31.08.2018
ჩამოტვირთეთ
PDF ვერსიამიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, ქარიშხალი - ამგვარი ბუნებრივი კატაკლიზმების გაშუქება მედიას ხშირად უწევს. ინფორმირებულობის მნიშვნელობა ასეთ დროს იზრდება, მოქალაქეები განახლებულ ცნობებს ელიან. მედიის მიერ გავრცელებულ ზუსტ ცნობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მოვლენის პირველ ეტაპზე. ამ თემებზე მუშაობისას ჟურნალისტს ინფორმაციის გადაცემასთან ერთად, საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვაც უწევს. რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პროფესიონალიზმთან ერთად ჟურნალისტს აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა გააშუქოს ბუნებრივი კატაკლიზმები.
რეკომენდაციები რედაქციას:
- უმჯობესია შემუშავებული ჰქონდეს სპეციალური პროტოკოლი ველზე მომუშავე და ოფისში დარჩენილი ჟურნალისტებისთვის.
- უნდა მოახერხოს ჟურნალისტის აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით და უსაფრთხოების ტექნიკით, ბუნებრივი კატაკლიზმების ტიპის მიხედვით.
- მოაგვაროს ტრანსპორტირების, კვების და სხვა ტექნიკური საკითხები. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ევაკუაციის გეგმა, მათ შორის ის თუ რა ტრანსპორტით ტოვებს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილს.
- მნიშვნელოვანია რედაქციას ჰქონდეს ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებების შესახებ, რომლებიც კატასტროფის ზონაში იმყოფებიან, რათა საკუთარ გადამღებ ჯგუფთან კომუნიკაციის შეფერხების ან დაკარგვის შემთხვევაში საშუალება ჰქონდეს მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია.
ადგილზე მისვლამდე ჟურნალისტი უნდა შეეცადოს:
- მოიძიოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ამისთვის შესაძლოა დაიხმაროს ადგილობრივი ჟურნალისტები.
- შეაგროვოს კონტაქტების ბაზა პასუხისმგებელი უწყებების, ექსპერტების, დაინტერესებული პირებისა და ადგილობრივების, ვისაც შეიძლება დამატებითი ინფორმაცია ჰქონდეს.
- თან ჰქონდეს ყველა იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისი დახმარებაც შეიძლება თავად დასჭირდეს.
- განსაზღვროს, როგორც სამუშაო ადგილი, ასევე ღამის გასათევი ლოკაცია თუ მოვლენების ეპიცენტრში ხანგრძლივად მოუწევს დარჩენა.
- შეისწავლოს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. აუცილებელია თან იქონიოს ამობეჭდილი რუკა, ასევე რუკის აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის გარეშეც მუშაობს და მონიშნულია როგორც ეპიცენტრი, ასევე საავადმყოფოები, თავშესაფრები და სხვა გადაუდებელი დახმარების პოტენციური წერტილები. თან ჰქონდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.
- შეამოწმოს კვების ბლოკები, დამტენები, გადამყვანები, მეხსიერების ბარათები, ყველა აქსესუარი, რაც შეიძლება მუშაობისას დასჭირდეს. უმჯობესია თან ჰქონდეს რამდენიმე მობილური კომპანიის სიმ ბარათი იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ქსელს პრობლემა ექნება.
- მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის უნდა ეკონტაქტოს ჟურნალისტი, როგორია სუბორდინაცია, ვისი მითითებები უნდა შეასრულოს.
- თუ შემთხვევის ადგილზე მყოფი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ წერტილზე მისვლა სახიფათოა, მაშინ რედაქტორის მოთხოვნის მიუხედავად, მას შეუძლია დატოვოს სამუშაო ლოკაცია, დაასაბუთოს საკუთარი გააწყვეტილება და საქმის კურსში ჩააყენოს რედაქცია. ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა უპირველესი ამოცანაა.
