19.11.2024

22 სექტემბერი,  2024 წელი

საქმე N-761

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, მანანა ქველიაშვილი, ნინო კაპანაძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას არ დასწრებია განმცხადებელი. მასთან შეთანხმებით, საბჭომ განცხადება ნენე (ნესტან) დალაქიშვილის დაუსწრებლად განიხილა.

მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.

სამოტივაციო ნაწილი

სადავო მასალა:

სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ქარდის” სახით გამოქვეყნდა. მასში განმცხადებელი მოხსენიებული იყო, როგორც “ნაცმოძრაობის აქტივისტი”.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

განმცხადებლის პოზიციით, მცდარია მისი “ნაცმოძრაობის აქტივისტად” წარმოჩენა, ვინაიდან ის არის ჟურნალისტი,  ტელეკომპანია "ფორმულას” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი. სადავო მასალა ემსახურება მკითხველის შეცდომაში შეყვანას და ტელეკომპანია "იმედს" თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ზუსტად უნდა მიეთითებინა მისი საქმიანობის შესახებ.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “იმედის” ფეისბუქ პოსტით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან მასში ნენე დალაქიშვილის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციაა გამოტანილი, რაც აუდიტორიას არასწორ წარმოდგენას უქმნის.

წინამდებარე პრინციპი ავალდებულებს ჟურნალისტს, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მაქსიმალურად გადაამოწმოს ის და ამით უზრუნველყოს აუდიტორიის უფლება, მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია.

საბჭომ გამოიკვლია, შესაძლებელია თუ არა საჯარო წყაროებში, განმცხადებლის საქმიანობის შესახებ, ინფორმაციის მოძიება.

ირკვევა, რომ განმცხადებლის, ნენე დალაქიშვილის ფეისბუქ გვერდზე მითითებულია მისი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი და ისიც, თუ რას საქმიანობდა წინა წლებში.

აქედან გამომდინარე, ჟურნალისტი ვალდებული იყო, მიეთითებინა ის სამსახურებრივი პოზიცია, რაც განმცხადებელს ღიად აქვს დაფიქსირებული.

თუ “იმედის” ჟურნალისტს ჰქონდა რამე მტკიცებულება რომ ნენე დალაქიშვილი “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია” ასეთი მტკიცებულება,  ბმულის სახით მაინც უნდა მიეთითებინა გამოქვეყნებულ მასალაში და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ნესტან დალაქიშვილს დაკავშირებოდა, ვინაიდან ნესტან დალაქიშვილი საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი”.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ “ქარდზე”  გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოტანით, “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა აუდიტორიისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

ქარტიის სამდივნომ ნენე დალაქიშვილის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინა.

ამასთან, განმცხადებელმა “ქარდთან” დაკავშირებით გამოაქვეყნა ფეისბუქ სტატუსი, რომელშიც გამოთქვამს უკმაყოფილებას მისი “ნაცმოძრაობის აქტივისტად” მოხსენიების გამო და პოსტზე მონიშნულია ტელეკომპანია “იმედიც”. ეს კიდევ უფრო ზრდის  დაშვებას, რომ ტელეკომპანიამ იცოდა სადავო მასალაზე ნენე დალაქიშვილის პრეტენზიის შესახებ.

საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

სადავო მასალა  დღემდე ხელმისაწვდომია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ “ქარდში” გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, რაც წინამდებარე დანაწესის დარღვევის დადგენის წინაპირობაცაა.

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა და გადაცემის წამყვანმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

მეშვიდე პრინციპი.

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

განმცხადებლის პოზიციით, მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტის დამახინჯებულად წარმოჩენამ, მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებით, “იმედმა” დისკრიმინაცია წაახალისა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო “ქარდში” ქარტიის მე-7 პრინციპი არ დარღვეულა.

საბჭო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის მეტად პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, საჭირო იყო ამ ნაწილში განმცხადებლის მხრიდან დამატებითი არგუმენტების, მტკიცებულებების წარმოდგენა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იმის უკეთ აღქმა, თუ რა ასპექტში, რა ნიშნით მოხდა მისი დისკრიმინაცია. მოცემულ შემთხვევაში კი საბჭომ ეს ვერ დაინახა.

ამასთან, ქარტიის საბჭოს პოზიციით, “ნაცმოძრაობის აქტივისტად” შერაცხვა თავისთავად არ წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას და ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირება არ შეიძლება დისკრიმინაციის გამოხატულებად ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნულის გადაწყვეტილებით, საბჭო ვერ დარწმუნდა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევაში და მიიჩნია, რომ დისკრიმინაცია არ დასტურდება.

მეთერთმეტე პრინციპი.

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სადავო მასალაში დამახინჯებულადაა წარმოჩენილი მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტი და “იმედმა” მიზანმიმართულად, განზრახ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

საბჭომ სადავო “ქარდში” ქარტიის მე-11  პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით,  ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

თუ დადგინდა, რომ:

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად  ხასიათს.

24 აგვისტოს გამოქვეყნებული სადავო “ქარდი” “იმედმა” მოამზადა ნენე დალაქიშვილის მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუქ სტატუსზე დაყრდნობით. იმედის ჟურნალისტს  დალაქიშვილის სოციალური ქსელის მთავარ გვერდზევე შეეძლო ენახა მითითება, რომ ის ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელია და არ ახდენს თავის იდენტიფიცირებას როგორც “ნაცმოძრაობის აქტივისტი”.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, როცა საბჭო რწმუნდება, რომ, გარემოების გათვალისწინებით, ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაცია უნდა სცოდნოდა, მაგრამ მან მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭო დარღვეულად მიიჩნევს მე-11 პრინციპს.

მე-11 პრინციპის დადგენისას საბჭო ყოველთვის ცდილობს, გამოიკვლიოს რა განზრახვა ამოძრავებდა ჟურნალისტს არაზუსტი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისას.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო მოტივად მიიჩნევს “იმედის”მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას - “იმედს” ღიად აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს უჭერს მმართველ პარტიას და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძვის.

ნესტან დალაქიშვილი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და მისი აქტივობების უმრავლესობა მიმართულია არსებული ხელისუფლების კრიტიკისკენ.

“იმედის” ჟურნალისტმა ამ “ქარდით” სცადა, ნენე დალაქიშვილის კრიტიკული პოსტები როგორც “ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის” პოზიცია, ისე წარმოეჩინა. ამით კი ხელი შეუწყო მის დისკრედიტაციას, რაზეც მიანიშნებს “იმედის” ამ “ქარდზე” მომხმარებლების შეურაცხყმოფელი კომენტარების სიმრავლე ნენე დალაქიშვილის, როგორც “ნაციონალების აქტივისტის” მისამართით.

აქედან გამომდინარე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო “ქარდში” დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები, ხოლო მე-7 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

განცხადება

სადავო მასალა

06.11.2024

22 სექტემბერი,  2024 წელი

საქმე N-762

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, მანანა ქველიაშვილი, ნინო კაპანაძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მზია კობერიძემ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაცემა ემსახურებოდა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების "გორმედის" პოზიციის დაფიქსირებას, ამ საავადმყოფოში გარდაცვლილი 30 წლის ქალის მშობლების და ახლობლების გაღიზიანებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას.

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საბჭოს წევრმა საბა წიწიკაშვილმა სხდომის გახსნის შემდეგ საქმე აიცილა, ინტერესთა კონფლიქტის გამო. მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი მზია კობერიძე  და გარდაცვლილი ქალის მეუღლე - ამირან გიგუნაშვილი.

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

სამოტივაციო ნაწილი

სადავო მასალა:

სადავო მასალა “ტვ მონიტორინგის” ფეისბუკ და იუთუბ გვერდებზე 2024 წლის 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის ეხებოდა “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე ასაკის მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტს.

საქმის განხილვის დროისთვის სადავო სიუჟეტი “ტვ მონიტორინგის” იუთუბსა და ფეისბუქ გვერდზე აღარ იყო ხელმისაწვდომი.

ჟურნალისტების სადავო ფრაზები:

“ახლობლების ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთით უნდა ემშობიარა, მოულოდნელად კი კომაში ჩავარდა”;

“როგორც “გორმედში” აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა საკეისრო კვეთის დროს დამძიმდა”;

“პაციენტი “გორმედის” სამშობიაროს ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით”.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშუქებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო მასალა, დაახლოებით წუთნახევრის ხანგრძლივობის იყო. მასალაში 1 წთ. და 18 წმ. დაეთმო “გორმედის” პოზიციის წარმოჩენას. მასალაში არ იყო გარდაცვლილი ქალის არცერთი ახლობლის კომენტარი.

სიუჟეტის დასაწყისში წამყვანმა გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც, მისი თქმით, გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს, თუმცა ქარტიის სხდომაზე ოჯახის ადვოკატმა და გარდაცვლილის მეუღლემ კატეგორიულად უარყვეს მათი ოჯახის მხრიდან “ტვ მონიტორინგისთვის” რაიმე ინფორმაციის მიწოდება და მათი ჟურნალისტებთან კომუნიკაცია.

საბჭოს ძალებს აღემატება იმის დადგენა, ვის გულისხმობდა გადაცემის წამყვანი გარდაცვლილის ახლობლებში, ვის გაესაუბრა ჟურნალისტი ოჯახის ახლობლებიდან და როდის. ეს ინფორმაცია ეთერში გასულ მასალაშიც არ ჩანს.

სამწუხაროდ, “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტებმა ამ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თავიანთი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

საბჭო განმარტავს, რომ ქარტიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, ზუსტ ინფორმაციად მიიჩნევა ისეთი ინფორმაცია, რომელიც სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე იქნება დაფუძნებული და გადამოწმებული.

განსახილველი მასალაში, მხოლოდ ერთი წყაროს, სამედიცინო დაწესებულება “გორმედის” იდენტიფიცირება მოხდა და ჟურნალისტი მხოლოდ კლინიკის ვრცელ პოზიციას აცნობს მაყურებელს, რაც ტოვებს განცდას, რომ ქალი საავადმყოფოში დაგვიანებით შეიყვანეს და რომ მას მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, და ქმნის წარმოდგენას, რომ კლინიკამ და მისმა ექიმებმა ყველაფერი იღონეს, თუმცა მშობიარის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამას კატეგორიულად არ ეთანხმება გარდაცვლილის მეუღლე და ოჯახის ადვოკატი, და ქალის გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ მასალაში არ ჩანს ინფორმაციის გადამოწმების სათანადო მცდელობა. მასალა ეყრდნობა მხოლოდ ერთი მხარის, კლინიკის, პოზიციას, მხარის, რომელიც ცალსახად დაინტერესებული, მიკერძოებული მხარეა და, შესაძლოა, სულაც არ აწვდიდეს ჟურნალისტს ზუსტ ინფორმაციას.

ჟურნალისტმა უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და მაყურებელს მიაწოდოს დაბალანსებული ინფორმაცია, რომელშიც ყველა რელევანტური მხარე იქნება წარმოდგენილი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მოხდა.
მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, წარმოეჩინა ამბავში მონაწილე მეორე მხარის, გარდაცვლილის ოჯახის, პოზიცია, არ არის ოჯახის წევრებთან ინტერვიუ, ანდა მისი მოპოვების მცდელობა.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს ქარტიაში განცხადების შემოსვლის შემდეგ “ტვ მონიტორინგის” მიერ სადავო მასალის საკუთარი ონლაინ რესურსებიდან წაშლაზე.
გამოქვეყნებული მასალის შესაბამისი განმარტებების და დასაბუთების გარეშე წაშლა ეწინააღმდეგება ეთიკური მედიის ქცევის სტანდარტს.

პასუხისმგებლიანმა მედიამ გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, წაშალოს გამოქვეყნებული პროდუქტი, თუმცა ვალდებულია, საკუთარ აუდიტორიას მასალის წაშლის მიზეზი განუმარტოს
.

განსახილველ შემთხვევაში ეს არ მომხდარა, რაც ასევე აუდიტორიის უპატიცემულობაა.

გამომდინარე აქედან, საბჭო სადავო მასალაში დარღვეულად მიიჩნევს პირველ პრინციპს, მედიამ არ სცა აუდიტორიას პატივი და არ მიმართა ყველა შესაძლო გზას უფრო დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაციის გასავრცელებლად.

სარეზოლუციო ნაწილი

“ტვ მონიტორინგის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა

23.10.2024

27 ივლისი,  2024 წელი

საქმე N-743

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინა გადელიამ. ის მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 30 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში: “სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მოხუცი” -  დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3; მე-5 და მე-11 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის ადვოკატი დავით მეზვრიშვილი.

განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა ქარტიის 1-ელი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

განხილვისას, მას შემდეგ, რაც მას განემარტა ქარტიის პრინციპები, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-11 პრინციპები დაარღვია.

სამოტივაციო ნაწილი:

სადავო მასალა:

“სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მოხუცი” - “ტვ პირველი” “ნოდარ მელაძის შაბათი”; 2024 წლის 30 მარტი, 20:00 სთ.

თამარ დოლენჯაშვილის სადავო ფრაზები:

“94 წლის რიფსიმე დიდი აფიორის მსხვერპლი გახდა. მარტოხელა ქალმა მისი კუთვნილი ბინა დიღმის მასივში მეზობელს გადაუფორმა, იმ პირობით, რომ სიბერეში მოხუცზე იზრუნებდნენ, თუმცა უკვე 2 თვეა 94 წლის მოხუცი არავის მოუკითხავს.”

“პენსიონერი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს და საკუთარი თავის

მოვლაც, ქალს, რომელსაც ბინა გადაუფორმა, დახმარებას სთხოვს, თუმცა როგორც არაერთი

მოწმე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული“,

“ქალმა, რომელსაც ბინა ზრუნვის პირობით გადაუფორმა, მისი საპენსიო ბარათიც თან წაიღო და პირადობის მოწმობაც.”

