კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის შეშფოთებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის ირგვლივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილთან აკავშირებენ.
მსგავს რიტორიკას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და წარმოადგენს საფრთხის შემცველ დეზინფორმაციას, რომელიც ომის შიშით მანიპულირებს და საქართველოს მოქალაქეების დასავლური არჩევანის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. სწორედ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია დასავლურ არჩევანზე „პრაგმატულად“ უარის თქმა და 2008 წლის ომის შემდეგ „ახალ რეალობასთან მორგების“ აუცილებლობაში ჩვენი საზოგადოების დარწმუნება.
ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რომლის მიღწევისთვის ჩვენს საზოგადოებას დიდი ფასი აქვს გადახდილი. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობიერებულად ასოცირდება ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, დემოკრატიულ განვითარებასა და - რაც მთავარია - თავისუფლებასა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასთან. მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი ჩვენი ეროვნული ამოცანის - თავისუფლებისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.
დაუშვებელია დასავლური ღირებულებების აღრევა, მიზანმიმართულად დამახინჯება და მოსახლეობისთვის მცდარი სახით მიწოდება. აღნიშნული ტენდენცია საქართველოში განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფების მიერ. თუმცა დღეს - უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობის ფონზე - მედია წყაროებისა თუ მმართველი ჯგუფებისგან პოლარიზების, მცდარი ინფორმაციის ინიცირების, წახალისებისა და მხარდაჭერის ფაქტები განსაკუთრებით დამაზიანებელია. „ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა და განცხადებები ხშირად არაზუსტი და დეზინფორმაციულია. ამგვარი განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის ურყეობას.
საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ცხადი და პირდაპირი გზავნილებით მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებისკენ.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა არ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ, ვიწროპარტიული ამოცანების მისაღწევად და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და უარი თქვას რიტორიკაზე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს.
როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.
მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „პრაიდ კვირეული“ თბილისში 28 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დასრულდება. ულტრარადიკალური ჯგუფები, შარშანდელის მსგავსად, ახლაც იმუქრებიან, რომ აპირებენ კვირეულისთვის ხელის შეშლას.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველი განცხადებები.
ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.
მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია და დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.
კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს.
ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა
მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
მედიაომბუდსმენი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
მწვანე ალტერნატივა
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს პენცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საზოგადოება და ბანკები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
დემოკრატიის ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
ცენტრი „ემპათია”
მწვანე სექტორი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სირცხვილია • Shame Movement
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო სათანადო ყურადღებას დაუთმობს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს:
სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო დავას ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება მესამე წელია ყურადღებით აკვირდება. დღეს უკვე ცხადია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების ცვლილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული გახდა, ხოლო სამართლებრივი პროცესი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმულია, როგორც მმართველი პარტიის მიერ მართული. ასეთივე ლეგიტიმური ეჭვები არსებობს ნიკა გვარამიას პროცესის მიმართ.
სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები, ასევე, მედიის საქმიანობის მიმართ საჯარო ინტერესი და მიიღოს დასაბუთებული, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ეჭვებს გაფანტავს.
გუშინ, 2022 წლის 10 მაისს „TV პირველის" წამყვანმა ვიკა ბუკიამ გაავრცელა მიმოწერა, რომლის შინაარსის მიხედვით, „TV პირველის” წამყვანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარა კავშირშია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.
ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები.
2022 წლის 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, მაია მერკვილაძის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ვინაიდან ბიულეტენზე ყოფნის დროს ესწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს.
ამასთან, 2022 წლის 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური ღონისძიების უმაღლესი ზომა, სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანის, ალექსანდრე თხილაიშვილის მიმართ.
ქარტია მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაადეკვატურია და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია. ალტერნატიული პროფკავშირების წევრების მიმართ მენეჯმენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები ემსახურება განსხვავებული შეხედულებების დევნას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის.
2022 წლის 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, მაუწყებელში სარედაქციო გადაწყვეტილებები ე.წ. შავი სიების მიხედვით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცენზურის მცდელობებზე საუბრობს გადაცემის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიყენებას“ ასახელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამივე თანამშრომლის ინტერესებს მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.
2022 წლის 28 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლდა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანი ალექსანდრე თხილაიშვილი.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მხრიდან ფასდება როგორც „ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა“ პიროვნული დევნის გაგრძელება.
2022 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები - სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად „დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებების“ გავრცელებაა დასახელებული.
გათავისუფლებული ჟურნალისტები მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე რამდენიმე თვეა საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. სამოქალაქო სექტორი კი ითხოვს ამ საკითხის ობიექტურ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე მოკვლევას.
ქარტია მიიჩნევს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე. ამასთან, მსგავსი მიდგომები ქმნის საფრთხეს შემდგომში სხვა ჟურნალისტებმა თავი შეიკავონ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან.
ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს:
კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოს მთავრობის საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა და ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვა მკვიდრდება როგორც მანკიერი პრაქტიკა. ამ გზით გრძელდება ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც გამოხატვის თავისუფლებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნაში არაერთხელ გამოვლინდა.
2022 წლის 08 აპრილს ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს ფარგლებშიც. ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული Როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მედიის ნაწილი, მათ შორის, „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მედიის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ: 2021 წლის 17 ივლისს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი არ მიიწვიეს. პრესსამსახურის განმარტებით, ტელეკომპანიები ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი“.
ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით გამოირჩევა Ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. 2021 წლის 08 დეკემბერს კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის“ წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი“ მედიის წარმომადგენელი. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე, არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერს ასეთივე ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ამ გზით თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას. ის გაურბის ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ესაუბრება საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილს. მთავრობის ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ მწვავე პოლარიზაციას.
კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს ჟურნალისტის უფლებას დაუბრკოლებლად შეასრულოს პროფესიული მოვალეობა, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ადევნოს თვალი მიმდინარე პროცესებს.
საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის სულისკვეთებას.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უარი თქვას მედიის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.