ტექნიკური
დეტალები
ჩაცმულობა- გადაამოწმეთ ამინდის პროგნოზი და შეარჩიეთ მოხერხებული ტანსაცმელი
- ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, დახურული. წყალდიდობის დროს წყალგაუმტარი, მსუბუქი და მაღალყელიანი.
- შარვალი და ზედა უმჯობესია ღია, ნეიტრალური ფერის (არ შეიძლება ხაკი, ანდა სამხედრო ფორმას მიმსგავსებული შეფერილობის). შარვალი არ უნდა იყოს ჯინსის, რადგან დასველებისას მძიმდება და მოუხერხებელია.
- თან იქოინეთ საწვიმარი;
- წაიღეთ სამედიცინო ნიღაბი, ანდა ყელსახვევი, შარფი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ კვამლის, მტვრის, გაზისგან დასაცავად.
- არ არის რეკომენდირებული ძვირადღირებული აქსესუარების (საათი, სამკაული) თან ქონა.
- ღამის გასათევი ადგილის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ უსაფრთხოებას. სიტუაციის მიხედვით, ასეთი ადგილი ზოგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ცნობილი (ბრენდული) სასტუმრო, ანდა კერძო სახლი.
- უმჯობესია თუკი საცხოვრებელი ადგილი არ იქნება მოწყვეტილი ცივილიზაციას, არ იქნება განთავსებული განცალკევებით, ანდა ისეთ ქუჩაზე, სადაც ჩიხია და არ არსებობს გასასვლელი ორივე მხარეს.
- ადგილის შერჩევის შემდეგ კარგად შეისწავლეთ ყველა გასასვლელი შენობიდან.
- იარეთ იმ გზებით, რომლითაც სხვებიც სარგებლობენ. ერიდეთ გაუკვალავი ბილიკებით მარტო სიარულს. გადაადგილების შესახებ რედაქციას პროაქტიულად აცნობეთ.
- არ გაჩერდეთ ხეებთან ახლოს, რადგანაც ქარიშხლის თუ ხანძრის დროს არსებობს ტოტებისა და ხის, ასევე მეხის დაცემის რისკი.
- მოერიდეთ წყლით დაფარულ ადგილებს, სადაც ასევე შეიძლება ელექტრო კაბელები გადიოდეს. თავი აარიდეთ ფეხსაცმლის გარეშე სიარულს.
- ხანძრის დროს მანქანაში უნდა იყოს აწეული ფანჯრები, მანქანის კარი - ჩაურაზავი, ვენტილაცია - გამორთული. უნდა აკონტროლოთ ქარის მიმართულება, ხანძრის კერებთან მიახლოვებას ერიდეთ.
შინაარსობრივი მხარე
გაშუქების ტონი
- ბუნებრივი კატაკლიზმებისას იმატებს ჭორები, გამოგონილი ამბები და სპეკულაცია. ამიტომაც, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გადამოწმებული ინფორმაცია. არაზუსტმა ცნობებმა შეიძლება დააბნიოს და საფრთხე შეუქმნას სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს.
- ჟურნალისტის გამოწვევაა, რომ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად არ დათესოს პანიკა და უსაფუძვლო შიში მოსახლეობაში. გაშუქების ტონი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მშვიდი.
- ბუნებრივი კატაკლიზმებისას ჟურნალისტებს ზოგჯერ უჭირთ აქტივიზმსა და პროფესიულ მოვალეობას შორის ზღვარის გავლება. მნიშვნელოვანია საკუთარი როლი მკაფიოდ გქონდეთ გააზრებული. ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულების ფიზიკური დახმარების მცდელობისას. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ჰუმანიტარული დახმარების მისიაში არ იმყოფებით.
- რედაქციამ კარგად უნდა განსაზღვროს როდის გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, როგორ და რა ფორმით აშუქებს მოვლენას სხვადასხვა პლატფორმაზე - სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დამხმარე ვებსაიტებზე და ა.შ.
- საგანგებო რეჟიმში მუშაობის დროსაც შეეცადეთ მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელოთ, რათა თავიდან აიცილოთ სპეკულაცია და პანიკა. თუ კი ჟურნალისტს უწევს დაუზუსტებელი ინფორმაცის გადაცემა, მან ამის შესახებ ცხადად და ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას.