“ყველა მისი საბუთი წაიღო ქალმა, რომელიც ნდობაში შევიდა.”

“მოხუცმა ბინა ნინა გადელიას 2013 წელს გადაუფორმა. რიფსიმე იხსენებს, რომ მაშინ საბუთებს ხელი მხოლოდ იმიტომ მოაწერა, რომ ნოტარიუსი სახლში მესამედ მიუყვანეს და ქალს უარის თქმა მოერიდა. დაპირდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მასზე იზრუნებდნენ, თუმცა მოატყუეს.”

“ჩნდება კითხვა, თუ ბინის მფლობელმა იცის, რომ მოხუცმა პირადობის მოწმობა დაკარგა, მაშინ ამდენი თვის განმავლობაში რატომ არ შეატყობინა იუსტიციის სახლს ამის შესახებ და რატომ არ დაუმზადეს მოხუცს ახალი დოკუმენტი.”

“რაც რიფსიმემ ბინა კარის მეზობელს გადაუფორმა, მას შემდეგ კარის საკეტებიც შეუცვალეს. მოხუცი გასაღების ერთადერთ ეგზემპლარს ბალიშის ქვეშ ინახავს, იმ მიზეზით, რომ არსად დარჩეს და დაეკარგოს. ქალი, კი ვისაც საკეტის დანარჩენი 4 ეგზემპლარი აქვს, ამ კორპუსში უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა.”

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი სრულად აცდენილი იყო რეალობას და მასში გამოთქმული ბრალდებები ფაქტებს არ ემყარებოდა და არ იყო შესაბამისი წესით გადამოწმებული. განმცხადებებლის თქმით, მან სიუჟეტში ნაჩვენები ქალისგან 13 წლის წინ შეიძინა ბინა და მას შემდეგ ამ ქალს მისი კეთილი ნებით ეხმარება.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

სიუჟეტის მიხედვით, მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ თითქმის 100 წელს მიღწეულ მოხუც ქალს, კარის მეზობელმა, ნინა გადელიამ მოტყუებით, მოვლა-პატრონობის დაპირებით, გადააფორმებინა სახლი, ახლა კი აღარ უვლის და მასზე აღარ ზრუნავს.
გარდა ამისა, ჟურნალისტი საკუთარი ტექსტებით, რესპოდენტების ინტერვიუების ფრაგმენტებით, აუდიტორიას აწვდის ინფორმაციას, რომ ამ “დანაშაულებრივი ფაქტის” შესახებ იციან სამართალდამცავებმა და არ რეაგირებენ. ჟურნალისტი გამოთქვამს მოსაზრებას, აკეთებს მინიშნებებს, რომ განმცხადებელს, ნინა გადელიას,ძალოვან უწყებებში ხელს აფარებენ.

აღწერილი ინფორმაცია სიუჟეტში გადმოცემულია მხოლოდ 94 წლის ქალის, რიფსიმე ანდრიასოვას, მონათხრობზე დაყრდნობით. სიუჟეტში დანარჩენი რესპოდენტები ნინა გადელიას ქმედებების შესახებ მხოლოდ ირიბ მინიშნებებს აკეთებენ. 

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სათანადო წესით გადამოწმებული და დადასტურებული არ არის.

მაგალითად:

განმცხადებლის მიერ ქარტიაში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ნინა გადელიას აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარად, 2013 წლის 10 იანვარს, რაც დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და ასახულია საჯარო რეესტრში.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი სიუჟეტში ყოველ ჯერზე ამბობს, რომ მოხუცმა რიფსიმე ანდრიასოვამ ნინა გადელიას ბინა გადაუფორმა. თავად მოხუცი ქალი სიუჟეტში ამბობს, რომ ბინა მან ნინა გადელიას აჩუქა.

ჟურნალისტმა სათანადოდ არ გამოიკვლია და აუდიტორიას არ უთხრა, რომ ბინის გადაფორმება მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, არ უთხრა მაყურებელს ნასყიდობის ფასი, ხელშკრულების დადების თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

წესით, ჟურნალისტს უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონების გადაცემა მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, ვინაიდან სიუჟეტში გრაფიკული სახით გამოყენებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩანს, რომ ნინა გადელიას ეს უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მიღებული.

სიუჟეტში განმცხადებლის, ნინა გადელიას, შვილიც ეუბნება ჟურნალისტს, რომ დედამისმა ბინა იყიდა. ჟურნალისტი რესპოდენტს ნასყიდობის ხელშეკრულებას თხოვს, რაზეც რესპოდენტი უარს ეუბნება.

თუმცა ნიშანდობლივია, რომ ჟურნალისტს მარტივად შეეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების მოპოვება და მისი დეტალების მაყურებლისთვის ჩვენება. საქართველოს კანონმდებლობით  ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ასლის ამოღება შეუძლია საჯარო რეესტრიდან, რასაც ერთი სამუშაო დღე სჭირდება.

ჟურნალისტები ამ გზას ხშირად მიმართავენ, მით უფრო გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც საკითხებს სიღრმისეულად იკვლევენ.

შესაძლოა, ეს ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური იყო, შესაძლოა, ნინა გადელიას თანხა არ გადაუხდია და ამას მიანიშნებდა “ტვ პირველის” რესპოდენტი, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს, ჟურნალისტის მხრიდან მისი დეტალების არ თქმა არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიჩქმალვა, რაც პირველი პრინციპის დარღვევაა.

საბჭოს განმარტებით, სიუჟეტში გამოყენებული ფრაზებით: უმძიმესი დანაშაული, აფიორის მსხვერპლი, მოტყუებული მოხუცი და სხვა., ჟურნალისტი სურათის გამძაფრებას ცდილობს და მაყურებელს მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, რომ ნინა გადელია არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, ჩადის დანაშაულს, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს, მაგრამ სამართალდამცველები მის ქმედებებზე არ რეაგირებენ.

სიუჟეტში მტკიცებით ფორმაშია წარმოდგენილი, რომ მოხუცს წაართვეს საპენსიო ბარათი და სხვა დოკუმენტები, შეუცვალეს კარის საკეტი, რომ მის მიმართ ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, პოლიციაში შესული იყო არაერთი განცხადება და ა.შ.

სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ რესპოდენტის, რიფსიმე ანდრიასოვას, მონათხრობს, საბჭო განმარტავს, რომ, მართალია, განმცხადებელი ნინა გადელია არ ხვდება ჟურნალისტს და არ პასუხობს მის შეკითხვებს, ეს ჟურნალისტს არ აძლევს უფლებას მტკიცებით ფორმაში მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო სათანადოდ ვერ გადაამოწმა. 

 განსახილველ სიუჟეტში, არასაკმარისადაა ნაჩვენები შინაგნ საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა.

სიუჟეტის მიხედვით ჟურნალისტი ცდილობს პოლიციის  რაიონულ განყოფილებაში, მისვლით, სადაც ის, სავარაუდოდ, რიგით პოლიციელს ეკითხება, გაარკვიოს რა ბედი ეწია რიფსიმე ანდრიასოვას მრავალ საჩივარს.

 სამართალდამცავი სისტემის ჩაკეტილობის გამო, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია საქართველოში, პოლიციის განყოფილებაში, ჟურნალისტმა მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დეტალების შესახებ.
მსგავს შეთხვევებში  ჟურნალისტები უკავშირდებიან პოლიციის და პროკურატურის შესაბამის სამსახურებს და იშვიათ შემტხვევაში ახერხებენ ინფორმაციის მიღებას. განსახილველ სიუჟეტში არ ჩანს მსგავსი მცდელობა, თუ ჟურნალისტი დაუკავშირდა სამართალდამცავი უწყებების პრესსამსახურებს, ეს ინფორმაცია უნდა აესახა სიუჟეტში.
ეს აუდიტორიას აჩვენებდა ჟურნალისტის სათანადო მცდელობას ინფორმაციის დასაზუსტებლად და ასევე აუდიტორიას მიაწვდიდა ინფორმაციას როგორ თანამშრომლობენ, ან არ თანამშრომლობენ ეს უწყებები მედიასთან.

ვინაიდან განსახილველ სიუჟეტში არ ჩანს ზემოთ აღწერილი მცდელობები, საბჭო მიიჩნევს, რომ ეს არის აუდიტორიის უპატივცემულობა, სიზუსტის პრინციპის დარღვევა.

ჟურნალისტი სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ განმცხადებელმა მოხუცი მიატოვა, მასზე არ ზრუნავს, მოხუცს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და ა.შ.საქმის განხილვის ეტაპზე განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა საბანკო ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდში ნინა გადელია რიფსიმე ანდრიასოვას ყოველთვიურად ურიცხავს გარკვეულ თანხას, თვეში 40 დან 150 ლარამდე.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, რომ ნინა გადელია სრულფასოვნად ზრუნავს მოხუც ქალზე, თუმცა არც სიუჟეტში და არც ქარტიაში წარმოდგენილ მასალებში არ ჩანს, რომ გადელიამ სამისდღემჩიო ზრუნვის ვალდებულება აიღო.

აღნიშნული საბანკო ამონაწერები ადასტურებს, რომ ჟურნალისტს სიუჟეტის მომზადებისას ხელთ არ ჰქონდა მტკიცებულებები, რითიც მას ობიექტურად შეეძლო აუდიტორიისთვის ეთქვა, რომ ნინა გადელია მოხუც ქალზე არ ზრუნავდა.

ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია, ცალსახად განმარტოს, რომ ვერ ამოწმებს კონკრეტულ ფაქტს, რადგანაც მასთან არ თანამშრომლობს სიუჟეტში მონაწილე მხარე და მისი ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობს.
ჟურნალისტის ასეთი ქმედების შემთხვევაში აუდიტორია კეთილსინდისიერადაა ინფორმირებული და თავად აკეთებს დასკვნებს, რა მიიჩნიოს სარწმუნოდ, დაუჯეროს რესპოდენტის მონათხრობს, რომელიც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ არა
.

გამომდინარე აქედან, სადავო სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში დაუდასტურებელი ფაქტების გახმაურება საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნია.

ქარტიის საბჭომ ასევე იმსჯელა გადაცემის ავტორის და წამყვანის ნოდარ მელაძის მიერ ქარტიის პრინციპების შესაძლო დარღვევის შესახებ. განმცხადებელი მისი მხრიდან დარღვევაზეც მიუთითებდა.

სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდია “ტვ პირველი” აღარ თანამშრომლობს ქარტიის საბჭოსთან და გადაცემის წამყვანს განსახილველ მასალაზე სარედაქციო პასუხისმგებლობის აღების შესახებ ქარტიისთვის არ შეუტყობინებია.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭომ ნოდარ მელაძესთან მიმართებით შეაფასა მისი, მხოლოდ როგორც წამყვანის, სიუჟეტის წარმდგენი ტექსტი:

“თაღლითობა ქვეყანაში სისტემურ დანაშაულად იქცა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანები შველასა და დახმარებას ითხოვენ. დღეს გიყვებით მოხუცზე, რომელიც სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

“მარტოხელა მოხუცს მეზობელი დაჰპირდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მოუვლიდა თუკი მის კუთვნილ ბინას მემკვიდრეობით დაუტოვებდა. მოხუცი ასეც მოიქცა, ნდობაში შევიდა მეზობელთან და მას ბინა გადაუფორმა, თუმცა მოხუცი ახლა მიატოვეს, სახლის გასაღებიც წაიღეს და, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს საკუთარი ბინიდან ქუჩაში გამოაგდონ. პენსიონერი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს და საკუთარი თავის მოვლაც, ქალს, რომელსაც ბინა გადაუფორმა, დახმარებას თხოვს, თუმცა როგორც არაერთი მოწმე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული”.

ამ ტექსტში გადაცემის წამყვანი ჟურნალისტის მსგავსად მტკიცებით ფორმაში აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიუჟეტში სათანადო სტანდარტით გადამოწმებული და დადასტურებული არ არის. წამყვანის ფრაზა, “სავარაუდო თაღლითობის” შესახებ, იქვე არის უგულველყოფილი, რადგანაც წამყვანი ტექსტის დანარჩენ ნაწილში არა ვარაუდით, არამედ მტკიცებით ფორმაში ჰყვება ფაქტებს, რომელიც დადასტურებული არ არის. მაგალითად, წამყვანი საუბრობს ბინის მემკვიდრეობით დატოვებაზე, რაც დადასტურებული არ არის. წამყვანი საუბრობს გადაფორმებაზე, მაშინ როცა დოკუმენტების მიხედვით, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებაა გაფორმებული, და ამის შესახებ წამყვანი და ჟურნალისტი აუდიტორიას ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების გაშუქებით, გადაცემის წამყვანმაც და ჟურნალისტმაც აუდიტორიისადმი უპატივცემულობა გამოიჩიესა და დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

განმცხადებლის პოზიციით,  მიუხედავად ნინა გადელიას და მისი შვილის განცხადებებისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა აბსოლუტურ  სიცრუეს, “ტვ პირველის” ჟურნალისტებმა თამთა დოლენჯაშვილმა და ნოდარ მელაძემ აღნიშნული  არ გაითვალისწინეს, და რეპორტაჟი  ეთერში მაინც გაუშვეს და ის ტელეკომპანიის სოციალურ გვერდებზე დღემდე ხელმისაწვდომია.

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

ქარტიის სამდივნომ, ნინა გადელიას განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “ტვ პირველს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც აძლევდა მათ საშუალებას, შეესწორებინათ არაზუსტი ინფორმაცია.

საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, შეესწორებინა სიუჟეტში არსებული უზუსტობები, რაც არ მომხდარა.

სადავო მასალა დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, რაც ასევე მე-5 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობაცაა.

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა და გადაცემის წამყვანმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

მეთერთმეტე პრინციპი.

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.

