სიახლეები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა “მედიაცენტრი მთავარის” დირექტორმა, რომელიც მისი მედია საშუალების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.  ეკა გულუა ამბობს, რომ „მედიაცენტრ მთავარში,“ კერძო მედიასაშუალების ოფისში, უკვე მეორედ შეიჭრნენ უცხო პირები პრესკონფერენციის ჩაშლის მოტივით”.
27.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მანანა გურგენიძის განცხადება, რომელიც ონლაინგამოცემა euronews.ge-ს ქარტიის პრინციპების დარღვევას ედავება.

განმცხადებელი სადავოდ ხდის მასალას: “საქართველოდან სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი მოატყუეს”. მანანა გურგენიძის აზრით გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, ის ზიანს აყენებს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს და სოლიდარობის ფონდს, ასევე იმ საავადმყოფოს, სადაც პაციენტი მკურნალობს და მიზნად ისახავს მათი რეპუტაციის შელახვას.

მანანა გურგენიძე მედისაშუალებას პირველი, მესამე, მეოთხე, მეათე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
25.11.2019
ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტს ჯაბა ანანიძესა და მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს არასამეწარმეო იურიდიული პირი “საორსა” ქარტიის ორი: პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (მცდარი ინფორმაციის შესწორება) პრინციპის დარღვევას ედავება.

სადავო მასალა გაზეთ”ბათუმელებში”, 2019 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით: “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთიდან”. მასში სოფლად მცხოვრებ ქალების ისტორიებია, მათ აქტივობებზე, ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზოგადოებაში მათ როლზე.

განმცხადებელი ჟურნალისტებს სტატიის სათაურისა და მისი შინაარსის შეუსაბამობას ედავება. კომპანია მიიჩნევს, რომ სათაური შეცდომაში შემყვანია და ნეგატიურად განაწყობს მკითხველს. ამასთანავე, განცხადებაში უთითებს, რომ გამოცემამ სათაური არც მიმართვის შემდეგ შეასწორა, რითაც, მისი აზრით, ქარტიის მეხუთე პრინციპი დაირღვა.

ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
25.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე - ეკატერინე მესხიძე რამდენიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ, - ქარტიის პრინციპების დარღვევა დადგინდა. საბჭომ დღეს, 24 ნოემბერს 14 განცხადება განიხილა, ერთ განცხადებაზე, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეხებოდა, განხილვა გადაიდო.


ეკატერინე მესხიძე მედიასაშუალებებს ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპის დარღვევას ედავებოდა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი პრინციპის (სიზუსტე) დარღვევა დაუდგინდა 14-ვე მედიასაშუალებას, მე-5 პრინციპის (შესწორება) დარღვევა კი საბჭომ 11 მედიასაშუალებას დაუდგინა.

სადავო მასალები ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისა და ეკატერინე მესხიძის სასამართლო დავას, მოპასუხე მედია საშუალებებმა გაავრცელეს არაზუსტი ინფორმაცია, თითქოს პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ეკა მესხიძისმიმართ სექსუალურ შევიწროებაში. ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სასამართლოს უგრეხელიძის მხრიდან შესაძლო სექსულაურ შევიწროებაზე არ უმსჯელია და მედია საშუალებებმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს.



მედიასაშუალებები, რომელთაც დარღვევა დაუდგინდა:

  1. კვირის პალიტრა - პირველი
  2. ambebi.ge - პირველი
  3. ექსკლუზივნიუსი - პირველი
  4. ობიექტივი - პირველი და მეხუთე
  5. ტელეკომპანია იმედი - პირველი და მეხუთე
  6. ინტერპრესნიუსი -  პირველი და მეხუთე
  7. აიპრესი - პირველი და მეხუთე
  8. გურიანიუსი - პირველი და მეხუთე
  9. მარშალპრესი - პირველი და მეხუთე
  10. ნიუსპოსტი - პირველი და მეხუთე
  11. Caucasus buiseness week -  პირველი და მეხუთე
  12. ლიბერალი - პირველი და მეხუთე
  13. 2020news - პირველი და მეხუთე
  14. ინფოფოსტალიონი -  პირველი და მეხუთე

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

24.11.2019

24 ნოემბერს, კვირას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, ეკატერინე მესხიძის 15 განცხადებას განიხილავს.

ყველა განსახილველი საქმე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისა და ეკატერინე მესხიძის სასამართლო დავის შესახებ მედიაში მომზადებულ მასალებს ეხება.


