სიახლეები


გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ. 

  • ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;
  • ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფი - გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;
  • „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;
  • თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს „ტაბულას” ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით „პრესა". 
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას;
  • თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს;
  • პალიტრანიუსის ინფორმაციით, ნაცემია მედიასაშუალების ოპერატორი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ტელეარხის ვიდეოკამერა;
  • ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;
  • დაშავებულია რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკა. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიას თავი აქვს გატეხილი და კბილები ჩამტვრეული. ოპერატორ დათო ქორიძეს კი დაზიანებული აქვს თავი და სახეზე რამდენიმე ადგილას ჰემატომა; 
  • „პირველი არხის" ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირებისას მათი ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა;
  • ნაცემია „TV პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და დამტვრეულია აპარატურა;
  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა;
  • დაშავდნენ მთავარი არხის ჟურნალისტები დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი და თორნიკე ბარნაბიშვილი;
  • „გურია ნიუსის” ინფორმაციით, დაუპირისპირდნენ მათ ჟურნალისტს მერაბ ცაავას;
  • დაშავდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია​, სალომე ბოკუჩავა, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ​​ნიკოლოზ ურუშაძე და შოთა სიკინჭალაშვილი;
  • დაშავებულია „ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი;
  • დაშავდნენ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტები ნინო ვარძელაშვილი, რატი წვერავა, ლუკა ხაჩიძე; ოპერატორები ლევან ბრეგვაძე, ნიკოლოზ ქალიაშვილი, ზაზა კაპანაძე, გიორგი მაისაშვილი; ფოტოგრაფი ვახო ქარელი.

ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია 40-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.  

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. 

05.07.2021

2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს „პრაიდის კვირეული”. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას „ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- უზრუნველყოს „ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება;

- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;

- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.

02.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ქვიარ ასოციაცია “თემიდას” განცხადება, ტელეკომოანია “ფორმულას” ჟურნალისტის ეკა ჩხეიძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ყვითელი ყუთი”, 2021 წლის 24 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში წამყვანის მიერ გაჟღერებული მოსაზრება თითქოს ტრანსგენდერობა ავადმყოფობაა, არის არაზუსტი. ასოციაცია განმარტავს, რომ ისედაც მარგინალიზებული ჯგუფის მსგავსი კონტექსტით წარმოჩენა, აღრმავებს სტიგმას მათ წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო მერაბ ღოღობერიძის განცხადება, “რადიო თავისუფლების” წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: “მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა” ვებგვერდზე 2021 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული მასალა არასწორია, ხოლო მედიაგამოცემას არ უცდია ინფორმაციის მასთან გადამოწმება. მისივე განმარტებით, მსგავსი ფორმით ამბის გადმოცემამ მიაყენა რეპუტაციული ზიანი.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება)პრინციპიების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო კომპანია “ზეგ-ის” და ნიკოლოზ გეჯაძის განცხადებები, “მთავარი არხის” ჟურნალისტების ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას და დავით აბრამიშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემები, “პოსტ ფაქტუმი” და “მთავარი აქცენტები” ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 13 ივნისს გავიდა და ორივე მათგანი კომპანია “ზეგ-ის” საქმიანობას ეხებოდა.

განმცხადებლების განმარტებით, გადაცემებში ჟურნალისტებმა, კომპანია “ზეგის” და მისი ტექნიკური მენეჯერის, ნიკოლოზ გეჯაძის, წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ხუჭუას განცხადება მთავარი არხის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 19 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
  • პირველი (ინფორმაციის სიზუსტე);
  • მესამე (დადასტურებული წყარო);
  • მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები);
  • მეხუთე (შესწორება);
  • მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო "სოლიდარობის თემის" განცხადება ტელეკომპანია “იმედის”, გადაცემა “იმედის ფაქტორის” წამყვანის - მაგდა ანიკაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 16 ივნისს გავიდა და საპატრიარქოს ფერიის პანსიონატში განვითარებულ ამბებს ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა თეა დარჩიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მედრესეებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში ბავშვთა გაგზავნასთან დაკავშირებით. მხარის განმარტებით, რესპონდენტის ფრაზები იყო დისკრიმინაციული მუსლიმური და კათოლიკური სასწავლებლების მიმართ, ხოლო ჟურნალისტი არ გაემიჯნა მსგავს განცხადებებს და არც სხვა სახის რეაგირება მოუხდენია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
01.07.2021

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარმართოს.

დღეს, 2021 წლის 30 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მედიის წარმომადგენლებს წალკაში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს დანაშაულებზე მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია, რაც ერთგვარად ახალისებს მედიის წინააღმდეგ არსებულ აგრესიას.

30.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 1 ივლისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1. 19:00 საათზე - გიორგი ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტის ბაია დვალიშვილის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში 2020 წლის 30 ნოემბერს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მასზე, როგორც მოძალადედ წარმოჩენაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმით გავრცელებული ინფორმაციით მას რეპუტაციული ზიანი მიადგა.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

2. 20:30 საათზე - ლევან დოსმიშვილი TV პირველის ჟურნალისტების ნოდარ მელაძე და მარიამ გაფრინდაშვილი წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი, „ტვ პირველის” ეთერში 2020 წლის 21 ნოემბერს გავიდა და თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. განმცხადებლის განმარტებით, მკვლელობის დეტალებზე სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტი კი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია. განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი ფლობდა საქმის დეტალებზე ინფორმაციას, მაგრამ განზრახ არ გაასაჯაროვა.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

30.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მედია-კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტმა ქეთი შერგელაშვილმა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მარიამ არველაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ლელოს“ არარეალური შემომწირველები” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნამდვილი ამბები” , 2020 წლის 14 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია პოლიტიკური პარტია “ლელოსადმი” შემოწირულობების შესახებ არასწორია. განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
29.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტე და მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მომართა.

სადავო ჟურნალისტური სიუჟეტი „მღვდლების ვნებანი”, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად”, 2020 წლის 5 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს, სექს-შოპმა მას საჩუქარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მხარე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამბის ამ ფორმით გაჟღერება ეფუძნებოდა ცრუ ბრალდებებს.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
29.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეარხ “რუსთავი 2-ის”, გადაცემა “ღამის კურიერის” წამყვანებს, დავით კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილს ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევიათ.

მათ წინააღმდეგ ქარტიას სალომე კვირიკაშვილმა, მარიამ ქრისტესიაშვილმა, კესო ქარდავამ და იაგო შაკაიამ მომართა.

განმცხადებლების განმარტებით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას გამოიყენა ოჯახში ძალადობის შემთხვევის ანალოგია. განმცხადებლების პოზიციით, შედარება იყო შეუსაბამო და აძლიერებდა ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებულ არასწორ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ წამყვანს არ დაუსვამს დამაზუსტებელი შეკითხვები და არც ნათქვამის განმარტება უთხოვია სტუმრისათვის.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
29.06.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.