მე-11 პრინციპის ამ ნაწილში (ფაქტის განზრახ დამახინჯება) დარღვევას დავობდა განმცხადებელი განსახილველ სიუჟეტში.

განმცხადებელი ამ პრინციპის დარღვევის დასაბუთებისას აღწერდა იგივე გარემოებებს, რაშიც საბჭომ პირველი პრინციპის დარღევა დაადგინა.

ქარტიის საბჭოს მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის მაღალი სტანდარტი აქვს.
საბჭოს უნდა შეეფასებინა, ეს დარღვევები ჟურნალისტმა განგებ ჩაიდინა თუ არა. 

საბჭო აღნიშნავს, რომ მე-11 პრინციპის დარღვევა განზრახი “დანაშაულია” და საბჭო ყოველთვის ეძებს მოტივს და ამ მოტივის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა დარღვევის განზრახულობა და ჟურნალისტის შესაძლო მოტივაცია.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ჟურნალისტის არასაკმარისი მცდელობა ინფორმაციის გადამოწმების, რაც პირველი პრინციპის დარღვევაა, თუმცა მე-11 პრინციპის დადგენის ზემოთ მოცემული სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებები განმცხადებელს არ წარმოუდგენია და ვერც საბჭომ მოიპოვა.

განსახილველ შემთხვევაში იყო რამდენიმე გარემოება, რაც საბჭოსთვის გამორიცხავს განზრახულობას, ანუ მე-11 პრინციპის დარღვევას.

1. განმცხადებელმა, ნინა გადელიამ არ ითანამშრომლა ჟურნალისტთან, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე არ მიაწოდა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. თუ ჟურნალისტი არ გაითვალისწინებდა მიწოდებულ ინფორმაციას, ამით შეიძლება დადასტურებულიყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ განზრახ გააჟღერა არაზუსტი ინფორმაცია.

2. სიუჟეტის მთავარი გმირის, მოხუცი ქალის მძიმე საცხოვრებელმა პირობებმა, მეზობლების მინიშნებებმა მის პრობლემებზე, შესაძლოა, ჟურნალისტს შეუქმნა განცდა, რომ მოხუცი ქალის მონათხრობი სრული სიმართლე იყო და არ სცადა მისი სათანადო წესით გადამოწმება, რაც საბჭომ უკვე მიიჩნია პირველი პრინციპის დარღვევად და ამაში ვერ დაინახა ჟურნალისტის განზრახულობა განზრახ დაემახინჯებინა ფაქტები.

3. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, მინიშნება, თუ რა მოტივაცია ჰქონდა ჟურნალისტს სიუჟეტში აღწერილი ფაქტების განზრახ დამახინჯების, მით უფრო, რომ განმცხადებელი არ იყო საჯარო ანდა პოლიტიკური პირი.

საბჭოს პრაქტიკით, მე-11 პრინციპის დადგენისას განსაკუთრებული როლი ენიჭება ჟურნალისტის მოტივაციას, რაც ამ ემთხვევაში არ გამოვლინდა.

გამომდინარე აქედან, საბჭოს არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები “ტვ პირველის” ჟურნალისტების მხრიდან ფაქტების განზრახ დამახინჯების დასადასტურებლად. ამიტომაც, საბჭო მიიჩნევს რომ მე-11 პრინციპი დარღვეული არაა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ნოდარ მელაძემ და თამარ დოლენჯაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5  პრინციპები. არ დაურღვევიათ მე-11 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტები

30.09.2024

27 ივლისი,  2024 წელი

საქმე N-752

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს შორენა ლობჟანიძემ, ნანა ხომასურიძემ და ორგანიზაციის ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ, მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3,  მე-5 და მე-7 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, საინფორმაციო სააგენტომ Bpn.ge თავისი შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები: შორენა ლობჟანიძე და ნანა ხომასურიძე.

სამოტივაციო ნაწილი:

2024 წლის 26 აპრილს bpn.ge-ს გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?”. იგივე სტატია გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა: ambebi.ge; “კვირის პალიტრა”; ჟურნალი “გზა” და M2B.

სადავო მასალა:

“აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?”

ჟურნალისტების სადავო ფრაზები:

“აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”;

“რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.”

განმცხადებლების მხრიდან სადავოდაა გამხდარი არა მხოლოდ სტატიის კონკრეტული ფრაზები, არამედ მისი შინაარსი და გზავნილები მთლიანად. მათი პოზიციით, სტატიაში ყოველგვარ ოფიციალურ კვლევაზე დაყრდნობის გარეშე და სანდო წყაროების მიუთითებლად გამოქვეყნდა დემოგრაფ ანზორ თოთაძის მოსაზრებები, რაც ემსახურება საქართველოში შინაური ბინადარი ცხოველების მიმართ ისედაც ცუდი დამოკიდებულების გაუარესებას.

საინფორმაციო სააგენტო bpn.ge თავის შეპასუხებაში მიუთითებს, რომ სტატიის სათაურსა და ტექსტში მოყვანილი ფრაზები ეკუთვნის დემოგრაფ ანზორ თოთაძეს და მათი მხრიდან  სიტყვების ინტერპრეტაცია არცერთ ეტაპზე არ მომხდარა. მათი ინფორმაციით, ამ კომენტარის გაკეთებისას, თოთაძე ეყრდნობოდა კვლევას, რომელიც მის მიერ არის ჩატარებული და გამოცემულია წიგნის სახით.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სტატიაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ არაზუსტად, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, სათანადოდ გადაუმოწმებლად მიიჩნია სტატიაში გამოყენებული შემდეგი ფრაზები: “რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს.”
“მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.”
“უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების...”

ჟურნალისტი აღნიშნული ფრაზებით აუდიტორიას მტკიცებით ფორმაში ამცნობს, რომ თითქოს საქართველოში შობადობის კლება კორელაციაშია შინაური ცხოველის ყოლასთან და ამის ბრალია.

ამ გზავნილის გამოქვეყნებისას ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ ერთი მკვლევრის, დემოგრაფ ანზორ თოთაძის სიტყვებს, რაც სტატიაში არ არის გამყარებული სხვა რამე მტკიცებულებით.

შობადობის შემცირება ისეა დაკავშირებული საქართველოში ძაღლების მომრავლებასთან, რომ ჟურნალისტს გარდა ერთი რესპოდენტის მონათხრობისა, ამის დამატკიცებელი რამე სხვა წყარო,  არ აქვს სტატიაში მოტანილი.

სტატიაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს, მოიძიოს რელევანტური წყაროები, ვინც მკვლევრის ამ მონათხრობს დაადასტურებს ან გააბათილებს.

ქარტიის საბჭოს დადგენილი სტანდარტით, ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტი ვალდებულია, მასალაში სულ მცირე ორი დამოუკიდებელი წყარო გამოიყენოს.
განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტი მხოლოდ ერთ წყაროს, დემოგრაფ ანზორ თოთაძეს ეყრდნობა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სტატიის სათაური: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”. საბჭო განმარტავს, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმისთვის მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას მტკიცებითი სახით.

საბჭოს პრაქტიკით, ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში. სათაური მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის .

აღნიშნულ შემთხვევაში სათაურში ისეთი ინფორმაციის გამოტანა, რომელიც სტატიაში არ იყო სათანადო სტანდარტით გადამოწმებული, არის მანიპულაციური და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა არ სცა პატივი აუდიტორიას და არ გამოიყენა ყველა ღონე საზოგადოებისთვის მეტად დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

მესამე პრინციპი.

ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ქარტიის საბჭოს პოზიციით, სადავო სტატიაში წინამდებარე პრინციპი არ დარღვეულა.

საბჭოს განმარტებით, აღნიშნული პრინციპი დარღვეულია მაშინ, როდესაც ბუნებაში არ არსებობს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება. წყარო დადასტურებულია იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო, თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი.

ვინაიდან სადავო სტატიას ჰყავს წყარო, თანაც იდენტიფიცირებული, კერძოდ, ის ეყრდნობა დემოგრაფ ანზორ თოთაძის ნაამბობს, აღნიშნულ პრინციპს საბჭო დარღვეულად ვერ მიიჩნევს. ამდენად, საბჭოს პოზიციით, ქარტიის მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

ქარტიის სამდივნომ, შორენა ლობჟანიძის, ნანა ხომასურიძისა და მარინა ბერსენაძე-კაციტაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხეებს. ერთ-ერთმა მათგანმა, საინფორმაციო სააგენტო bpn.ge-მ, წარმოადგინა წერილობითი პოზიციაც.  აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მათ ვალდებულებას, შეესწორებინათ არაზუსტი ინფორმაცია.

ამდენად, საბჭო აღნიშნულ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს არა იმიტომ, რომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, არამედ ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ის განმარტავს, რომ  ჟურნალისტს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სტატიაში დაშვებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

სადავო მასალა  დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

მეშვიდე პრინციპი.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

განმცხადებლები, რომლებიც ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ, როგორც სადავო პროდუქტი, ისე მისი სათაური: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”, ემსახურება იმ ადამიანების დისკრიმინაციას, რომლებსაც ჰყავთ ცხოველები და არ ჰყავთ შვილები ან ჰყავთ მხოლოდ ერთი შვილი.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიაში  გამოყენებული ფრაზები: ("აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლები”; “რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს”;  “მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ”, “უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების...”) სწორედ დისკრიმინაციის სხვა ნიშანში გადის და არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს. საკითხის მსგავსი სახით გაშუქებამ გამოიწვია იმ ადამიანების გამორჩევა და სავარუდოდ მათ მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივება, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები და არ ჰყავთ შვილები ან ჰყავთ მხოლოდ ერთი.

სტატიაში  გაჟღერებული ინფორმაციით, ცხოველების ყოლა არის ცუდი დემოგრაფიისათვის, ეს ყოველივე კი ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ისინი, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს, უარყოფითად გამოარჩევს სხვებისგან, რაც დისკრიმინაციის ნიშანია.

სადავო მასალა საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი შვილების ყოლას ცხოველების ყოლას ამჯობინებს, რაც ამ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებაა.

ამასთან, ჟურნალისტმა არ გაითვალისწინა ის სენსიტიური ფონი, რაც დღეს საქართველოში არსებობს, და ცხოველებზე ძალადობის მოხშირებული სტატისტიკის მიუხედავად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც შობადობის კლების მიზეზად შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ასახელებს ცხოველებს.

სტატიის ავტორმა არ მიიღო მხედველობაში ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შვილის ყოლის შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო, რა დროსაც მათ შესაძლოა ჰყავდეთ შინაური ცხოველები. ავტორმა არ გაითვალისწინა მათი გრძნობები და განცდები და არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება ამ ადამიანების მიმართ. ამასთან, ხელი შეუწყო ცხოველების ყოლის მიმართ ისედაც არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების გაძლიერებას.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ  მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.

საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაემიჯნოს  დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ გამონათქვამებს და არ შეუწყოს ხელი მათ გაღრმავებას, რაც მოცემულ სტატიაში დარღვეულია და ჟურნალისტის გამონათქვამები თავად არის დისკრიმინაციის შემცველი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ნინი ქეთელაურმა და არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები. ხოლო, მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

24.09.2024

27 ივლისი,  2024 წელი

საქმე N-744

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 5 აპრილს “ტვ იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლებიც: ესმა გუმბერიძე, თომა კაკაბაძე, დეა ერემაშვილი, რამინ მაჭარაშვილი, გიორგი ძნელაძე.

სამოტივაციო ნაწილი:

სადავო მასალა:

5 აპრილი, 2024 წელი, 20:00 სთ-იანი “ქრონიკა”, “მოტყუებული შშმ პირთა ნაწილი” 20:11 სთ

თამარ შარიქაძის სადავო ფრაზები:

“ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის არასამთავრობო ასოციაციას ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა არ აქვს, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ამ ინტერვიუს უხერხული ნაწილი მაშინ იწყება, როცა ენჯეო სექტორი “ქრონიკისგან” იგებს, რომ ისეთი განცხადების ხელმომწერები არიან, რომლითაც შშმ პირთა სახელით გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეჩერებას და გაწვევას ითხოვენ.

“ხელმომწერთა შორის არის “გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”, თუმცა ირკვევა, რომ მისი წარმომადგენლები განცხადების შინაარსს არ იცნობენ, მეტიც, მათ ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა საერთოდ არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს იცავს, ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ჩანაწერი აქცევს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ რუსულად, მისი წარმომადგენლები მაინც დარწმუნებულები არიან, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ მათ უცხოური დაფინანსების მოპოვება გაუჭირდებათ’’.

“სახელისუფლებო გუნდისთვის შშმ პირთა ნაწილის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება.

“განცხადება გუშინ გავრცელდა, თუმცა ირკვევა, რომ ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არცერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში “შშმ პირები წარმოდგენილნი არიან ადვილად მართვად, მოსატყუებელ, უცოდინარ და დახმარების მიმღებ პირებად, რომელთა ნაწილიც მხოლოდ გრანტებზე და ფულადი რესურსების მიღებაზეა ორიენტირებული და რეალურად კანონის შინაარსი საერთოდ არ იციან/არ ადარდებთ.”

განმცხადებელი სიუჟეტში გაშვებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ “აშკარაა რესპონდენტი [თომა კაკაბაძე] კიდევ აგრძელებდა ინტერვიუს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც რესპონდენტის განცხადებითვე ეხება სწორედ იმას, თუ რატომ არის სადავო კანონი რუსული და რატომ არ უნდა მიიღონ, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ეს განზრახ ამოჭრა და არ აჩვენა რეპორტაჟში, რათა მათ მიერვე შეთხზული შშმ პირთა მოტყუების და ე.წ. უცოდინარობის შესახებ ინფორმაცია “გაემართლებინათ”.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ იმსჯელა და შეაფასა სადავო სიუჟეტში აღწერილი გარემოებები, მისი  შინაარსი და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ სიუჟეტი საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომლებიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.

