სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებმა ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას “მწვანე ალტერნატივამ” მომართა. სადავო გადაცემა “პოლიტიკური პარასკევი” ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 21 მაისს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცალმხრივად არის წარმოდგენილი.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარ არხზე გასულ მასალაში ქარტიის პრინციპები არ დარღვეულა.

ტელეკომპანიის წინააღმდეგ ქარტიას მამუკა ტუსკაძემ მომართა. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 ივნისს გავიდა და მამუკა ტუსკაძესთან დაკავშირებულ ქონებრივ დავას ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალებში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და საქმის სხვა დეტალები არასწორად იყო გადმოცემული.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “ფორმულაზე” გასულ მასალაში ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.

ტელეკომპანიის წინააღმდეგ ქარტიას მამუკა ტუსკაძემ მომართა. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 ივნისს გავიდა და მამუკა ტუსკაძესთან დაკავშირებულ ქონებრივ დავას ეხებოდა.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.10.2021

2021 წლის 27 ოქტომბერს, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, მედიასაშუალების ჟურნალისტს, რატი წვერავას აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით კი, მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა, ჟურნალისტების ნაწილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას აქციაზე მუშაობის საშუალება. ასევე, შეახსენებს ყველა პირს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა - მამუკა მდინარაძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რითაც წინასწარი ნეგატიური ფონი შეუქმნა აქციის მონაწილეებს და წინასწარ წაახალისა აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს 2021 წლის 27 სექტემბერს მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მუშაობაში.

მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

27.10.2021
კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.
27.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მაია სტეფნაძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ენკა რინიუებლზმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანია პირველის ეთერში 2021 წლის 07 მარტს გავიდა ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტმა არაერთხელ გააჟღერა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. განმცხადებლის თქმით, მაია სტეფნაძემ ასევე დისკრიმინაციული ენის გამოყენებით ხელი შეუწყო ქსენოფობიური შეხედულებების გავრცელებას საზოგადოებაში.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადება ტელეკომპანია „იმედია" ჟურნალისტისტების ნათია სონღულაშვილის, ლევან ჯავახიშვილის, ხატია ქვათაძის, ლევან კვატაშიძისა და ნინო თოლორდავას წინააღმდეგ.

სადავო სამი ჟურნალისტური პროდუქტია, რომლებიც 2021 წლის 20 სექტემბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებლების პოზიციით, მასალებში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
27.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შიო ხიდაშელის განცხადება მედიაგამოცემა „ალიას” წინააღმდეგ.

სადავო მასალა ვებ-გვერდზე 2021 წლის 13 ოქტომბერს განთავსდა.

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტურ პროდუქტში ფაქტები არ არის არგუმენტებით გამყარებული და ინფორმაცია მადისკრედიტირებელია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
27.10.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 23 ოქტომბერს 4 საქმეს განიხილავს: 

12:00 საათზე - მწვანე ალტერნატივა ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების ეკა მიშველაძისა და ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა, „პოლიტიკური პარასკევი”, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 21 მაისს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცალმხრივად არის წარმოდგენილი.  

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

15:00 საათზე - გულნარა ძირკვაძე რადიო „მარნეულის" ჟურნალისტის თეა დავაძისა და ტელეკომპანია „მარნეულის" ჟურნალისტის ლელა ხარშილაძის წინააღმდეგ

ორივე მედიასაშუალებაზე გამოქვეყნებული სადავო სიუჟეტი იდენტურ თემაზე, სოფელ ახალი დიოკნისეში მდებარე სადავო მიწებზე მომზადდა. განმცხადებლის განმარტებით, მასზე და მის ოჯახზე გავრცელებული ინფორმაცია, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტს არ უცდია ამბის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.

17:00 საათზე - ენკა რინიუებლზ ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტის მაია სტეფნაძის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა - „ხალხი ხალხისთვის მაია სტეფნაძესთან ერთად“, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში 2021 წლის 07 მარტს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტმა არაერთხელ გააჟღერა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. განმცხადებლის თქმით, მაია სტეფნაძემ ასევე დისკრიმინაციული ენის გამოყენებით ხელი შეუწყო ქსენოფობიური შეხედულებების გავრცელებას საზოგადოებაში. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინ. სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ  მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

 

20.10.2021
13 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, არ არის განჭვრეტადი და არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

მმართველი პარტიის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში რიგი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მათ შორის, იკრძალება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის და სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით, ასევე, დგინდება, რომ წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისე წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთს. სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელება კი იწვევს გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის - 2000 ლარით. კომპეტენციის ფარგლებში ჯარიმის დაკისრებაზე პასუხისმგებელია ცესკო და კომუნიკაციების კომისია.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის.

ვენეციის კომისიის განმარტებით, პოლიტიკური კამპანიის კონტექსტში, არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სხვების უფლებების ან რეპუტაციის დაცვის მიზნით ზღუდავს პოლიტიკური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას. აგრეთვე, ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად “კანდიდატის პატივისა და ღირსების შელახვა”, ვენეციის კომისიამ მიიჩნია ფართო და ზოგად ფორმულირებად, რომელიც შეიცავს გამოხატვის თავისუფლების მომეტებული და არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს. ასეთმა ფართო განმარტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური პოლიტიკური კამპანიის შეფერხება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სათანადოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის. გარდა ამისა, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სააგიტაციო მასალებში კანდიდატების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიებას.

რაც შეეხება ინიცირებული ცვლილებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი განმარტავს, რომ მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს მიდგომა ხაზს უსვამს საზოგადოების უფლებასაც, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკოსები აპელირებენ. მსგავსი პოზიცია აქვს ვენეციის კომისიასაც. მისი განმარტებით, სანქცია მიმართული უნდა იყოს უშუალოდ დამრღვევი პირის მიმართ და გამორიცხავდეს მედიის პასუხისმგებლობას. მედიასაშუალებების დასჯა მსგავსი გამონათქვამებისთვის, ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი თვით-ცენზორი გახდეს, რაც სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით დადგენილია აგიტაციის განმარტება, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, Აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. ამდენად, საარჩევნო კოდექსით დაცულია საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციაც. მიგვაჩნია, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მიდგომა, რომელიც იცავს საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციას, განსხვავებით შემოთავაზებული სიახლისგან, შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

ამასთან, ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შემოთავაზებულია მკაცრი სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, რამაც, შესაძლოა, დამატებითი საფრთხე შექმნას კრიტიკული პოლიტიკური აქტივობისათვის, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ სანქციის თავიდან არიდების მიზნით ზოგიერთმა მაუწყებელმა უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამის განთავსებაზე.

ამდენად, გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფართოდ არის დაცული. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის, გააკრიტიკონ ოპონენტი, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით, რომელიც საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი.

წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
20.10.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 20 ოქტომბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - მამუკა ტუსკაძე ტელეკომპანია „ფორმულასა" და ტელეკომპანია „მთავარის" წინააღმდეგ

სადავო გადაცემები, ტელეკომპანიების ეთერში, 2021 წლის 09 ივნისს გავიდა და ორივე მათგანი იდენტურ საკითხს - მამუკა ტუსკაძესთან დაკავშირებულ ქონებრივ დავას ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალებში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და საქმის სხვა დეტალები არასწორია, ჟურნალისტებმა არ გამოიყენეს მის მიერ მიწოდებული მასალა, რაც, მხარის განმარტებით, მიზნად ისახავდა მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანას და მის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

18.10.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

ქარტია მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს გარდაცვლილი პირების ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

09.10.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.