2022 წლის 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა პრემიერ-მინისტრის ქვემო ქართლში ვიზიტის შესახებ TV პირველს, მთავარ არხსა და ფორმულას არ აცნობა. შედეგად, მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა საშუალება, გაეშუქებინა ღონისძიება მარნეულში. მათ შეეზღუდათ უფლება, მიეღოთ და გაევრცელებინათ საჭირო ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა თავისთავად დაუშვებელი, ხოლო, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება - დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იყოს.
სამწუხაროდ, ეს შერჩევითი მიდგომის პირველი შემთხვევა არ არის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხშირად საჯარო უწყებებში არ უშვებენ და ბარიერებს უქმნიან.
ქარტიას მიაჩნია, რომ საჯარო უწყებების მსგავსი ქმედებები ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს მიმართავს. ქარტია ითხოვს, დაიწყოს მოკვლევა და გატარდეს შესაბამისი ზომები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკითხზე, გადაცემა ,,ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების განცხადების საფუძველზე.
ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა.
ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.
ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, შეისწავლოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შესაძლო ჩარევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა.
2021 წლის 19 მარტს „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს სიუჟეტის მიხედვით, მიზეზი ჟურნალისტური ეთიკის წესების და პარლამენტის შინაგანაწესის დარღვევაა, თუმცა არ არის განმარტებული, რომელ სამართლებრივ ნორმას ეფუძნება აკრძალვა და ვადით ეზღუდება ჟურნალისტს პარლამენტის შენობაში მუშაობა აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის პარლამენტში არშეშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალიტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, კრიტიკული კითხვები დაუსვა.
ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საჯარო უწყებებში არ უშვებენ. ბოლო პერიოდში კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მონიტორინგის სფეროში მსგავსი არაერთი შემთხვევა მოექცა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარო უწყებების წარმომადგენლები ამით ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტებისა და მედიების დასჯას და უგზავნიან სიგნალს, რომ თუ მათთვის სასურველ სარედაქციო პოლიტიკას არ გაატარებენ, საჯარო უწყებში შესვლისა და მუშაობის საშუალებას არ მიეცემათ. საჯარო პირების მსგავსი ქმედებები ახალისებს ჟურნალიტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს ქვეყანაში და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს
პარლამენტს დაუშვას ნატალია ქაჯაია პარლამენტში. მნიშვნელოვანია,
სახელმწიფო უწყებებმა იგრძნონ თავი ანგარიშვალდებულად მათი
ამომრჩევლის წინაშე, უპასუხონ არსებულ კითხვებს და გაიაზრონ მათი
საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობა
დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დღეს, 2022 წლის 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი პირი და დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, ცნობილია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ტელეკომპანია „ფორმულა”-ს თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.
კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
მეშვიდე დღეა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც მედია და შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ იღებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობა მხოლოდ მთავრობის სხდომების შემდეგ გაკეთებული მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს და ამ დრომდე არცერთხელ არ შეხვედრია ჟურნალისტებს.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ინფორმაცია, მოაწყონ პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის და უპასუხონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გარშემო დაგროვილ შეკითხვებს.
აუცილებელია, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეკითხვის დასმის საშუალება ჰქონდეს საქართველოში მოქმედ ყველა ტიპის მედიას და არამხოლოდ ნაციონალური სატელევიზიო არხების წამყვანებს ან ჟურნალისტებს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ასევე, დაუშვებელია, ჟურნალისტების შერჩევა და შეხვედრაზე დაშვება-არდაშვება ხელისუფლების მიმართ კეთილი ან კრიტიკული განწყობების მიხედვით.
ასევე, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამგვარი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებამ დროულად და სრულად მიიღოს ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმაა, მთავრობა და მმართველი გუნდი კი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქის უფლებას, მიიღოს ინფორმაცია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ მედია ეხმარება საზოგადოებას მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგში.
დღეს, 2022 წლის 2 მარტს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, „ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას სასამართლოსთან, სავარაუდოდ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დახვდნენ. ისინი ჟურნალისტს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ძალადობრივ ანგარიშსწორებას. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2” -ის თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, თუმცა უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული და იგეგმება თუ არა მათი დასჯა კანონით გათვალისწინებული წესით.
მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური თავდასხმის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე დროული სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფონზე, რუსეთი, პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ახდენს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ცალკეულ ადამიანებზე მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოტივაცია, როცა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული მედია დაბლოკა. რუსულ სამთავრობო მედიას სანქციები დაუწესა სოციალურმა მედიამაც. მანამდე სანქცირებულთა სიაში აღმოჩდნენ მთავრობასთან აფილირებული რუსი ჟურნალისტებიც, რომლებიც რუსული დამპყრობლური პროპაგანდის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მსგავსს სტრატეგიას იყენებს რუსეთი საქართველოშიც. რუსული სამთავრობო თუ მასთან აფილირებული ადგილობრივი მედიის და სოციალური ქსელების დახმარებით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ცდილობს გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რუსეთი 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ ქვეყანას და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მხრიდან მომდინარეობს და არ დგამს სათანადო ნაბიჯებს მათ საწინააღმდეგოდ. რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის შეზღუდვისთვის დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო საფუძვლების პარალელურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები
გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს პროპაგანდისტული არხების
ტრანსლაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მედიის წარმომადგენლებს და კოლეგებს უკრაინის პრესის საბჭოში.
ქარტია მადლობას უხდის ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული და სრულყოფილი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
ამავდროულად, ქარტია მიმართავს საქართველოს მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ სიფრთხილე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რადგან ასეთ დროს განსაკუთრებით აქტიურდება პროპაგანდისტული კამპანიები და დეზინფორმაცია, ვრცელდება უამრავი გადაუმოწმებელი ცნობა, ვიდეო და ფოტო მასალა.
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მიმართულია უკრაინის მოვლენებისადმი, მნიშვნელოვანია, მედიამ გაორმაგებული ძალისხმევა დახარჯოს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მხოლოდ სანდო წყაროები გამოიყენოს.
ქარტია ასევე მიმართავს საზოგადოებას, ნუ წამოეგებიან საქართველოში მოქმედი პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაციებისა და საინფორმაციო არხების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.