სადავო მედიაპროდუქტი ეხებოდა 4 აპრილს, შშმ პირთა სახელით გავრცელებულ განცხადებას ე.წ. “აგენტების კანონთან” დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს კანონი დააზარალებს ყველას, მათ შორის, შშმ პირთა თემს. განცხადების ბოლოს ვხვდებით მასზე ხელმომწერთა სიას, რაც ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ ისინი იცნობენ განცხადების შინაარს და ხელმოწერით ადასტურებენ მათ ნებას “აგენტების კანონის” მიღების  წინააღმდეგ.

ჟურნალისტის სადავო ფრაზები: წარმომადგენლები განცხადების შინაარსს არ იცნობენ, მეტიც, მათ ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა საერთოდ არ აქვთ”;

“მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს იცავს, ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ჩანაწერი აქცევს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ რუსულად”;

“დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება”;

“ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არც ერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”.

სიუჟეტის შესავალში წამყვანი, ლევან ჯავახიშვილი, ამბობს: “ქრონიკამ” აღმოაჩინა, რომ რესპონდენტთაგან ყველამ არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. უფრო მეტიც, ნაწილი გამჭვირვალობის მომხრეა და არა მოწინააღმდეგე.”

წამყვანის წარდგენის ტექსტით, სიუჟეტის შინაარსი ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოს შშმ პირების ნაწილმა ისე მოაწერა ხელი კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებას, რომ მისი შინაარსი არ იცოდა და შეცდომაში არიან შეყვანილი.

ამის დასასაბუთებლად სიუჟეტში არის ერთი რესპონდენტის აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამყარებს “ტვ იმედის” სიუჟეტის პათოსს, მაგრამ არ არის საკმარისი განსაზოგადებლად.

კანონპროექტის წინააღმდეგ გავრცელებულ შშმ პირთა განცხადებას, რომელსაც “ტვ იმედმა” ეს სიუჟეტი მიუძღვნა, ხელს დაახლოებით 70 სუბიექტი, მათ შორის, 15 ორგანიზაცია აწერს, ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია, შშმ პირების საკითხებზე მუშაობენ, იცნობენ სფეროში არსებულ პრობლემებს, დაფინანსების წყაროებს, დონორების წვლილს მათ საქმიანობაში და ა.შ.

ამის  საპირწონედ, “ტვ იმედი” მხოლოდ ერთი რესპონდენტის, განმცხადებლის თქმით მანიპულაციურად მოპოვებულ აუდიო ჩანაწერზე დაყრდნობით ანზოგადებს საკითხს, და ამბობს, რომ შშმ პირების ნაწილმა არ იცოდა, რას მოაწერა ხელი, ისინი კანონპროექტს არ იცნობენ.

სიუჟეტში მანიპულაციურად, დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი, რომ თითქოს შშმ პირებმა არ იცოდნენ განცხადების შინაარსი და ისე მოაწერეს მას ხელი, რაც განმცხადებლის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ისიც, რომ შშმ-პირების ნაწილი ცალსახად გამოხატავენ თავიანთ ინდივიდუალურ პოზიციას განცხადებაზე ხელმოწერით და გავრცელდა საჯარო ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ისინი სიუჟეტში გამოთქმულ პოზიციას ეწინააღმდეგებიან.

“ტვ იმედის” ჟურნალისტის მიერ ერთი რესპოდენტისგან მიღებული ინფორმაციის განზოგადება არის მანიპულაციური, მიკერძოებული მმართველი სახელისუფლებო ძალის სასარგებლოდ და ცალსახად არღვევს სიზუსტის, პატიოსანი ჟურნალისტის მოქმედების პრინციპებს.

“ტვ იმედის” ჟურნალისტმა სხვა სადავო ფაქტებიც სათანადო მტკიცებულებების გარეშე გაახმაურა. მაგალითად, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რაზე დაყრდნობით ამბობს კორესპონდენტი, რომ დონორებს დაფინანსებულები შეცდომაში შეჰყავთ, მათ ატყუებენ და მათ სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. სიუჟეტის მიხედვით ეს არის ჟურნალისტის მოსაზრება, რომელიც არ ეყრდნობა ეთიკის პრინციპების შესაბამისად გადამოწმებულ ინფორმაციას.

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტი არ არის დაბალანსებული, მასში ჭარბობს მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლის საპირწონედაც სიუჟეტში წარმოდგენილია ერთი ხელმომწერი ქალბატონის დამაბნეველი პოზიცია და მეორე რესპონდენტის თომა კაკაბაძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც არ არის გაჟღერებული ბრალდებების შესატყვისი და მის პოზიციას სრულად არ გამოხატავს, როგორც ეს მან საბჭოს სხდომაზეც თავად აღნიშნა.

სიუჟეტში დარღვეულია გონივრული ბალანსი წარმოდგენილ მხარეებს შორის, რაც საზოგადოებას უსპობს შესაძლებლობას, სრულად აღიქვან მოცემული ვითარება და ისე შეიქმნან წარმოდგენები თემასთან დაკავშირებით.

“ტვ იმედის” ჟურნალისტებმა მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს მისცეს საშუალება, გამოეთქვათ დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებები განმცხადებლის მიმართ.

კერძოდ:

შალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება შშმ პირებს, კიდე ერთხელ, ეს არის ტყუილი, მივმართავ ყველას, ყველას გატყუებენ დღეს ეს ორგანიზაციები, გატყუებენ, თითქოს რაღაცა გავლენა ამას შეიძლება ჰქონდეს შესაძლო დაფინანსებაზე. ეს არი ტყუილი.”

რატი იონათამიშვილი: “არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენება და ამ მიმართულებით დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის  გავრცელება ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, გვაქვს ჩვენ დეზინფორმაციული განაცხადები ცალკეული პირების მხრიდან და ეს, ცხადია, არ გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოზიციასა და შეხედულებებს.”

გიორგი ვოლსკი: “თუკი ვინმე აშინებს იმითი, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება, ამის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა, და ვინც ეხმარება და თან თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის, რომ სხვა გეგმა გაქ. ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისათვის, რომელიც გაგაჩნია.”

სადავო სიუჟეტი ცალსახად მიკერძოებულია და შეესაბამება “ტვ იმედის” მიერ, ხელისუფლებისადმი არაერთგზის გამოხატულ მხარდამჭერ სარედაქციო პოლიტიკას. ამ სიუჟეტის მიზანია იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელმაც გაბედა და ღიად, კოლექტიურად შეეწინააღმდეგა ე.წ. “აგენტების კანონის”  მიღებას.

“ტვ იმედის” ეს სიუჟეტი ქართული ოცნების  პოლიტიკის  საინფორმაციო მხარდაჭერის ნათელი მაგალითია, ეს ეწინააღმდეგება ეთიკური ჟურნალისტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს და ცალსახად პროპაგანდის ნაწილია.

ეთიკური მედიის ვალია, არ გაავრცელოს ინფორმაცია არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გათვალისწინებით, და მხოლოდ მიუკერძოებლობის პრინციპით იხელმძღვანელოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია.

საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული და მანიპულაციური ტექსტების, გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა აუდიტორიას, გამოიჩინა არაკეთილსინდისიერება და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

ქარტიის სამდივნომ, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელის განცხადება  სათანადო წესით გადაუგზავნა “ტვ იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ.

ამასთან, სოციალურ ქსელში საჯაროდ გავრცელდა განმცხადებლისა და რესპონდენტის, თომა კაკაბაძის  პოზიცია სიუჟეტში გახმაურებულ ფრაზებსა და  ბრალდებებზე.

დამატებით, საბჭოს სხდომაზე სიუჟეტის ერთ-ერთმა რესპონდენტმა თომა კაკაბაძემ საბჭოს განუცხადა, რომ სადავო მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა “ტვ იმედის” ჟურნალისტთან და მასაც აუხსნა, რომ სიუჟეტის ეთიკურობასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა.

ამ ყველაფრის ერთობლიობით, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სიუჟეტში დაშვებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

სადავო სიუჟეტი  დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი  და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან,  ქარტიის საბჭოს დასკვნით, დადგენილია პირველი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.

მეშვიდე პრინციპი.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ, როგორც სადავო სიუჟეტი, ისე მისი სათაური: “მოტყუებული შშმ პირთა ნაწილი”, შშმ პირთა შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია. “ტვ  იმედმა”, განზრახ, ერთი რესპონდენტის ,,გაურკვეველი’’ პასუხი განაზოგადა განცხადების ხელმომწერ 70-მდე სუბიექტის უმრავლესობაზე, რომ მათაც არ იცოდნენ, რაზე აწერდნენ ხელს. შედეგად სიუჟეტში შშმ პირები და  განცხადებაზე ხელმომწერი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უფლებადამცველი ორგანიზაციები წარმოაჩინეს ადვილად მართვად, მოსატყუებელ, უცოდინარ, არაკომპეტენტურ, დახმარების მიმღებ და მხოლოდ დაფინანსებაზე ორიენტირებულ პირებად/ორგანიზაციებად. განმცხადებლის პოზიციით, ამ ყველაფრით მათ წაახალისეს საზოგადოებაში შშმ პირებისა და მათი ორგანიზაციებისადმი სტერეოტიპების და სტიგმის გამყარება, წყალში ჩაყარეს წლების განმავლობაში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და უფლებების დაცვისკენ მიმართული ცნობიერების ამაღლების ათასობით კამპანიის შედეგები.

ევროპის საბჭოს სტრატეგიის შესაბამისად, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფლება აქვთ ხელი მიუწვდებოდეთ და სრულყოფილად და თანასწორობის საფუძველზე სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებით, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროპის სოციალური ქარტიისა და გაეროს კონვენციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (UNCRPD1), ადამიანის უფლებათა ყველა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით.” სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ უფლებების ხელმისაწვდომობა, როგორც ეს განსაზღვრულია UNCRPD-ში (მუხლი 9), არის წინაპირობა შშმ პირთათვის, რომ შეძლონ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით აქტიურად, მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ სრულად და თანაბრად საზოგადოებაში, იყვნენ დამოუკიდებლები და გააკეთონ არჩევანი ცხოვრების ყველა ასპექტთან დაკავშირებით.

დისკრიმინაცია შეიძლება დადგინდეს, როდესაც ადამიანს ეზღუდება გარკვეული უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობების საფუძვლით მას განსხვავებულად [უკეთესად ან უარესად] ეპყრობიან.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში გამოყენებული ფრაზებით: "ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არცერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”; “დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება”, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. საკითხის მსგავსი სახით გაშუქებამ გამოიწვია შშმ პირთა დისკრიმინაცია და ხელი შეუწყო მათ მიმართ სტიგმის, სტერეოტიპის გაძლიერებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების გამო ისინი მარტივად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. სიუჟეტის მიხედვით ისეა წარმოჩენილი, თითქოს შშმ პირებმა არ იციან იმ კანონის შინაარსი, რომელსაც აპროტესტებენ, შეცდომაში არიან შეყვანილი ვიღაცის მიერ, მათ იყენებენ, აშინებენ, რომ დაფინანსება შეუწყდებათ და ა.შ.

სიუჟეტში გამოყენებული ფრაზები ქმნის ისეთ წარმოდგენას, რომ თითქოს განცხადებაზე ხელმომწერებმა არ იციან, თუ რას მოაწერეს ხელი, რომ თითქოს ეს მათ ბრმად გააკეთეს. ეს ყოველივე კი მათ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს და საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს შშმ პირები მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ და მარტივად სამართავები არიან.

ამ ყველაფრით სიუჟეტის ავტორმა ამ ჯგუფის მიმართ სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი, რაც ცალსახად ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევაა.

ასევე, სიუჟეტში ჩანს მმართველი გუნდის წარმომადგენლების დისკრიმინაციული განცხადებები: შალვა პაპუაშვილის მიმართვა შშმ პირების მიმართ, რომ “ყველას გატყუებენ”; “არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენება”; “ ვინც … ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის, რომ სხვა გეგმა გაქ. ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისათვის, რომელიც გაგაჩნია”, რაც განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან მათ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთა ცნობიერებაშიც კვლავ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ  მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.

მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას. 

საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაემიჯნოს  დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ გამონათქვამებს და არ შეუწყოს ხელი მათ გაღრმავებას, რაც მოცემულ სიუჟეტში დარღვეულია და ჟურნალისტის გამონათქვამები თავად არის დისკრიმინაციის შემცველი. ამასთან, თავად სიუჟეტიც გაჯერებულია მმართველი ძალის დისკრიმინაციული კომენტარებით.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

თამარ შარიქაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი,, მე-5 და მე-7 პრინციპები.

30.07.2024

23 ივნისი, 2024 წელი

საქმე N745, N746, N747, N748

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ირმა ზოიძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოსამართლე მადონა მაისურაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 31 მარტს, 1-ელ და 4 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: მარიამ ქართველიშვილი, ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი, ქეთი ქაშაკაშვილი, ლევან კვატაშიძე და ვარლამ წიკლაური.

საქმის განხილვის თავისებურებები:

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა განმცხადებელმა მადონა მაისურაძემ.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.

განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა 1-ელი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე..

განხილვისას, მას შემდეგ, რაც განემარტა ქარტიის პრინციპები, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები დაარღვია.

სამოტივაციო ნაწილი:

TV “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტების ქრონოლოგია და სადავო ფრაზები:

  1. 31 მარტი, 2024 წელი, 11:00 სთ.-იანი “ქრონიკა”, “მოსამართლე ალიბი” 11:07 სთ.

