სიახლეები
21 დეკემბერს, შაბათს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტექსტო აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში მომრავლებულ ხელშეშლის ფაქტებს გააპროტესტებენ.

ქარტიის დაკვირვებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლების რეაქცია არ არის სათანადო. ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას.

ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.

აქციის დღეს, 21 დეკემბერს 6 თვე სრულდება ე.წ “გავრილოვის ღამის” საპროტესტო აქციის დაშლიდან, სადაც მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა.

საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები გააპროტესტებენ მათი საქმიანობისას შექმნილ პრობლემებს და ხელისუფლებას სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
20.12.2019
კრებაზე გამოვლინდებიან “ქარტიის პრიზის” 2019 წლის გამარჯვებულები
 
ქარტია დღეის მდგომარეობით 340-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. საერთო კრებაზე წლიურ ანგარიშს წარადგენენ საბჭოს და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეები და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. ქარტიის წევრები განიხილავენ ორგანიზაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე.

ამავე დღეს მოხდება ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრის და თავმჯდომარის არჩევა.

საერთო კრებაზე გამოვლინდებიან ქარტიის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „ქარტიის პრიზის“ 2019 წლის გამარჯვებულები.

პრიზები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები"-ს პრიზი დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.
20.12.2019
12:00 საათი - მანანა გურგენიძე euronews.ge - ის წინააღმდეგ. დავა ეხება მასალას სათაურით: “საქართველოდან სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი მოატყუეს” განმცხადებელი თვლის რომ მასალაში ქარტიის რამდენიმე პრინციპია დარღვეული, მათ შორის ინფორმაციის სიზუსტის და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპები. სადავო პრინციპები: პირველი, მესამე, მეოთხე, მეათე და მეთერთმეტე.

12:30 საათი - მედიის განვითარების ფონდი (MDF), საფარი, თამთა თოდაძე alia.ge წინააღმდეგ. განცხადება ეხება თბილისის საკრებულოს წევრის ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: “თამთა თოდაძე ნაციონალების ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო” სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

13:00 საათი - დავით ბეგიაშვილი თამთა არდოტელის, commersant.ge და IPN.ge წინააღმდეგ. ჩამოთვლილ მედია საშუალებებს ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებასა და შემდგომში ამ ინფორმაციის შეუსწორებლობას ედავება. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება).

14:00 საათი - „ფრანს ავტო“ ფლანგვის დეტექტორის წინააღმდეგ. განმცხადებელი ამ შემთხვევაში სადავოს ხდის მასალას - “მთავრობასთან დაკავშირებულმა სს “ფრანს ავტომ” 2014 წლიდან 30 მილიონის ტენდერები მოიგო”. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში მოყვანილი ინფორმაცია არაზუსტია. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურება), მეხუთე (შესწორება).

15:00 საათი - ორგანიზაცია „საორსა“ ჯაბა ანანიძის და ეთერ თურაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი სადავოდ ხდის მედიასაშუალება ბათუმელების სტატიას სახელწოდებით “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთებიდან”. განმცხადებელი მიიჩნევს რომ მასალაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)

16:00 საათი - დავით სონღულაშვილი რუსო ჯაბანაშვილის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში განმცხადებელი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია, ის სადავოდ ხდის ტელეკომპანია მთავარის ეთერით გასულ სიუჟეტს, აცხადებს რომ მასში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) .

17:00 საათი - პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის დავით დვალიშვილის წინააღმდეგ. განმცხადებელი სადავოს ხდის ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტით მოხდა სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. სადავო პრინციპი: მეათე (პირადი ცხოვრება)
ქარტიის საბჭოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
17.12.2019
ქარტიას სს “ევექსის ჰოსპიტლებმა”, მედიაგამოცემა “commersant.ge”-ის ჟურნალისტის - სოფო ქსოვრელის წინააღმდეგ განცხადებით მომართა. სადავო მასალა ვებგვერდზე 2019 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა სათაურით: “გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - “ევექსი” მორიგ სკანდალში ეხვევა".  სტატიის მიხედვით კლინიკა საკეისრო კვეთების ჩატარებისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების არ გათვალისწინების გამო, გარკვეული ოდენობის თანხით დაჯარიმდა.

მხარის მტკიცებით, მედიასაშუალებას ისე აქვს წარმოჩენილი, რომ თითქოს “ევექსის ჰოსპიტლების” ერთ-ერთი კლინიკა, საკეისრო კვეთების ამ ფორმით ჩატარებას მატერიალური სარგებლის მიღებისთვის ახდენს. განმცხადებელი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.

ასევე არაზუსტად მიიჩნევს “ევექსის ჰოსპიტლები” ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი ქსელი ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მასალაში არ არის მოყვანილი ამის დამამტკიცებელი არგუმენტები, რაც ზიანს აყენებს სამედიცინო დაწესებულების რეპუტაციას.

განმცხადებელი მედიასაშუალებას ინფორმაციის სიზუსტესა (1-ლი) და ფაქტის განზრახ დამახინჯების (მე-11) პრინციპის დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
12.12.2019
“თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტს ნინო რამიშვილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ქარტიის პრინციპების (1-ლი და მე-5) დარღვევას ედავება. სადავო მასალა სათაურით “სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან - დოკუმენტები თსუს რექტორს პლაგიატში ამხელს” რადიო თავისუფლების ვებგვერდზე 15 ნოემბერს განთავსდა. სიუჟეტი უნივერსიტეტის რექტორის ნაშრომში პლაგიატის აღმოჩენის ფაქტს ეხება.

განმცხადებელი ამბობს, რომ როგორც სიუჟეტის სათაური ასევე სიუჟეტში მოთხრობილი ამბავი არაზუსტია. მისი თქმით, ჟურნალისტი მასალაში არ იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს პლაგიატის დადგენის შესახებ და არგუმენტად მოჰყავს მხოლოდ ექსპერტების მოსაზრება.

თსუ-ს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მედიასაშუალებამ მათი პრეტენზიის შემდეგაც არ მოახდინა გამოქვეყნებული სიუჟეტის ჩასწორება დარღვეულია როგორც სიზუსტის (1-ლი) ასევე ჩასწორების (მე-5) პრინციპები. ქარტიის საბჭო აღნიშნულ დავას ღია სხდომაზე განიხილავს.
12.12.2019
დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს დარბაზიდან. ჟურნალისტების მონათხრობით (ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს) კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა., “გამოათრიეთ ეხლავე”, “გამოყარეთ” - ისმის კადრებში.
12.12.2019

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სონღულაშვილი, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რუსო ჯაბანაშვილს, ქარტიაში უჩივის.

სადავო მასალა, “მთავარი არხის” ეთერში 2019 წლის, 11 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხება თბილისის საკრებულოს მაღალჩინოს, ირაკლი ზარქუას ახლობლების მიერ სახელმწიფო ქონების შეღავათიანი პირობებით შესყიდვას. ამ მასალის მიხედვით, ერთ-ერთი შესყიდული ქონების უკან, რომელშიც სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება, მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი დგას, რომელმაც ზარქუას ოჯახისგან მიწა 2 მილიონ ლარად შეიძინა. სწორედ ამ ორ ფაქტს ხდის სადავოდ განმცხადებელი.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოებას არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა და ამით ქარტიის პირველი და მესამე პრინციპები დაარღვია. მისივე მოსაზრებით, შესწორების სტანდარტის გაუთვალისწინებლობის გამო, დარღვეულია მეხუთე პრინციპიც.

ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

03.12.2019
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე.
02.12.2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, დავით დვალიშვილს “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”, ქარტიის მეათე პრინციპის დარღვევას ედავება. მეათე პრინციპი პირადი ცხოვრების ხეულშეუხებლობას გულისხმობს ჟურნალისტის მხრიდან, იმ შემთხვევის გარდა, თუ ამ საქმეზე არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

სადავო მასალა ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის ფაქტს. განმცხადებლის აზრით, სიუჟეტში მსხვერპლის სახელისა და გვარის დასახელება არღვევს ქარტიის პრინციპს.

ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
02.12.2019
ქარტიის საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს, 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ხელშეშლის ფაქტებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან საუბარში რამდენიმე მედია საშუალების წარმოამადგენელი აცხადებს, რომ აქციაზე პოლიციელები მათ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ (ამის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა).
30.11.2019
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა “მედიაცენტრი მთავარის” დირექტორმა, რომელიც მისი მედია საშუალების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.  ეკა გულუა ამბობს, რომ „მედიაცენტრ მთავარში,“ კერძო მედიასაშუალების ოფისში, უკვე მეორედ შეიჭრნენ უცხო პირები პრესკონფერენციის ჩაშლის მოტივით”.
27.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მანანა გურგენიძის განცხადება, რომელიც ონლაინგამოცემა euronews.ge-ს ქარტიის პრინციპების დარღვევას ედავება.

განმცხადებელი სადავოდ ხდის მასალას: “საქართველოდან სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი მოატყუეს”. მანანა გურგენიძის აზრით გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, ის ზიანს აყენებს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს და სოლიდარობის ფონდს, ასევე იმ საავადმყოფოს, სადაც პაციენტი მკურნალობს და მიზნად ისახავს მათი რეპუტაციის შელახვას.

მანანა გურგენიძე მედისაშუალებას პირველი, მესამე, მეოთხე, მეათე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
25.11.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.