სიახლეები

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.

დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა: სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისი ვადაც დღეს ამოიწურა. შედეგად, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ამასთან, მოსამართლემ ზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.

თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. სასამართლომ ბრალდებულ სულიკო საყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126-ე და 156-ე მუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. დამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა 2500-ლარიანი ჯარიმა.

შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. ჯერ კიდევ მაშინ, კოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მანიფესტით, რომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს, მოქალაქეებმა ერთობლივად მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და მოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები.

სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს.

2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

25.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ალექსანდრე მითაიშვილის განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ჯენი კვანტალიანის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი - „შესაძლო კორუფცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში", ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 01 ივნისს გავიდა.  

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯა და აუდიტორიას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, რაც საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობდა მის წინააღმდეგ.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეათე - პირად ცხოვრებაში შეჭრა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

18.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ალტ-ინფომ“ ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია. 

ქარტიას განცხადებით ნანა იამანიძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი მედიასაშუალების Youtube არხზე 2021 წლის 2 ივლისს განთავსდა და ლგბტქ(ი) ადამიანებს ეხებოდა. 

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში ფაქტების ანალიზი მანიპულაციურად კეთდებოდა და დისკრიმინაციული ტერმინები იყო გამოყენებული. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება აღვივებს სიძულვილს. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
17.08.2021
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ტოვებს აღქმას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეიძლება იყოს.

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე საავტორო გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში/არაერთგზის დარღვევაა.

ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბურ ძალადობას და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას. ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადავო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გაჟღერდა „ალტ-ინფოს“ მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ მას ხელი მოტეხა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად.
ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ღია საზოგადოების ფონდი OSGF
13.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „25”-ის ჟურნალისტმა ნინია მესხიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპები დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 04 მაისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.  

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

11.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო თეა გოდოლაძის განცხადება ონლაინგამოცემა „ipress.ge"-ს წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საიტზე 2021 წლის 6 ივლისს გამოქვეყნდა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის საქმიანობას ეხებოდა.

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო; 
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

11.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 13 აგვისტოს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - გიორგი ხუჭუა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა გადაცემა „მთავარი შაბათს” ეთერში 2021 წლის 19 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ჟურნალისტმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდა. მისი თქმით, ჟურნალისტმა ინფორმაციის მოპოვებისას არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მეთოდები გამოიყენა. შემდგომ კი არ შეასწორა გამოქვეყნებული არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შემყვანია. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.






11.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 აგვისტოს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია „ტვ 25"-ის ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ნინია მესხიძის წინააღმდეგ

სადავო მასალა - „ქობულეთის მერიას უსინათლოები მხედველობიდან გამორჩა”, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 04 მაისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 







09.08.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ, მთავარი არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.

გუშინ, მთავარი არხის ეთერში გავიდა მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ, რომელმაც განამტკიცა საზოგადოებაში უკვე არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონოდ განხორციელებული ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ.

მასალაში ნახსენები სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები (გიორგი ონიანი, გურამ იმნაძე და გიორგი მშვენიერაძე) ადასტურებენ გადაცემაში განხილული ერთ-ერთი კომუნიკაციის ნამდვილობას, რომელიც შეეხებოდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის დაბარებას უსაფრთხოების სამსახურში. ეთერში გასული სხვა ინფორმაციის ნამდვილობას ასევე ადასტურებს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძეც.

გუშინ მედიაში გასული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელები.

ფრაგმენტული რეფორმების, ფიქტიური სასამართლო და სუსტი საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. შემაშფოთებელია ისიც, რომ პარლამენტი განაგრძობს სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ამაზე მიუთითებს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებები.

არაერთი მცდელობის, ფართომასშტაბიანი კამპანიების მიუხედავად, სახელმწიფომ, დღემდე ვერ აიღო პასუხისმგელობა სამსახურის და მის ფარგლებში არსებული კონტროლის ინსტრუმენტების ფუნდამენტურ რეფორმაზე, მოსმენა-მეთვალყურების მექანიზმების გადახედვაზე, ამ პროცესის დემოკრატიულ რეჟიმში მოქცევაზე. ამ რეფორმის ჩაგდებით, სახელმწიფომ ლეგიტიმაცია მისცა უწყების ფარგლებში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ხარჯზე, მასობრივი მოსმენების და კონტროლის ფუნქციას.

ოკუპაციის, შიდა და საგარეო საფრთხეების სიჭარბის მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი სახელმწიფოსათვის პოლიტიკურად საინტერესო კონკრეტული ჯგუფების კონტროლზე იხარჯება და არ ხდება სამსახურის რესურსების მობილიზება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირების მიზნით.

მყიფე დემოკრატიის, მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტით ცდილობს. ქვეყანაში სუსტია სამსახურის უკანონო საქმიანობაზე რეაგირების მექანიზმები. მოქალაქეების შესაძლო უკანონო კონტროლის და მეთვალყურეობის საქმეების გამოუძიებლობასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ფიქციურია სასამართლო კონტროლის მექანიზმები, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები იშვიათ შემთხვევაში იწვევს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უწყებას, დაუსჯელად, ყოველავარი ანგარიშვალდებულების გარეშე აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფერო.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს პროკურატურას:

დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად;

საქართველოს პარლამენტს:

აიღოს პასუხისმგებლობა უწყების კონტროლზე და დაიწყოს უსაფრთხოების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმაზე მსჯელობა; ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როცა მოცემულ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში, საზოგადოებას არ აქვს ნდობა, რომ სახელმწიფო სათანადოდ და ობიექტურად გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა შესაძლო ფაქტს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:

დროულად განიხილოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2015 წელს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი მოსამართლის ნებართვის გარეშე ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისა და ფარული ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე, 2017 წელს, 326 მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ითხოვს ფარული მიყურადების არსებული ინფრასტრუქტურისა და სისტემის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

უფლებები საქართველო

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი

მედიაკლუბი

მაუწყებელთა ალიანსი

მედიის უფლებები

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

მედიის განვითარების ფონდი

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო

ოპერატორთა ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

ლიბერალური აკადემია - თბილისი

03.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტემა მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 10 აპრილს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.



01.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 ივლისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

19:00 საათზე - ანრი ოხანაშვილი ჟანა აკოფაშვილის და  მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 10 აპრილს გავიდა. განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.






29.07.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტებს ნოდარ მელაძეს და მარიამ გაფრინდაშვილს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები არ დაურღვევიათ. 

მათ წინააღმდეგ ქარტიას ლევან დოსმიშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 21 ნოემბერს გავიდა და თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. 

განმცხადებლის განმარტებით, მკვლელობის დეტალებზე სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტი კი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

29.07.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.