სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტებმა მიხეილ სესიაშვილმა და ქეთა ციცქიშვილმა ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას მარინა ბრეგვაძემ მომართა.სადავო ჟურნალისტური “როგორ აყალბებს პოლიცია შაქარაშვილის საქმეს - ფოტოგრაფის შეცვლილი ჩვენებები და დამალული ზარები” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 ივლისს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, გადაცემაში გაჟღერდა, რომ თითქოს მის შვილს, იაკობ ბრეგვაძეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს 112-ში არ დაურეკავს, რაც მხარის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინ გამოცემა “factckeck.ge”-ს რედაქტორს, მალხაზ რეხვიაშვილს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი ლომიძემ მომართა.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: “ყალბი ამბავი და სახიფათო მოწოდებები, წყალბადის ზეჟანგის COVID-19-ის, კიბოს და სხვა დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით” გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სტატიაში გამოყენებული იყო მისივიდეო, რომელიც ნეგატიურად იყო შეფასებული, ისე რომ ჟურნალისტი განმარტებისთვის ვიდეოს ავტორს არ დაკავშირებია. მხარის თქმით, ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას და ავტორიტეტის შელახვას.

მხარე ჟურნალისტს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევას ედავებოდა:

  • პირველი- ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება
  • მეხუთე - შესწორება

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.04.2021
დღეს, 05 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და მისი იძულების წესით ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოყვანის შესახებ . ქუთაისის მერიის შენობაში "ქუთაისი თუდეის" რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა - უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა.

ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
05.04.2021
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება არ ხერხდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტერნეტის გავრცელების ამგვარი ხარვეზი ნამოხვანში სხვა პერიოდებში არ დაფიქსირებულა. ამჯერად "ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს."

მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

- გაკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ

- დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
04.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას “მედიის განვითარების ფონდმა” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „რატომ არ აბრუნებს აზერბაიჯანი დავითგარეჯს?“ გაზეთის 2021 წლის 8-14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში აზერბაიჯანელი განისაზღვრა, როგორც თათარი და დამპყრობელი. ტექსტში მოხსენიებულია ნეგატიური კონტექსტით. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ერის მსგავსი ფორმით წარმოჩენა იყო დისკრიმინაციული, აღვივებდა ქსენოფობიას და ანტიაზერბაიჯანულ განწყობებს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.04.2021

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების ცვლილებების პროცესი.

მედიაკოალიცია საჯაროდ მოუწოდებს შესაბამის აქტორებს (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და კომუნიკაციების კომისია) წარმოადგინონ ხედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

2021 წლის 22 მარტს ხელმისაწვდომი გახდა ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების ცვლილებების თაობაზე. ამ დრომდე არ გაკეთებულა საპასუხო განცხადებები კრიტიკული რეკომენდაციების გათვალისწინების ვადებსა და პროცედურებზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციების შეფასებით, მედიის თავისუფლება, ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ტენდენციების შესაჩერებლად. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილ მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით. მათ შორის:

- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი - შეიცვალოს 11 (1) მუხლის და 46 (1) მუხლის დეფინიცია;

- “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი - გაძლიერდეს თვითრეგულირების ორგანოს მუშაობისათვის საჭირო მექანიზმები;

- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი - საქართველომ სარეკლამო ბაზრის რყევებიდან გამომდინარე, გადახედოს საზოგადოებრივი მაუწყებლებში რეკლამის დაშვების გადაწყვეტილებას;

- „ბავშვთა კოდექსი“ - გადაიხედოს დადგენილი რეგულაციები და დაიწყოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციების აღდგენა;

- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ( FOI კანონმდებლობა);

- აუდიოვიზუალური ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაცია;

- ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების აღდგენა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტიმულირება;

- შეწყდეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;

- შეიცვალოს სასამართლოში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების წესები.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის დასკვნისა და საერთაშორისო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

- შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;

- შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;

- შეწყვიტონ კომუნიკაციების კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კვლავაც გამოხატავენ მზაობას კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების პროცესში.

მედიაკოალიციის ხედვას - „რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვენეციის კომისიის დასკვნამ მედიაგარემოზე საქართველოში“ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

27.03.2021

მედიასაშუალება "ნეტგაზეთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, მათი ჟურნალისტი და "რადიო თავისუფლების" ოპერატორი არ შეუშვეს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებებისადმი.

 
24.03.2021

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს საკითხის გაშუქებისას, მედიამ გაავრცელოს ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

● აცრის და თავად ვაქცინის ხარისხის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაავრცელოთ ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის საკითხების არასწორმა გაშუქებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს, არამედ  საფრთხის ქვეშ დააყენოს საყოველთაო ჯანდაცვის უსაფრთხოება. 

● გამოიყენეთ სანდო და რელევანტური წყაროები;

● შეარჩიეთ კვალიფიციური გამოცდილი რესპონდენტები, რომლებიც ისაუბრებენ ფაქტებსა და კვლევებზე დაყრდნობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ, დაიცვან სიზუსტე, წარმოაჩინონ ფართო კონტექსტი, არ დააბნიონ და შეცდომაში არ შეიყვანონ აუდიტორია. 

18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ლაშა ჯანიბეგაშვილის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ჟურნალისტების გურამ როგავას და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი  “ძალადობის მსხვერპლი ქალი ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა - იურისტი ომბუდსმენის აპარატმაც ამხილა” ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 06 თემერვალს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. Მხარე თვლის, რომ ჟურნალისტმა არ გამოაქვეყნა მისი პოზიცია და გაასაჯაროვა პერსონალური ინფორმაცია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მეოთხე - კეთილსინდისიერი მეთოდები
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შოთა შალამბერიძის განცხადება ონლაინ გამოცემა Kutaisitoday.ge-ს რედაქტორის ბუბა ჩივაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი , გამოცემის ფეისბუკის გვერდზე 2021 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების თავშეყრასთან დაკავშირებით, ასევე ამბავი მისი საქმიანობისა და მამამისის თანამდებობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს მისი ოჯახის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

პირველი - ინფორმაციის სიზუსტე

მესამე - დადასტურებული წყარო

მეხუთე - შესწორება

მეათე - პირად ცხოვრებაში შეჭრა

მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების ნატა ქაჯაიას და რუსუდან ჯაბანიშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 10 თებევრვალს გავიდა და ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ, ასევე ამ პროცესის დაკავშირება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებთან, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიცავს დისკრედიტაციის ნიშნებს და აზიანებს საარჩევნო პროცესს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეხუთე - შესწორება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მედიის განვითარების ფონდის განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, „რატომ არ აბრუნებს აზერბაიჯანი დავითგარეჯს?“ გაზეთის 2021 წლის 8-14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ სტატიაში აზერბაიჯანელი განისაზღვრა, როგორც თათარი და დამპყრობელი, ტექსტში მოხსენიებულია ნეგატიური კონტექსტით. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ერის მსგავსი ფორმით წარმოჩენა არის დისკრიმინაციული, აღვივებს ქსენოფობიას და ანტიაზერბაიჯანულ განწყობებს.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
17.03.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.