ვარლამ წიკლაურის სადავო ფრაზები:

„ქრონიკის წყაროს ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა. წყაროს ცნობით, ისინი ხუმრობით ამბობენ, რომ ვეტინგის მომხრე მოსამართლეებთან ერთად „მოსამართლე ალიბიც“ თან ჰყავთ წაყვანილი. „ქრონიკა“ მოსამართლეთა ვინაობის, მათი ვიზიტის მიზნებისა და დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. საელჩოში ამბობენ, რომ დღეს დასვენების დღეა. ასევე, დავუკავშირდით იმ მოსამართლეებს, რომელთაც საჯაროდ აქვთ დაფიქსირებული, რომ ე.წ. ვეტინგს ეთანხმებიან. „ქრონიკის“ კითხვას ხუთმა მოსამართლემ უპასუხა. ისინი „ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციას უარყოფენ. ვეტინგის მომხრე სხვა მოსამართლეები ჩვენს კითხვას ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ”.

  1. 1 აპრილი, 2024 წელი, 17:00 სთ.-იანი “ქრონიკა”, „”ვეტინგის” მომხრე მოსამართლეების ევროპული ვოიაჟი“ 17:07 სთ.

ქეთი ქაშაკაშვილის სადავო ფრაზები:

“მმართველი გუნდის შეფასებით, ვეტინგის მომხრე მოსამართლეების რომში მოგზაურობა მათი საჯარო პოზიციის გამო ერთგვარ წახალისებას ჰგავს, რაც მათივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას ნიშნავს”.

„ქრონიკის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით 3 მოსამართლე: ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე და თამარ ხაჟომია იტალიაში წაიყვანა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ისინი ხუმრობენ, რომ თან ჰყავდათ მოსამართლე - ალიბი, სავარაუდოდ, საუბარია მათთან ერთად მყოფ მოსამართლეზე - თამარ ჩიხლაძეზე”.

  1. 1 აპრილი, 2024 წელი, 20:00 სთ.-იანი “ქრონიკა”, “„ვეტინგის მომხრეთა რომაული ვოიაჟი“ 20:08 სთ.

ლევან  ჯავახიშვილის სადავო ფრაზები:

„სასამართლოსთან დაკავშირებული კამპანიის ნაწილად განიხილავს ხელისუფლება ვეტინგის თემას, რომელსაც ასევე ნაც. მოძრაობა განსაკუთრებულად ლობირებს. სასამართლოს დამორჩილების მცდელობად შეფასებული ინიციატივა მოსამართლეთა უმრავლესობისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მიუღებელია”.

ხატია ქვათაძის სადავო ფრაზები:

„სწორედ უმცირესობაში მყოფი ვეტინგის მომხრეები რომში ამერიკის საელჩოს თანამშრომელთან ერთად აღმოჩნდნენ”.

მარიამ ქართველიშვილის სადავო ფრაზები:

ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა, ინფორმაცია ქრონიკას წყარომ მიაწოდა. მისივე ცნობით, ევროპული ტურნეს მონაწილეებს შორის იყო მოსამართლე, რომელზეც სხვები ხუმრობით ამბობდნენ, რომ თან ჰყავდათ მოსამართლე - ალიბი”.

  1. 4 აპრილი, 2024 წელი, 14:00 სთ.-იანი “ქრონიკა”, „ვეტინგის მომხრე მოსამართლეების ევროპული ვოიაჟი“ 14:29 სთ.

ლევან კვატაშიძის სადავო ფრაზები:

რა მიზნით იმყოფებოდნენ მოსამართლეები ევროპაში - „ქრონიკამ“ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს: მადონა მაისურაძეს, ეკა არეშიძეს და ლევან დარბაიძეს კონკრეტული კითხვებით მიმართა. ეკა არეშიძე აცხადებს, რომ ნატა წნორიაშვილთან ერთად სამ სასწავლო პროცესზე ევროპასა და ამერიკაში ნამდვილად იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი კი მისივე ინფორმაციით, 2017 წელს შედგა. რაც შეეხება მადონა მაისურაძეს, მოსამართლემ „ქრონიკის“ ჟურნალისტის კითხვას სატელეფონო შეტყობინებით უპასუხა - ვციტირებ: „ნატა წნორიაშვილთან ერთად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების პროექტის ფარგლებში, შტატებში ნამყოფი ვარ მხოლოდ ერთხელ 2017 წელს“. მოსამართლე ლევან დარბაიძემ კი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას წნორიაშვილთან ერთად მივლინებაში ყოფნა საერთოდ უარყო. ცნობისთვის, ნატა წნორიაშვილი ამერიკის საელჩოში იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორია. მოსამართლეების ევროპაში ვიზიტს მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში ჩარევად აფასებს, ოპოზიციაში კი აზრი ორად გაიყო. ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილს კი ვიზიტი რეალურ მიზნებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს”.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ იმსჯელა სიუჟეტებში აღწერილ გარემოებებზე, გადაცემების შინაარსსა და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და დაადგინა, რომ სიუჟეტები არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტებში წარმოდგენილი ფაქტები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოსამართლეები, მათ შორის, მადონა მაისურაძე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა წაიყვანა იტალიაში, თუმცა აღნიშნული არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მეტიც, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საპირისპიროს ამტკიცებს.

სიუჟეტში ვხვდებით ფრაზებს: “საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა”;
„ამერიკის საელჩოს იუსტიციის და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით 3 მოსამართლე: ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე და თამარ ხაჟომია იტალიაში წაიყვანა“;

ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა”.

სადავო მასალებში ამ ამბის ასეთი ფორმულირებით გაშუქებით „იმედის“ ჟურნალისტები ცხადად მიანიშნებენ, რომ  საელჩომ თუ მისმა წარმომადგენელმა მოსამართლეები იტალიაში თავისი ხარჯებით დაასვენა, რაც იყო ჯილდო ე.წ. ვეტინგის მხარდაჭერისათვის.

განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა ბილეთების შეძენის, სასტუმროს დაჯავშნის და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა ხარჯებისთვის თანხების პირადი ანგარიშიდან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ იტალიაში მოგზაურობა არ იყო დაგეგმილი და დაფინანსებული აშშ-ის საელჩოს ან/და მათი თანამშრომლის მიერ.

საბჭოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახულია მოგზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყებული პირადი მიმოწერა მოსამართლე მადონა მაისურაძესა და მის კოლეგა მეგობრებს შორის, რაც ცხადად წარმოაჩენს, რომ ეს იყო მეგობრების მიერ წინასწარ დაგეგმილი პირადი მოგზაურობა და არა ვინმეს საჩუქარი.

ხანგრძლივი მიმოწერიდან ჩანს, რომ მოსამართლეებმა და ნატა წნორიაშვილმა (საელჩოს წარმომადგენელი) პირადი, მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავად დაგეგმეს და გაიღეს ხარჯები იტალიაში მოგზაურობისთვის. 

იმედის“ ჟურნალისტებმა აღნიშნული თემა ფორსირებულად და შესაბამისი გადამოწმების გარეშე გააშუქეს, ისე რომ სათანადოდ არ სცადეს „ბრალდებული“ მოსამართლეებისგან კომენტარის მოპოვება. „წყაროსგან მიწოდებული ამბავი“ ისე გააშუქეს, რომ არ ჰქონდათ მოგზაურობაში მონაწილე არც ერთი ადამიანის კომენტარი.

მასალებში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ: „ქრონიკა“ მოსამართლეთა ვინაობის, მათი ვიზიტის მიზნებისა და დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს“, რომ მათ დარეკეს ამერიკის საელჩოში, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს საელჩოში დასვენების დღის გამო.

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა ასეთ ფორსირებულ გაშუქებას არ საჭიროებდა. სიზუსტის უზრუნველსაყოფად “იმედის” ჟურნალისტებს მეტი ძალისხმევა უნდა გაეღოთ და ინფორმაციის გადამოწმებაზე მეტი დრო უნდა დაეხარჯათ.

საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა ინფორმაციის გადასამოწმებლად არ გაიღეს საკმარისი ძალისხმევა, არ დააზუსტეს მოსამართლეების მოგზაურობასთან დაკავშირებით ინფორმაცია  სასამართლოს ადმინისტრაციაში ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ მოიკითხეს, იყვნენ თუ არა მოსამართლეები ევროპაში სამსახურებრივი მიზნით, ანდა პირადი შვებულების ფარგლებში. გადამოწმების ასეთი მცდელობები “იმედის” მასალებში არ ჩანს.

მნიშვნელოვანია, რესპონდენტს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პასუხის უფლებით, რაც გულისხმობს მისთვის არა მხოლოდ კითხვების დასმას, არამედ მათზე საპასუხოდ და მოსამზადებლად გონივრული დროის მიცემას. სწორედ ამის დარღვევის მაგალითია ის, რომ „იმედის“ ჟურნალისტმა მადონა მაისურაძეს მისწერა 31 მარტს 00:54 სთ.-ზე, მისი იტალიიდან გამოფრენის ღამეს (მოსამართლემ საბჭოს განუმარტა, რომ მინაწერი დაგვიანებით ნახა), ხოლო სიუჟეტი ეთერში გავიდა რამდენიმე საათში, 1 აპრილის დილის 11-საათიან ქრონიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის დაჩქარებულად გაშუქების არანაირი ობიექტური საჭიროება არ არსებობდა.

ამასთან, გასათვალისწინებელია შეტყობინების  შინაარსიც: „ქალბატონო მადონა, ძალიან დიდი ბოდიში, გვიან გწერთ. ტვ იმედიდან გაწუხებთ, თქვენ ევროპაში ბრძანდებით? გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს და დაზუსტება მინდა თუ შეიძლება”.

საბჭო განმარტავს, რომ ეთიკური ჟურნალისტის მიზანია, ერთ წყაროზე დაფუძნებული ამბავი გადაუმოწმებლად არ გავრცელდეს. ამიტომაც, ასეთ დროს მნიშვნელოვანია რესპოდენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ჩანდეს, რა თემაზე სურს ჟურნალისტს მისი კომენტარი. ეს, ერთი მხრივ, აზღვევს ჟურნალისტს, რომ მან მიიტანა რესპოდენტამდე თემის შინაარსი, და მეორე მხრივ, თუ მისი ინფორმაცია მცდარია, ზრდის შანსს, რომ მცდარი ინფორმაციის გაშუქების აღკვეთის მიზნით რესპოდენტი გამოეხმაურება და შესაბამის კომენტარს მისცემს.

ჟურნალისტის შეკითხვიდან უნდა ჩანდეს თემა, რომელსაც ეხება მოსამზადებელი სიუჟეტი და ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეკითხვის შინაარსი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული.

მოგვიანებით, მოსამართლე მადონა მაისურაძემ “იმედის” ჟურნალისტს შეატყობინა, რომ მას შეეძლო მისთვის ეტაპობრივად მიეწოდებინა მოგზაურობისთვის საჭირო პირადი გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ჟურნალისტი ამ შეთავაზებით აღარ დაინტერესდა. შედეგად, “იმედის” სიუჟეტებში მაისურაძის პირადი გადარიცხვების მტკიცებულებები ვერ მოხვდა.

გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა სათანადოდ არ გადაამოწმეს ინფორმაცია, სათანადოდ არ სცადეს იმ მოსამართლეების კომენტარების და პოზიციების ასახვა, რომლებიც მათი მასალებით უარყოფითად წარმოჩინდნენ და ამით პატივი არ სცეს სიზუსტეს, საკუთარ მაყურებელს და ქარტიის პირველი პრინციპი დააღვიეს.

Მე-11 პრინციპი.

„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება.“

საბჭომ საქმის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპიც. პირველი პრინციპის დარღვევა ავტომატურად მე-11 პრინციპის დარღვევას არ იწვევს. სადავო მასალებს მთლიანობაში აქვს პოლიტიკური შინაარსი და “ვეტინგის” მხარდაჭერის გამო, მოსამართლეთა დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.

საბჭოს მიერ ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება, თუ დადგინდა, რომ:

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

იმედის“ ყველა სადავო მასალის მთავარი მიზანი იყო „გაეშავებინა“ მოსამართლეები, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ უმცირესობას წარმოადგენენ,  ეთანხმებიან ვეტინგს (მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას) და ხშირად ღიად გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების უმრავლესობის პოზიციას ეწინააღმდეგება.

ამ თემის კამპანიური გაშუქებით, „იმედმა“ ვეტინგის მოწინააღმდეგე მოსამართლეების დისკრედიტირება სცადა და ამისათვის გადაუმოწმებელი, არაზუსტი ფაქტები გამოიყენა.

„იმედის“ განზრახვას ადასტურებს ამ თემის პროპაგანდისტული გაშუქება, მაყურებლამდე ამბის “ქართული ოცნების”  პროპაგანდისტული გზავნილების ტირაჟირებით მიტანა, რაც „იმედის“ მხრიდან სიზუსტის განზრახ უპატივცემულობას წარმოადგენს და საბჭოს არწმუნებს, რომ „იმედმა“ ეს განზრახ გააკეთა და ამით ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია.

ამბის პირველად გაშუქების შემდგომ, სიუჟეტებში „იმედის“ ჟურნალისტები ჯიუტად მიანიშნებდნენ, რომ მოსამართლეები ევროპულ მოგზაურობაში აშშ-ის საელჩომ და მისმა თანამშრომელმა წაიყვანეს.

იმ მომენტისთვის ამ ფაქტს არც ამერიკის საელჩო და არც თავად მოსამართლეები არ ადასტურებდნენ და მოსამართლე მადონა მაისურაძე “იმედის” ჟურნალისტებს სთავაზობდა მტკიცებულებებს იმის საჩვენებლად, რომ მოგზაურობა თავად დააფინანსეს.

ერთ-ერთმა მონაწილე მოსამართლემ, ეკა არეშიძემ, საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რათა განემარტა, რომ ეს მოგზაურობა იყო პირადი სახსრებით დაფინანსებული, მეგობრებთან ერთად მისი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები ამბავს მაინც ისე აშუქებდნენ, თითქოს მოსამართლეების იტალიაში დასვენება საელჩოს მიერ დაფინანსებული ჯილდო ყოფილიყო.

„იმედის“ ჟურნალისტების განზრახვას, დაემახინჯებინათ ფაქტები, ადასტურებს მოსამართლე ეკა არეშიძის ფეისბუქ პოსტის არასრულყოფილად, მანიპულაციურად გაშუქებაც. პოსტში  მოსამართლე მოგზაურობის დაგეგმვის და დაფინანსების ნიუანსებს დეტალურად აღწერს.

ამ დაუზუსტებელი გზავნილით „იმედის“ ჟურნალისტებმა მაყურებელს ხელისუფლების წევრი და მხარდამჭერი პოლიტიკოსების კომენტარები შესთავაზეს. გიორგი ვოლსკი ამბობს: „შეიძლება თვლიდეს მოსამართლე გარკვეული, რომ საქართველოს სასამართლო და ზოგადად საქართველო იმსახურებს ასეთ დამცირებას, როგორიც არი უცხოური ჩარევა მისი ამა თუ იმ სფეროს ორგანიზებაში. მაგრამ, როდესაც ეს ვინმეები არიან გაერთიანებული გარკვეულ ჯგუფში და სარგებლობენ უცხო ქვეყნის რაღაც გარკვეული უცხო ქვეყნის მხრიდან გარკვეული პრივილეგიით, მგზავრობით, რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, რა საკვირველია, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური დემარში”.

გურამ მაჭარაშვილის პოზიცია: „ეს ჰგავს ზუსტად იმას, რომ როდესაც ბავშვი დაგიჯერებს და წაიყვან მერე, უყიდი შოკოლადებს და ეტყვი, რო კიდე წაგიყვან, თუკი დამიჯერებ და იმას იტყვი, რასაც დაგავალებ, აი, ამას ჰგავს სამწუხაროდ, ამ რამდენიმე მოსამართლის ვოიაჟი უცხოეთში, როდესაც მათ პრაქტიკულად კეთილსინდისიერებაზე თქვეს უარი, რომ ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა კეთილსინდისიერები.“

იაგო ხვიჩიას პოზიცია: „სავარაუდოდ, რომაული არდადაგები მოუწყვეს ჩვენს მოსამართლეებს. იმსახურებდნენ, იმსახურებდნენ.“

„სადღაც სიარულის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიღაცა თუ მეტყვის, რომ ამერიკელები სადღაც ევროპაში აკატავებენ ჩვენს მოსამართლეებს, მე არ მჯერა ამისი, რომ ეს მხოლოდ გასეირნება არი ამ მოსამართლეების”.

კახა კალაძის პოზიცია: „საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან რომელიმე ქვეყნის შტატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ამ ყველაფერს, პატივი სცეს, პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და პატივი სცეს ქართველ ხალხს”.

ანრი ოხანაშვილი: „ნებისმიერი ასეთი ვოიაჟები, არ ვიცი რომაული არდადეგები უნდა დავარქვათ, თუ რა უნდა დავარქვათ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. სულ მცირე, რა თქმა უნდა უხერხულობას აჩენს სხვა კოლეგა-მოსამართლეებთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ეს აყალიბებს განცდებს და ახალისებს, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა არა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, არამედ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იმოქმედონ”.

ირაკლი ზარქუა: „თუ რამეს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ეს არის აი, ეს კლანი ეტყობა, რაღაც ვიწრო ჯგუფი მოსამართლეების, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია რაღაც თანამშრომელს ამა თუ იმ საელჩოსი დააფინანსონ და შემდეგ მართონ, რა განცხადებაც უნდა ის აკეთებინონ. პაესტკებში გაცვლილი მოსამართლის მანტია - ნუ, ასე შეიძლება რო შევაფასოთ ეს და ყოჩაღ თქვენ  აფერუმ თქვენს ღირსებას”.

ირაკლი ქადაგიშვილი: „აი ესეთი მიკერძოებული ურთიერთობა, მიკერძოებული წასვლა-წამოსვლა და შემდგომ, აი ამ, ასე ვთქვათ, ერთგვარი, თუ გინდათ, ესე დავარქვათ, აი ამ ერთგვარი კლანის ჩამოყალიბება სწორედ არის ის, რაც კლანურობას და სწორედ რაც სასამართლოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას ურეცხავს ძირს. ამიტომ ეს ყოვლად მიუღებელია”.

შოკოლადების სანაცვლოდ დავალებების შესრულება“, „პოლიტიკური დემარში“, „პაესტკებში გაცვლილი მოსამართლის მანტია“, „კლანი“ - ამ და სხვა მსგავსი ფრაზების გაჟღერებით და გადაცემების მთლიანი კონტექსტით „იმედის“ ჟურნალისტები, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის პროპაგანდის გამავრცელებლები, მანიპულაციურად ცდილობენ, მოსამართლეების მოგზაურობა სასამართლოს დისკრედიტაციასა და მოსამართლეთა სანქცირებას დაუკავშირონ.

ამ ამბის ამგვარი გაშუქება რეპუტაციულ ზიანს აყენებს განმცხადებელს და მის კოლეგა მოსამართლეებს, იწვევს მათ ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას და მათი, როგორც  ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის ღიად გამომხატველი მოსამართლეები, კომპრომეტირებას ემსახურება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ „იმედის“ ჟურნალისტებმა განზრახ არაზუსტად, მანიპულაციურად გააშუქეს ფაქტები, განზრახ არ გადაამოწმეს მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, რითაც ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვიეს.

Სარეზოლუციო ნაწილი

ჟურნალისტებმა: მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ და ვარლამ წიკლაურმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპები.

სადავო მასალა 1

ადავო მასალა 2

ადავო მასალა 3

ადავო მასალა 4

განცხადება

30.07.2024

23 ივნისი, 2024 წელი

საქმე N749, N750

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ირმა ზოიძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოსამართლე მადონა მაისურაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 1 აპრილს ტელეკომპანია POSTV-ის  ეთერში გასულ გადაცემებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: ქეთი მამრიკიშვილი, ანა შანიძე და ანა აშორდია.

საქმის განხილვის თავისებურებები:

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში,  კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა განმცხადებელმა, მადონა მაისურაძემ.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.

განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების ფარგლებში.

განხილვის ეტაპზე, მას შემდეგ, რაც განემარტა ქარტიის პრინციპები, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

სამოტივაციო ნაწილი:

POSTV-ის ეთერში გასული სიუჟეტების ქრონოლოგია და სადავო ფრაზები:

  1. 1 აპრილი, 2024 წელი, 13:00 სთ.-იანი “ახალი ამბები”, “მოსამართლეების საიდუმლო ვიზიტი” 13:04 სთ.

ანა შანიძის სადავო ფრაზები (წამყვანი ქეთი მამრიკიშვილი):

სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, ვეტინგის მომხრე 3 მოსამართლე იტალიაში წაიყვანა. რომაული არდადეგებით ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე წაახალისეს.” 

  1. 1 აპრილი, 2024 წელი, 19:00 სთ.-იანი “ახალი ამბები”, “სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანია” 19:07 სთ.

ანა აშორდიას სადავო ფრაზები:

სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები  რომაული არდადეგებით დააჯილდოვეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე იტალიაში წაიყვანა.“

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ იმსჯელა სიუჟეტებში აღწერილ გარემოებებზე, მათ მთლიან კონტექსტზე და დაადგინა, რომ სიუჟეტები არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მოსამართლეები, მათ შორის მადონა მაისურაძე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა წაიყვანა იტალიაში დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით და ეს იყო “ჯილდო” მათ მიერ “ვეტინგის” ღიად მხარდაჭერის სანაცვლოდ.  სიუჟეტებში ეს ინფორმაცია არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. 

სიუჟეტში არის ჟურნალისტების მიერ მტკიცებით ფორმაში წარმოთქმული ფრაზები: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, ვეტინგის მომხრე 3 მოსამართლე იტალიაში წაიყვანა”; “რომაული არდადეგებით ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე წაახალისეს”;  “ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები  რომაული არდადეგებით დააჯილდოეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ეკა არეშიძე, თამარ ხაჟომია და მადონა მაისურაძე იტალიაში წაიყვანა”.

სიუჟეტებში არ არის ამ ფრაზების შინაარსის დამამტკიცებელი ფაქტები და არ არის წარმოჩენილი ბრალდების ადრესატების პოზიციები.

სიუჟეტების მიხედვით, ჟურნალისტები ამ ბრალდებების გახმაურებისას არ ეყრდნობოდნენ სათანადოდ, ქარტიის სტანდარტების შესაბამისად, გადამოწმებულ ფაქტებს. ინფორმაცია არ იყო გადმოცემული სულ მცირე ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და ეფუძნებოდა მაყურებლისთვის გაურკვეველ წყაროს, რომლის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება POSTV-ის ჟურნალისტებს სათანადოდ არ მოუხდენიათ.

განმცხადებელმა, მოსამართლე მადონა მაისურაძემ, საბჭოს წარმოუდგინა გადარიცხვებისა და პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ ეს მოგზაურობა საელჩოს თუ მისი წარმომადგენლის მიერ არ ყოფილა დაორგანიზებული.

განმცხადებლის განმარტებით, მან და მისმა მოსამართლე მეგობრებმა, ასევე ნატა წნორიაშვილმა (აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი) პირადი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავად გაიღეს ხარჯები - იტალიაში მოგზაურობა დიდი ხნით ადრე დაგეგმეს. მოსამართლემ საბჭოს ამის დამადასტურებელი მიმოწერის ასლებიც წარმოუდგინა.

სიუჟეტებში არ ჩანს, რომ ინფორმაციის ეთერში გაშვებამდე ჟურნალისტებს ჰქონდათ მცდელობა, გადაემოწმებინათ ინფორმაცია ამერიკის საელჩოსთან, სასამართლოს ადმინისტრაციაში ან თავად მოსამართლეებთან, მაშინ, როდესაც ამის რეალური შესაძლებლობაც და საჭიროებაც არსებობდა დაბალანსებული სიუჟეტის მოსამზადებლად და მაყურებლისათვის გადამოწმებული ინფორმაციის მისაწოდებლად.
განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ POSTV-დან მას არავინ დაკავშირებია.

სადავო სიუჟეტიდან ერთ-ერთში არის ნაჩვენები მოსამართლე  ეკა არეშიძის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების ფრაგმენტი, თუმცა ისიც შეუსაბამოდ, მანიპულაციურად. POSTV-ის ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ეკა არეშიძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის “ვეტინგზე” საუბრობდა და არ გამოკვეთეს ფრაგმენტი, სადაც მოსამართლე დეტალურად ხსნიდა იტალიაში მოგზაურობის მიზნებსა და დეტალებს. მოსამართლის განცხადების ამ ფორმით გაშუქება არის ერთგვარი ფაქტების და გარემოებების მიჩქმალვა და არღვევს გონივრული ბალანსის, სიზუსტის პრინციპს.

საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტებისა და სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, გამოიჩინეს არაკეთილსინდისიერება და დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

Მე-11 პრინციპი.

„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება.“

საბჭოს მიერ ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება, თუ დადგინდა, რომ:

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

ქარტიის საბჭომ სადავო მასალებში მე-11 პრინციპის დარღვევა მიიჩნია სიუჟეტების კამპანიურობის და მათი შინაარსის მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებთან თანხვედრის გამო. გარემოებების შესწავლით საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტების ამ ფორმით მომზადება ემსახურებოდა ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეების დისკრედიტირებას.

ქარტიის საბჭომ POSTV-ის სადავო სიუჟეტების განხილვის პარალელურად განიხილა ამ თემაზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებული მასალები. “იმედი” იყო იმ ინფორმაციის  პირველწყარო, რომ თითქოს აღნიშნული მოსამართლეები სამოგზაუროდ აშშ-ის საელჩომ (თანამშრომელმა) წაიყვანა. ტელეკომპანია “იმედმაც” აღნიშნული თემა სამთავრობო პროპაგანდის ჭრილში გააშუქა და ამაზე ვრცლად არის მსჯელობა ქარტიის შესაბამის გადაწყვეტილებაში.

POSTV-ის ჟურნალისტებმაც მოსამართლეების იტალიაში მოგზაურობა აუდიტორიას მიაწოდეს არაზუსტად, მანიპულაციურად, როგორც სასამართლოს “ძირგამომთხრელი” მოსამართლეების საელჩოსგან წახალისება და ეს ამბის გაშუქების გარემოებებში  ცხადად ჩანს.

კერძოდ: პირველ სადავო სიუჟეტს წინ უძღვის თემა, რომ „მმართველი გუნდის ინფორმაციით, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის პროპაგანდისთვის, ქვეყანაში უცხოეთიდან დიდი ოდენობით თანხებია შემოსული. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ქალაქში მოსამართლეების შეურაცხმყოფელი წარწერები გამოჩნდა.“ ამ ფრაზას ებმის სადავო პირველი სიუჟეტი, რომელსაც ჟურნალისტი იწყებს ფრაზით: “სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, ვეტინგის მომხრე 3 მოსამართლე იტალიაში წაიყვანა”. შემდეგ კი გადაცემა გრძელდება თემით, რომ “სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზეა.”

მეორე სადავო მასალის შემთხვევაში, მას წინ უძღვის სიუჟეტი შემდეგი სახელწოდებით: “ორგანიზებული შეტევა ქართულ მართლმსაჯულებაზე და დაფინანსებული კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ”. ეს სიუჟეტიც იწყება ფრაზით: “სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები  რომაული არდადეგებით დააჯილდოვეს”. და გრძელდება სასამართლო ხელისუფლების “დისკრედიტაციის კამპანიისა” და მოსამართლეთა დასანქცირების თემით.

ამასთანავე, პირველ სადავო სიუჟეტს, სათაურთან ერთად, გასდევს ტიტრი: “უცხოური ფული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის”, ხოლო მეორე სადავო სიუჟეტს: “სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანია”.

ეთიკური მედიის ვალია, გაემიჯნოს პროპაგანდას, არ გაავრცელოს ინფორმაცია არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გათვალისწინებით და მხოლოდ მიუკერძოებლობის პრინციპით იხელმძღვანელოს .

ამ შემთხვევაში პირიქით,  POSTV-ის ჟურნალისტებმა საკუთარ ეთერში მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს მისცეს საშუალება, გამოეთქვათ დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებები განმცხადებლის და მისი კოლეგა მოსამართლეების წინააღმდეგ.

კერძოდ:

დავით მათიკაშვილი: “ეს არის წახალისება იმ მოსამართლეების, რომლებსაც საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი”.

ეკა სეფაშვილი: „ეს არის მათ მიერ [ამერიკის საელჩო] გაღებული ჯილდო იმისათვის, რომ ამ მოსამართლეებმა აღიარეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკეთესად შეაფასებს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, რაც არი, რა თქმა უნდა, მონური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი გამოხატულება და დაუშვებელია”.

სიუჟეტში გაჟღერებული ფრაზები: “საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი”; “გაღებული ჯილდო მოსამართლეთა აღიარებისთვის”, “მონური ფსიქოლოგია”, ცალსახად ემსახურება მოსამართლეებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამის მოტივი პოლიტიკურია და მიზნად ისახავს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის შესახებ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო მათ დასჯას.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო სიუჟეტების მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტები მანიპულაციურად ცდილობენ “ვეტინგის” მომხრე მოსამართლეები დაადანაშაულონ, რომ ისინი სასამართლოს დისკრედიტაციაში მონაწილეობენ.

ეს გზავნილები არ გამომდინარეობს ფაქტობრივი მტკიცებულებებიდან და აშკარაა, რომ ჟურნალისტები არაზუსტი ფაქტებით განზრახ ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რაც საბჭომ ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.

არეზოლუციო ნაწილი

ჟურნალისტებმა: ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

ადავო მასალა 1

ადავო მასალა 2

განცხადება

23.07.2024

9 ივნისი, 2024 წელი

საქმე N753

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა აღნიშნული გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები:

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა ცესკოს იურისტმა გიორგი სანტურიანმა.

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.

სადავო გადაცემაში, წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ მაყურებელს აჩვენა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებული და “ტვ პირველის” ეთერში 2 მარტს გასული სიუჟეტი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შესახებ. აღნიშნული სიუჟეტი ქარტიის საბჭომ უკვე შეაფასა საქმის N742 ფარგლებში და დაადგინა ქარტიის პრინციპების დარღვევა, ამიტომაც ამ საქმის ფარგლებში საბჭო ხელახლა აღარ შეაფასებს 2 მარტის სიუჟეტის დეტალებს და აქვე მიუთითებს ქარტიის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ბმულს.

გარდა გადაცემაში გამოქვეყნებული “ტვ პირველის” სიუჟეტის შინაარსისა, განმცხადებელს პრეტენზიები აქვს არხის ტოქშოუს წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ გადაცემაში გამოთქმულ ფრაზებთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

გიორგი კალანდარიშვილმა ქარტიის საბჭოს წინაშე სადავო გახადა გადაცემის შემდეგი მონაკვეთები:

ეკა კვესიტაძის სადავო ფრაზები:

“რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს? ქალების კვოტების გაუქმება, ანუ თავისი პრინციპული იდეის გატანა, თუ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერა. იმ ცესკოს თავმჯდომარის, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს უამრავი კითხვა მის კორუმპირებულობაზე, რადგან აქვს დაუსაბუთებელი ქონება, რამდენიმე ბინას ფლობს, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით ამ ქონების წარმომავლობა საერთოდ არ საბუთდება. ჩვენ გავიხსენებთ ამ სიუჟეტს, სკანდალურ სიუჟეტს. “ტვ პირველის” მასალას გამოვიყენებ და ძალიან კარგ გამოძიებას მაკა ჩიხლაძის იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მაყურებელს დავანახოთ გიორგი კალანდარიშვილის სახე, რომლის დამტკიცებაც უნდა “ქართულ ოცნებას” ცესკოს თავმჯდომარედ ხელახლა. ის დროებით ასრულებს მოვალეობას და ასევე მას სჭირდება მხარდაჭერა ოპოზიციის, რადგან თქვას, რომ ეს არის არა ერთპარტიული კანდიდატი, არამედ არის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციამაც მისცა ხმა. ანუ გარკვეული შირმა სჭირდებათ მათ და რატომ დათანხმდნენ ამ შირმობაზე “გირჩი”, ამაზე ვახო მეგრელიშვილი გვეტყვის”.

“იმედია, ჩემ გადაცემაშიც მოვა. თქვენ ამბობთ, რომ თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. კითხვა არის ესეთი: კეთილსინდისიერება ნიშნავს თუ არა იმას, რომ კანდიდატმა, საჯარო მოხელემ უნდა დაამტკიცოს და უნდა ჰქონდეს დასაბუთება მის ხელში არსებული ქონების და კალანდარიშვილთან დაკავშირებით გიჩნდებათ თუ არა ეს კითხვები, როდესაც მასზე არსებობს ჟურნალისტური გამოძიება, არის გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომელიც მას აქვს შევსებული, ის ფლობს უამრავ ქონებას და მისი არცერთი ქონება არ არის დასაბუთებული”.

“თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი, სიტყვაზე ვამბობ, ანა გოგლიძე, ბარბარა, არ იყვნენ პარლამენტში, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება გადამწყვეტი არჩევნების დროს ცესკოს თავმჯდომარე. ანუ არაკეთილსინდისიერი, ვინც არ უნდა იყოს კორუმპირებულს, რომელსაც არ შეუძლია არც თავისი პროფესიონალიზმი დაასაბუთოს, არც თავისი ქონება დაასაბუთოს, თქვენ მხარს უჭერთ”.

“მოდით ვნახოთ [ტვ პირველის სიუჟეტი], ეტყობა არ გაქვთ თქვენ ნანახი და ჩვენს მაყურებელსაც შევახსენოთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება”.

 “ვახო, რამე ახალი აღმოაჩინეთ, რამე შეგეცვალათ, რამე კეთილსინდისიერებაზე კითხვები გაგიჩნდათ? ამ კაცს ხმას მისცემთ?”.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭო პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნევს “ტვ პირველის” ეთერში მანამდე გასული სიუჟეტის ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ფორმით გაშვებას და ასევე გადაცემის წამყვანის კონკრეტულ ფრაზებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ როდესაც ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში იყენებს სხვა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ანდა სხვა სახის მედია პროდუქტს, ის სრულად იზიარებს ამ მასალაში დაშვებული უზუსტობების შესახებ პასუხისმგებლობას.

ყველა შემთხვევაში, სხვა მედიის ეთერში გასული ინფორმაცია არის ინფორმაციის რიგითი წყარო, რომელზე დაყრდნობისას ჟურნალისტი ვალდებულია ან გადაამოწმოს მასში მოყვანილი ფაქტები, ანდა აუდიტორიას სხვისი მომზადებული მასალა შესთავაზოს არა როგორც უტყუარი, გადამოწმებული ფაქტი, არამედ აღნიშნოს, რომ ეს არის კოლეგა ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა, რომელიც განსახილველ თემასთან კავშირშია და აუდიტორიას სთავაზობს მეტი ინფორმირებისთვის, თუმცა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ბალანსზე.

ჟურნალისტმა სხვისი მედია პროდუქტის ეთერში გასაჯაროებისას წინასწარვე უნდა იზრუნოს შესაბამის ბალანსზე, მით უფრო, როცა სიუჟეტში საუბარია მძიმე ბრალდებებზე (კორუფცია, ქონების გადამალვა და ა.შ.).

განსახილველ შემთხვევაში ეკა კვესიტაძემ ეთერში გაუშვა სიუჟეტი, სადაც აღწერილი ფაქტების სისწორე უკვე სადავოდ ჰქონდა გამხდარი სიუჟეტის მთავარ გმირს, გიორგი კალანდარიშვილს.

კალანდარიშვილმა  საჯარო განცხადება ეკა კვესიტაძის გადაცემის ეთერში გასვლამდე თითქმის ერთი თვით ადრე,  მედიით გაავრცელა.

მაშინ, როცა მედია ეყრდნობა სხვა მედიის მიერ მომზადებულ მამხილებელ მასალას ისე, რომ არ აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზის გამო (გადაცემის ფორმატი, დროის სიმცირე და ა.შ), მასში მოყვანილი თითოეული ფაქტი გადაამოწმოს, გონივრული ბალანსის დასაცავად მან განსაკუთრებული გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს. კერძოდ, ბრალდებების ადრესატს გადაცემაში მონაწილეობის საშუალება უნდა შესთავაზოს და უარის შემთხვევაში, როგორც აუდიტორიის პატიოსნად ინფორმირების ვალდებულების მქონე პირმა, თავადვე უნდა მიაწოდოს მაყურებელს მოპასუხე მხარის პოზიცია ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს განცხადება, სხვა მედიისთვის მიცემული ვრცელი კომენტარი თუ სხვა. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტის, მედიის ვალია აუდიტორიის მრავალმხრივი ინფორმირება.

მიუხედავად ამისა, ეკა კვესიტაძემ საკუთარ მაყურებელს აღნიშნული სიუჟეტი წარუდგინა, როგორც უტყუარი, დაზუსტებული ფაქტებით გაჯერებული ამბავი და მაყურებელს არ შესთავაზა ცესკოს ხელმძღვანელის მიერ იმ დროისთვის უკვე გასაჯაროებული  პოზიცია.

ამ ქმედებით ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, პატივი არ სცა საკუთარ აუდიტორიას, არ მისცა საშუალება მაყურებელს, ფაქტის შესახებ განსხვავებული პოზიციები მოესმინა, დაეყრდნო მხოლოდ “ტვ პირველის” სიუჟეტს და ამ სიუჟეტის წარდგენისას გააკეთა დასკვნები, რომელთა სიზუსტის დასადგენად ყველა ღონე არ იხმარა.

განმცხადებელს პრეტენზიები ჰქონდა, გადაცემის წამყვანის მიერ, თემის წარდგენისას, მის შესახებ გამოთქმულ ვრცელ ციტატებთან დაკავშირებითაც, სადაც ეკა კვესიტაძე სვამდა შეკითხვებს და გამოთქვამდა ბრალდებებს.

ქარტიის საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, ცხადად გამიჯნოს მხარეებისთვის და აუდიტორიისთვის, რა შეიძლება ამ შემთხვევაში მიჩნეული იყოს მოსაზრებად და რა - ფაქტად.

გადაცემის წამყვანის მიერ დასმული შეკითხვები ცესკოს ხელმძღვანელის კეთილსინდისიერების, შესაძლო კორუმპირებულობის, პროფესიონალიზმის შესახებ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას ტოქშოუს წამყვანისთვის ეთიკურად დასაშვებ ქმედებად, მაგრამ როცა ის იქვე აჟღერებს ადრესატის მისამართით დაუსაბუთებელ ბრალდებებს კონკრეტული, გადამოწმებადი ფაქტების საფუძველზე, ეს უკვე ეთიკური პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

მაგალითად: “აქვს დაუსაბუთებელი ქონება, რამდენიმე ბინას ფლობს, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით ამ ქონების წარმომავლობა საერთოდ არ საბუთდება;  ის ფლობს უამრავ ქონებას და მისი არცერთი ქონება არ არის დასაბუთებული”.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ციტატებით ჟურნალისტი პირდაპირ ადანაშაულებს და მძიმე ბრალდებებს უყენებს გიორგი კალანდარიშვილს მხოლოდ “ტვ პირველის” სიუჟეტზე დაყრდნობით, რაც არღვევს სიზუსტისა და ბალანსის სტანდარტს.

საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოცემულ მომენტში, გიორგი კალანდარიშვილს უკვე ჰქონდა გაკეთებული “ტვ პირველის” სიუჟეტის საპასუხო განცხადება.

საბჭო მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძეს გადაცემაში მხარეების პოზიციის დასაბალანსებლად, მინიმუმ, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება მაინც უნდა წარმოედგინა. გადაცემაში წამყვანი იმედს გამოთქვამს, რომ მასაც, როგორც სხვა ოპოზიციურ მედიებს, ეწვევა გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა მასთან ინფორმაციის გადამოწმების ან გადაცემაში მოწვევის რაიმე სახის მცდელობა არ ჩანს, რაც მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას, საკითხის ირგვლივ სრული წარმოდგენა შეიქმნას.

საბჭოს პოზიციით, მხოლოდ სხვის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე დაყრდნობა, რომელიც ჟურნალისტის მიერ სუბიექტურად არის შეფასებული, ხოლო მეორე მხარის მხრიდან სადავოდაა გამხდარი, ვერ აკმაყოფილებს სიზუსტისა და უტყუარობის სტანდარტს.

მეხუთე პრინციპი

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

ქარტიის სამდივნომ, ცესკოს ხელმძღვანელის ქარტიაში შემოტანილი განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მთავარ არხს”. სამდივნომ მიიღო ზეპირი დადასტურება არხის იურისტისგან, რომ მათთვის ცნობილია ცესკოს ხელმძღვანელის პრეტენზიების შესახებ.

Როგორც არაერთგზის აღინიშნა, გიორგი კალანდარიშვილმა მის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებზე საჯაროდ გაავრცელა ვრცელი განცხადება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი  და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია,  ქარტიის საბჭოს დასკვნით დადგენილია 1-ელი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.

მერვე პრინციპი.

“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში გასულ ტვ “პირველის” სიუჟეტში დაირღვა მისი არასრუწლოვანი შვილების მიმართ ქარტიის მე-8 პრინციპი. განმცხადებელს არ ჰქონია პრეტენზია კონკრეტულად გადაცემის წამყვანის კონკრეტულ ციტატებზე ამ პრინციპთან მიმართებაში.

