სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მინდია დავითაძის განცხადება POSTV-ს წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა - “დიდი გადაცემა” ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 12 ივნისს გავიდა და ის საქპატენტის ყოფილ თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავს, მისი საქპატენტში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიასაშუალება მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეშვიდე - დისრიმინაცია
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
15.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ააიპ “მოქალაქეთა ცნობიერების განვითარების ცენტრის” განცხადება TV პირველის წინააღმდეგ.

სადავო მასალა არხის სოციალურ ქსელში, 2021 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა. როგორც განმცხადებელი განმარტავს, მოგვიანებით, ტელეკომპანიამ ფოტო ქსელიდან წაშალა.

განმცხადებელი განმარტავს, რომ არხის მიერ, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო, სადაც თითქოს გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა იყო გამოსახული, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ფოტოზე გამოსახული ადამიანი სრულიად სხვა პიროვნებაა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
15.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანმა ბაია დვალიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი ფეიქრიშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში "ბაიასთან" 2020 წლის 30 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მასზე, როგორც მოძალადეზე სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.07.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 15 ივლისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ანა აფციაური ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების მარიკა ბაკურაძის და ნიკოლოზ წულუკიძის წინააღმდეგ

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი (ნაწილი 1, ნაწილი 2) ეთერში 2021 წლის 15 მარტს გავიდა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა. განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტების დამოკიდებულება დისკრიმინაციას ახალისებდა. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

15.07.2021

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მედიაკლუბი

Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

მედიის განვითარების ფონდი MDF

Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

Სატელევიზიო ქსელი

13.07.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 14 ივლისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - გიორგი ფეიქრიშვილი ტვ ფორმულას ჟურნალისტის ბაია დვალიშვილის წინააღმდეგ 

სადავო გადაცემა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში 2020 წლის 30 ნოემბერს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მასზე, როგორც მოძალადედ წარმოჩენაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმით გავრცელებული ინფორმაციით მას რეპუტაციული ზიანი მიადგა.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

12.07.2021

საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. 

2021 წლის 5 ივლისს  „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.

5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის  საქმიანობის ხელშეშლის და  ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. 

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე.


ხელმომწერები:

1.     მთავარი არხი

2.     ფორმულა

3.     რუსთავი 2

4.     ტაბულა

5.     იმედი

6.     კავკასია

7.     ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

8.     საქართველოს პირველი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი

9.     საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

10.   TV პირველი

11.   ექსპრესნიუსი

12.   ფაქსინტერნიუსი

13.   არტარეა TV

14.   სტუდია მონიტორი

15.   რადიო ჯორჯიან თაიმსი

16.   ფაქტ-მეტრი

17.   რადიო მწვანე ტალღა

18.   AT.ge

19.   მედიის განვითარების ფონდი

20.   Border Zone

21.   ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი

22.   რადიო აფხაზეთის ხმა

23.   რადიო დარდიმანდი

24.   საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი

25.   მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5

26.   რადიო ციტრუსი FM97.3

27.   რადიო ძველი ქალაქი

28.   საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი

29.   ტელეკომპანია ახალი

30.   OC Media

31.   TOK TV

32.   რადიო ჰოლდინგი ფორტუნა

33.   SOVA

34.   ბათუმელები

35.   Newsreport

36.   On.ge

37.   ნეტგაზეთი

38.   InterPressNews.ge

39.   ბლოგი „სოცრეაქტივი

40.   TSpress.ge

41.   რადიო ათინათი

42.   Metronome.ge

43.   პუბლიკა

44.   Civil.ge

45.   ინტერნიუსი-საქართველო

46.   Media.ge

47.   openrustavi.ge

48.   პალიტრანიუსი

49.    რადიო პალიტრა

50.   რადიო მარნეული

51.   Euronews Georgia

52.   FirstNews.ge

53.   Kutaisi Today

54.   Speqtri.ge

55.   CNews

56.   მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+"

57.   Droa.ge

58.   accentnews.ge

59.   Popmusic.ge

60.   Popsport.com

61.   მედიის უფლებები

62.   Gurianews.ge

63.   ეკო-ფაქტი

64.   ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი

65.   აგრო გარემო TV

66.   რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

67.   რადიო მწვანე ტალღა

68.   რადიო იმედი

69.   JAMNews

70.   კომერსანტი

71.   Reginfo.ge

72.   DailyInfo.ge

73.   FrontNews.ge

74.   iFact

75.   Ipress.ge

76.   ოკრიბანიუსი

77.   გურია ტვ

78.   მეცხრე ტალღა

79.   TV25

80.   ნიუპოსტი

81.   Pia.ge

82.   Digest.ge

83.   Funtime.ge

84.   Tbiliselebi.ge

85.   Exclusivetv.ge

86.   GHN

87.   Europetime.eu

88.   გურიის მოამბე

89.   Dianews

90.   report.ge

91.   AliQ Media

92.   ოდიში TV

93.   geodigest.ge

94.   Ambebi.ge

95.  Info Rustavi

96.  მეგა TV

97.  DiaNews

98.  რადიო მოზაიკა

99.  ტელეკომპანია დია

100. NewPress.ge

101. თაიმერი

102. რადიო WW

103. ჩემი ხარაგაული

104. QvemoQartli.ge

105. სამხრეთის კარიბჭე

106. ლაივპრესი

​მთავარი ფოტო: მედიაჩეკერი

12.07.2021

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს.

ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად. მაღალია ალბათობა, რომ იგი სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 ივლისის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ 4 პირი.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

11.07.2021

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას. ძალადობისას ოპერატორთან მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სისხლის გუბეში იყო და მას 20 ადამიანი 5 წუთის განმავლობაში დაუნდობლად ურტყამდა.

ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში.

5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუსისა.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ:

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა

ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

საფარი

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

გაეროს ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა

თბილისი პრაიდი 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

11.07.2021

დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მას თავს ჯგუფურად დაესხნენ „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას. ლექსო ლაშქარავას მძიმე ტრავმები ჰქონდა სახისა და თავის არეში.
5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე ორგანიზებული თავდასხმებისას  დაზარალდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. 

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას. 

მოვითხოვთ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;  
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის ყველა ფაქტზე რეაგირება;  
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
11.07.2021

საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.

მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. „მდუმარე აქციის” გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია „ფორმულას” პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლავაც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, მათ მიერ გადაღებული კადრების საშუალებით.

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, მივმართავთ:

საქართველოს მთავრობას და მოვითხოვთ:

  • 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

  • უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
  • მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
  • მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

Institute for Development of Freedom of Information

European Initiative - Liberal Academy Tbilisi

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი, MDF

Media Rights • მედიის უფლებები

სატელევიზიო ქსელი

Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

Rights Georgia / უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

09.07.2021

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ ღია განცხადებები აგრესიის დაგმობისა და შეჩერების მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს ეფექტური ზომები მედიის უსაფრთხოების და გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო მიზნების გათვალისწინებით.

დარღვევების აღრიცხვის და მედიის სამართლებრივი მხარდაჭერისათვის კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ცხელი ხაზია 555 795 776

05.07.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.