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მათ, ვინც აცხადებს, რომ თვითმხილველია. გამოჰკითხეთ დეტალები და დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად თავად ნახა ის, რის შესახებაც ჰყვება.
- ბუნებრივი კატასტროფების დროს იზრდება ყალბი აუდიო-ვიზუალური მასალის გავრცელების რისკი, ამიტომაც გადაამოწმეთ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული მასალები, რედაქცია თავად უნდა დარწმუნდეს, რომ აუდიტორიისგან მიღებული მასალები სინამდვილეს ასახავს.
ეცადეთ მოიძიოთ:
- დეტალები, რომლის ცოდნა დაეხმარება მოსახლეობას;
- ის რისკები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან;
- უწყებები რომელთა პასუხისმგებლობაცაა მოქალაქეთა დახმარება, ინფორმირება, მომზადება და ა.შ.;
- ზარალის რაოდენობა და სახელმწიფოს გეგმები/ღონისძიებები დაზარალებულთა დასახმარებლად;
- ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულები გაუცნობიერებლად, წინასწარი გათვლის გარეშე ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში და მომეტებული საჯარო ინტერესის საგნად იქცევიან. ამ დროს მნიშვნელოვანია მედიამ პატივი სცეს მათ პირად ცხოვრებას და დაუსაბუთებლად არ შეიჭრას მათ პერსონალურ სივრცეში.
- ეცადეთ არ გამოაქვეყნოთ ისეთი ვიზუალური მასალა, რომელიც დაზარალებულს, კატასტროფაში მოყოლილ ადამიანს ღირსებას შეულახავს. დააკვირდით, რა ფორმით ჩანან ისინი თქვენს მასალაში. რედაქციამ უნდა დაიცვას ბალანსი საჯარო ინტერესსა და იმ მასალის გამოქვეყნებას შორის, სადაც ადამიანთა ტანჯვაა ასახული;
- ინტერვიუს აღებისას გაითვალისწინეთ დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა. ნუ აიძულებთ იმ დეტალების გახსენებას, რაც მის ხელახალ ტრავმირებას იწვევს;
- ნუ დარჩებით მათ კერძო საკუთრებაში, თუკი დატოვებას გთხოვენ;
- არ აედევნოთ, თუკი გთხოვენ რომ არ გაჰყვეთ თან;
- ნუ შეაწუხებთ დაზარალებულებს ხშირი ზარებით, შეტყობინებებით, სახლთან დალოდებით; ცხადად განუმარტეთ თუ რომელ მედისაშუალებას წარმოადგენთ;
- დაკრძალვის გადაღებისას აუცილებელია თანხმობა. სხვა შემთხვევაში, რედაქციამ უნდა დაასაბუთოს, რომ დაკრძალვის გადასაღებად განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.
- მძიმე კადრების გამოქვეყნების შემთხვევაში, (დასახიჩრებულთა, გარდაცვლილთა ხედები) როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ მედიამ წინასწარ უნდა გააფრთხილოს მკითხველი ამის შესახებ. პრესა უნდა მოერიდოს ამგვარი ფოტოების გამოქვეყნებას გამოცემის პირველ გვერდებსა და გარეკანზე;
- დაუშვებელია კადრებით, ხმით მანიპულირება. ამბის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ცალსახად უნდა იყოს მითითებული, რომ სცენა დადგმულია;
- მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე კადრების პერმანენტულად განმეორებამ, ანდა განგრძობითად ჩვენებამ;
- ბუნებრივი კატაკლიზმების განმეორებითი აღწერის დროს რედაქცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად ღირს მძიმე ვიზუალური მასალის ხელახალი გავრცელება, სადაც კონკრეტულ პირთა ტანჯვაა ასახული.იფიქრეთ გადარჩენილთა, მათ ახლობელთა რეტრავმვირებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.
გამოყენებული მასალა: