19.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია "იმედის"
თვითრეგულირების ორგანოს მიმართა საჩივრით 2018 წლის 13 სექტემბერს
საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" გასული სიუჟეტის გამო. სადავო
მასალა ეძღვნებოდა ქარტიის საბჭოს მიერ “იმედის” ჟურნალისტების, ლევან
ჯავახიშვილისა და ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ განხილულ განცხადებას. მათ
წინააღმდეგ ქარტიას მიმართა გიორგი ვაშაძემ, საპრეზიდენტო კანდიდატის,
გიორგი ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა. ქარტიამ საქმე 12
სექტემბერს განიხილა. საქმის განხილვას მხოლოდ განმაცხადებელი
ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტებმა ქარტიასთან არ ითანამშრომლეს.
საბჭომ განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ნატა ქაჯაიამ და ლევან
ჯავახშვილმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. მეორე დღეს "იმედის" ეთერში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. საბჭო მიიჩნევს, რომ ეს სიუჟეტი შეიცავს ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას, არის მანიპულაციური, შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია. ამასთან, მიკერძოებულია, არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან ფაქტები და წამყვანის, ჟურნალისტის შეფასებები, ვარაუდები და წარმოდგენები. მიჩქმალულია არსებითი დეტალები. ეს კი ლახავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ქარტიაში წარმართული განხილვის შესახებ. მიკერძოებულობის განცდას კიდევ უფრო ამყარებს ისიც, რომ სიუჟეტი ამავე ტელეკომპანიას ეხება და მის ავტორს ნათესაური კავშირი აქვს ქარტიაში განხილული სიუჟეტის ავტორთან.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლი (მე-12, მე-3, მე-15, მე-16, მე-18 და 30-ე), რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს ჯეროვანი სიზუსტის დაცვას, მიუკერძოებლად გაშუქებას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას.
იხილეთ "იმედში" წარდგენილი საჩივარი
ასევე ქარტიის გადაწყვეტილება საქმეზე "გიორგი ვაშაძე ნატა ქაჯაიასა და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ"
სადავო სიუჟეტი