გოგელიას განცხადებით, 2023 წელს ჩადენილ მსგავს დანაშაულებზე ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია ეფექტიანი რეაგირება, რამაც, შესაძლოა, ბოლო დანაშაულის ჩადენაც წაახალისა.

ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვასა და საზოგადოების ინფორმირებაში. მათი დაშინების ან ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებზე.  ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების შესაძლებლობას, რომ მათ შიშისა და რეპრესიების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნული და სხვა მსგავსი ინციდენტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს  ჟურნალისტების უსაფრთხოება.

27.03.2024

ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ცნობით, 24 მარტს, ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. 

ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ - ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) - გაქურდეს და დაარბიეს. დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ

ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს. 

ნატო გოგელია დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი გასულ წელსაც გახდა. 2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მას ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს, წევრმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტექნიკა დაუზიანა. 

ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც - ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას - მიმართავენ. დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.  

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.

15.03.2024

გუშინ, 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ TV25-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.

TV25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე და ოპერატორი გერა კილაძე „ოცნების ქალაქში“ სწორედ იმ კორპუსის გადასაღებად იმყოფებოდნენ, რომლის მშენებლობაც დასრულებულია, მაგრამ მოსახლეებს, თვეებია, საცხოვრებელ ბინებს არ აძლევენ.

TV25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, გადამღები ჯგუფი კორპუსის გადაღებას  საჯარო სივრციდან ცდილობდა, საიდანაც გადაღების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი.

15.03.2024

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 14 მარტს, ბათუმში, ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ტვ25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს გერა კილაძეს მშენებლობაზე დასაქმებულმა რამდენიმე პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დაცვის თანამშრომელმა, დამატებით, ოპერატორისთვის კამერის წართმევაც სცადა. 

„ოცნების ქალაქში“ კორპუსის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა მასში ჯერ არავინ შეუსახლებიათ. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები ახალსახლობას მოუთმენლად ელოდებიან. პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრი ახორციელებს. 

TV25-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ, სავარაუდოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანი, გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით. კადრებიდან ჩანს ისიც, რომ გადამღები ჯგუფი ღია, საჯარო სივრცეში მუშაობს. ეს ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული სამშენებლო ღობით, იქ არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ამ ტერიტორიაზე თავად დასაქმებულები და დაცვის თანამშრომელი დამცავი საშუალებების გარეშე გადაადგილდიან, რაზეც მათ მიუთითებს კიდეც ჟურნალისტი. 

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, 15 მარტს, TV25-ის ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს. 

ქარტია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია (მუხლი 154), ხოლო სპეციალურ  საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ ინციდენტი დროულად გამოიძიოს.  

09.03.2024

ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა მედრესესთან სადავო  საკითხთან დაკავშირებით. 

პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით. მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ხელს უშლის პრესას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს.

ფოტო: ფორმულა