ეს მედიასაშუალებებია:


  1. კვირის პალიტრა;
  2. ამბები.ჯი;
  3. ტელეკომპანია მაესტრო;
  4. ექსკლუზივნიუსი;
  5. ტელეკომპანია იმედი;
  6. ინტერპრესნიუსი;
  7. აიპრესი;
  8. გურიანიუსი;
  9. მარშალპრესი;
  10. ნიუსპოსტი;
  11. ობიექტივი;
  12. Caucasus business week;
  13. ლიბერალი;
  14. 2020news;
  15. ინფოფოსტალიონი.
ეკატერინე მესხიძის განცხადების თანახმად, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. სექსუალურ შევიწროებაში მას ბრალს განმცხადებელი, ეკატერინე მესხიძე სდებდა. ის ამბობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მეხუთე პრინციპიც, ვინაიდან მიმართვის მიუხედავად მასალები არ ჩასწორებულა.

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
22.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 21 ნოემბერს თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სიუჟეტის მოსამზადებლად მისულ ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფს ეკლესიიდან განკვეთილი ნარიმან მაქარაშვილის (ბერი ნიკოლოზი) მიმდევრების ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა. “იმედის” ინფორმაციით, დაშავებულ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
21.11.2019
2019 წლის 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე დღემდე შეჩერებული იყო. მრჩეველთა საბჭო დირექტორის შერჩევის პროცედურებს 21 ნოემბერს დაიწყებს.
20.11.2019

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება.

20.11.2019
არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" მედიაპროექტს "ფლანგვის დეტექტორს" სს "ფრანს ავტო" ქარტიის სამი: 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპის დარღვევას ედავება.

სადავო მასალა ეხება 2019 წლის ივლის-აგვისტოში, საქართველოს მთავრობის მიერ, 18 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანების შესყიდვას. მასალის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია; თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგორიშვილი კი ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორია და მან ფრანს ავტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წელს ჩაანაცვლა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ფლანგვის დეტექტორმა" იმაზე აპელირებით, რომ ვინმემ რაიმე ზეგავლენა მოახდინა ტენდერზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ამავე განცხადების თანახმად, სტატია მიზნად ისახავს მეწარმე სუბიექტის დისკრედიტაციას და მისთვის ზიანის მიყენებას. რაც შეეხება მეხუთე პრინციპს, განცხადებელი დაობს, რომ მედიამ არ შეასწორა ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს საზოგადოება.

ქარტის საბჭომ სს "ფრანს ავტოს" განცხადება დასაშვებად სცნო და საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს. 
15.11.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო დავით ბეგიაშვილის განცხადება სამი მედიასაშუალების: commersant.ge, ipn.ge და bpn.ge-ს  წინააღმდეგ.

საქმე ეხება სამივე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ იდენტურ მასალას, სახელწოდებით:  „ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის 36 კაციან სიაშია“. განცხადების თანახმად, commersant.ge-მ და bpn.ge-მ მასალა ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, ipn.ge-მ კი მის სოციალურ გვერდზე გააზიარა bpn.ge-ს მასალა. 

განმცხადებლით თქმით, ჩამოთვლილმა მედია საშუალებებმა მისი და მისი კომპანიების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს,  შესაბამისად, მხარე მიიჩნევს, რომ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული მასალით დაირღვა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტე და მეხუთე პრინციპი - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება.

ქარტიის საბჭო განცადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

15.11.2019
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო" შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო. გუშინ, 14 ნოემბერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ტელეკომპანია პირველის" ტოქშოუს წამყვანი კრიტიკული კითხვების პასუხად “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

გუშინვე, ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის" წამყვანსაც: “მოგიწოდებთ გაემიჯნეთ “ნაციონალურ მოძრაობას” - ასე მიმართა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ბაკურიძეს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტელევიზიის თანამშრომლები აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლების სურვილს ხედავენ უკანასკნელ თვეებში ტელევიზიის მმართველების ცვლილებებში. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან. .

ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ მათი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე, ყველა მსგავს შემთხვევას მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება.
15.11.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე - MDF, საფარი და თამთა თოდაძე plus.kvira.ge-ს და PIA.ge-ს წინააღმდეგ, მე-10 პრინციპის დარღვევა დადგინდა.  საქმე ეხებოდა აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ თამთა თოდაძის დედის შესახებ მომზადებულ მასალას.

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ kvira.plus.ge -სა და pia.ge-ზე მისი დედის ნასამართლეობის შესახებ მასალა თამთა თოდაძის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და ამით დაირღვა ქარტიის მეათე პრინციპი - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა და აღნიშნული პრონციპის დარღვევა დაადგინა. 

 

11.11.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.