როგორც საბჭომ არაერთგზის აღნიშნა, სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული პროდუქტის საკუთარ ეთერში გაშვებით, მედია სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას მასალაში არსებულ ეთიკურ პრობლემებზე.

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ განსახილველ სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესი და ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა. საბჭოს ერთ წევრს, გელა მთივლიშვილს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა. გელა მთივლიშვილის პოზიცია აისახება მის განსხვავებულ აზრში და ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით დაერთვება.

Როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მომზადებამდე განიხილა “ნოდარ მელაძის შაბათის” ის რეპორტაჟი, რომელიც ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაში უცვლელი სახით გამოაქვეყნა და დაადგინა ამ რეპორტაჟში
ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევა.

Მოტივაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულსა და ამ გადაწყვეტილებაზე თანდართულ საქმე N742 გადაწყვეტილებაში.

საბოლოოდ, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის  მე-8 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

22.07.2024

9 ივნისი, 2024 წელი

საქმე  N 742

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ აღნიშნული გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები:

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი, გიორგი სანტურიანი.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ, თუმცა, ელექტრონულად წარმოადგინეს ნოდარ მელაძის შაბათის გუნდის ახსნა-განმარტება, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიას წარედგინა ამავე მასალასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას.

აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში ჩანს ჟურნალისტების პოზიცია და საბჭო საქმის განხილვის დროს ამ დოკუმენტსაც დაეყრდნო.

სამოტივაციო ნაწილი:

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მოპასუხე ჟურნალისტების ქვემოთ მოყვანილ ფრაზებს. მან თითოეულ სადავო ფრაზაზე საბჭოს წინაშე განმარტება წარმოადგინა:

მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები:

შევარდნაძის მმართველობისას გიორგი კალანდარიშვილის მამა მართლაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ბატონი სამსონი თანამდებობიდან ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2003 წელს გათავისუფლდა და ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ამასთან, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ ეს ოჯახის დაგროვილი დოვლათი იყო, რატომ თარიღდება მსხვილი შენაძენები მამის პოსტზე მუშაობიდან თითქმის 20 წლის შემდეგ”.

განცმხადებლის პოზიციით, “მამას არანაირი შემხებლობა სახელმწიფო თანამდებობებთან არ ჰქონია, მითუმეტეს გადაცემაში დასახელებულ პერიოდში. 2003 წელს თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლებდნენ, რადგან 2001 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა”.

“ეს აპარტამენტი კალანდარიშვილის სიდედრის საკუთრებაა და ისიც ვაკეში, ჟვანიას პირველ ნომერში მდებარეობს. ლალი ზანდუკელის ბინაც რუსებზეა გაქირავებული”.

განმცხადებელი განმარტავს, რომ ხსენებულ მისამართზე მისი სიდედრი ცხოვრობს და სიუჟეტში ნაჩვენები იყო იმავე მისამართზე, თუმცა სხვა სართულზე განთავსებული სხვა პირის საცხოვრებელი.

“გამოდის, რომ მხოლოდ შატბერაშვილის 19-21-ში გიორგი კალანდარიშვილის ოჯახი 5 ბინას ფლობს. სამს დედის, ერთს ცოლის და ერთსაც სიმამრის - გურამ ჩიკვილაძის სახელზე”.

განმცხადებელი ამბობს: “პირადად ჩემი ოჯახის (მეუღლე და შვილები) საკუთრებაში ხსენებულ კორპუსში არის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა (რომელიც ირიცხება მეუღლის სახელზე), ხოლო დედის საკუთრებაში არის 2 საცხოვრებელი ბინა, რაც ჯამურად 5-ს ნამდვილად არ შეადგენს.”

“ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება ცესკოს თავმჯდომარის ძმის, მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე თუ მისი თანამდებობის პირი ძმა”.

“იმის მიუხედავად, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არ წარმოუდგენია სიუჟეტის ავტორს, ის მიუთითებს, რომ ჩემი ძმის ბინაც შესაძლოა ჩემს საკუთრებას წარმოადგენდეს. სინამდვილეში კი, აღნიშნული ბინა ჩემს ძმას 2007 წელს აქვს შეძენილი და დღემდე წარმოადგენს მის პირად საკუთრებას”, - დააფიქსირა განმცხადებელმა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.

“დედაქალაქში უძრავი ქონების დაგროვებაზე აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ცესკოს პირველი პირი და მისი მეუღლე იყვნენ ორიენტირებული - ჩახლართული ყიდვა-გაყიდვის სქემაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედაა. ქეთევან აბდალაძე ქუთაისში ცხოვრობს და მის სახელზე 2021 და 2022 წლებში ისევ ვაკეში და ისევ იმ კორპუსში სამი ბინა ფორმდება”.

დედის ეპიზოდთან დაკავშირებით ცესკოს ხელმძღვანელმა ქარტიის საბჭოს შემდეგი პოზიცია წარმოუდგინა: “პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დედას მემკვიდრეობით დარჩა გარკვეული უძრავი ქონება. მათ შორის, ფართი ქუთაისში - სტამბის შენობაში, საცხოვრებელი სახლი და ა.შ. მას ასევე, ჰქონდა საცხოვრებელი ფართი თბილისში. სწორედ აღნიშნული ქონების სხვადასხვა დროს რეალიზების შედეგად და შვილების თანამონაწილეობით, მან შეძლო საცხოვრებელი ფართების შეძენა ქ. თბილისში. სიუჟეტში საუბარია, რომ დედას აქვს 3 ბინა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ კორპუსში, თუმცა, გადაცემის გასვლის მომენტში, აქედან ერთი ბინა ჩემი ძმის - მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე იყო გაფორმებული.
მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2021 წლის 27 დეკემბერს, იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე შევიძინეთ 61.30 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, რომელიც დედაზე იქნა გაფორმებული. 2022 წლის 16 დეკემბერს, პარალელური იპოთეკური სესხით, ჩემი ძმის და დედის თანამონაწილეობით, შევიძინეთ 146.60 კვ.მ ფართი სიუჟეტში ხსენებულ კორპუსში, რომელიც 2023 წლის 21 აპრილს გაიმიჯნა 2 ნაწილად. 2024 წლის 28 თებერვალს კი, გამიჯნული ფართიდან 86.60 კვ.მ ჩუქებით გადაფორმდა ჩემს ძმაზე - მიხეილ კალანდარიშვილზე, ვინაიდან, აღნიშნული ბინის მესაკუთრე თავიდანვე ის გახლდათ, თუმცა, ქვეყანაში არყოფნის გამო, მანამდე ვერ მოხერხდა მის სახელზე საკუთრების გადაფორმება.”

“იმ კორპუსების ნებართვების მონიტორინგმა, სადაც ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს ბევრი ბინა აქვს, აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში დეველოპერებს მერიასთან პრობლემები ჰქონდათ. მშენებლები, დარღვევების მიუხედავად, კოეფიციენტების მატებას ითხოვდნენ და საბოლოოდ იღებდნენ კიდეც. ეს საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 ბინა დავუთვალეთ, თავდაპირველი პროექტი 40-ბინიანი და 5-სართულიანი უნდა ყოფილიყო. 2018 წელს კალაძემ ბინადარს კოეფიციენტის მატებაზე უარი უთხრა, თუმცა 2019 წელს პოზიცია შეცვალა და სართულიანობა 5-დან თორმეტამდე, სიმაღლე კი 56 მეტრამდე გაზარდა”.

“ეს დამთხვევაა თუ სამშენებლო კომპანიას დაავალეს შეცვლილი ნებართვის სანაცვლოდ ცესკოს მაშინდელი იურიდიული სამსახურის უფროსი მოემადლიერებინა.”

ცესკოს ხელმძღვანელის განმარტება: “სიუჟეტის ავტორი ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე ავითარებს მოსაზრებას ჩემსა და კომპანიას შორის შესაძლო კავშირის შესახებ. აქვე მინდა განვმარტო, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა საცხოვრებელი ფართები შეისყიდეს არა გადაცემაში ხსენებული კომპანიისგან, არამედ კონკრეტული ბინების მფლობელი სხვადასხვა მესაკუთრისგან. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის და მათ შორის არცერთი ამონაწერით არ დგინდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან განხორციელდა გადაცემაში ხსენებული სამშენებლო კომპანიისგან ბინის შესყიდვა. შესაბამისად, არათუ სამართლებრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, არამედ არანაირ ლოგიკაშიც კი არ ხვდება ჩვენი კავშირი სამშენებლო კომპანიასთან, გარდა იმისა, რომ მათ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ვფლობთ საკუთრებას. ასევე, საერთოდ უცნობია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშენებლო საკითხი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ჩემი მეუღლის და ჩემი დედის საკუთრებაში არსებული და სიუჟეტში მოხსენიებული ვაკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი ფართები, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და ჩაბარებული სათანადო წესით საჯარო რეესტრში, რაც ასევე დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით”.

ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები არასრულწლოვნების ნაწილში:

ნოდარ მელაძე: “მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც 5 თვის ჩვილზე გააფორმეს ახლად აშენებულ კორპუსში და შემდეგ ბაგა ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა”.

“ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ყოველ შემთხვევაში ასეთს, თუმცა მე ვერ ამოვხსენი არასრულწლოვანი შვილების სახელზე ქონების გადაფორმების შემდეგ მშობლებზე ჩუქების აი მთელს ამ მაქინაციებს”.

მაკა ჩიხლაძე: “კალანდარიშვილის ბინების დათვლა კენჭისყრის შედეგების დათვლაზე რთული აღმოჩნდა იმიტომ, რომ ცესკოს პირველ პირს ხშირ შემთხვევაში შეძენილი უძრავი ქონება არა საკუთარ, არამედ დედის, ცოლის 1 და 3 წლის შვილების სახელზე აქვს გაფორმებული. უძრავი ქონების სიმრავლე, როგორც ჩანს, თავად მფლობელსაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის და ამიტომ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით ურჩევნია”.

“მეტი სიზუსტისთვის, საჯარო მოხელის და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირის ქონების თვლას მის მიერვე შევსებული დეკლარაციით ვიწყებთ”.

“ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული. ბინის შეძენის მომენტში გ.კ.  5 თვის იყო.”

შენიშვნა: სიუჟეტში არასრულწლოვნის სახელ გვარი სრულად იყო, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების ვინაობის დამატებითი ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.

“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში კვადრატული მეტრი 535 დოლარად იყიდა, რაც იმდროინდელი საბაზრო ფასითაც არაადეკვატურად დაბალი ფასია. ამ ბინის ნასყიდობის ფაქტს ეჭვქვეშ კიდევ ერთი გარემოება აყენებს - დოკუმენტების კვლევისას ვხედავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის შვილზე გადმოფორმებამდე ბინას ვინმე მიხეილ ლორთქიფანიძე ფლობდა. ლორთქიფანიძე გვიყვება, რომ ბინა არ გაუყიდია და გადაფორმება ვალის სანაცვლოდ მოხდა”.

“შატბერაშვილის 44 არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში არჩევნებზე პასუხისმგებელი პირი ოჯახის ქონებას არასრულწლოვანი შვილების სახელზე აფორმებს. კიდევ ერთი მისამართზე ვაკეში, შატბერაშვილის 19-21 ნომერში გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი, დ.კ. ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს დოკუმენტების მიხედვით, 3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 000 დოლარად. Ზუსტად 4 თვეში 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედას, ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის”.

გიორგი კალანდარიშვილის პოზიცია: “არასრულწლოვან შვილებზე ხაზგასმა, მათ შორის, მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორე მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რაც შეეხება გ. შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებულ საცხოვრებელ ფართს, მე და ჩემმა მეუღლემ ის იპოთეკური სესხითა და დანაზოგით 2017 წელს კეთილსინდისიერად შევიძინეთ და იმთავითვე ბინა ჩვენი შვილის სახელზე გავაფორმეთ. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ სიუჟეტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩემს შვილებზე ბინების გაფორმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი შიდა ოჯახური გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს. ამ თემით მანიპულირება კი, მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვების შექმნას და გამძაფრებას ემსახურება. ამას გარდა, არასრულწლოვანი შვილების სიუჟეტში მოხსენიება, მათ შორის მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორე მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციაში უძრავი ქონება ასახულია სრულყოფილად, მიუხედავად იმისა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ვის სახელზე იყო აღრიცხული, რაც, ბუნებრივია, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს და გადაცემაში გამოყენებული იყო მანიპულაციურად. ამასთან გაცნობებთ, რომ ბინის შვილიდან დედაზე გადაფორმება, განპირობებული იყო შიდა ოჯახური საჭიროებით”.

ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები დამქირავებლების მოქალაქეობის ნაწილში:

ნოდარ მელაძე: “ანუ რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გაქირავება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის უხერხულობას არ ქმნის ხომ?”

მაკა ჩიხლაძე: “არა, პირიქით. მასაც და მის მეუღლესაც როდესაც ეს შეკითხვა დავუსვით, ის უფრო გაუგებარი იყო, რატომ ვუსვამდით ამ შეკითხვას იმიტომ, რომ “რა პრობლემას ხედავთ” - ეს იყო პასუხი”.

“ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცოლის ბინაა, რომელიც, მისივე მდგმურების მონათხრობზე დაყრდნობით, უკვე დიდი ხანია ბელორუსიიდან ჩამოსულ ქალზეა გაქირავებული”.

“ეს კი რუსეთის მოქალაქეა და ცესკოს თავმჯდომარის ბინას ქირაობს. დოკუმენტების მიხედვით, გაქირავებული ბინა დედისაა, თუმცა გიორგი კალანდარიშვილის ინტერვიუდანვე დგინდება, რომ სინამდვილეში უძრავი ქონება მას ეკუთვნის”.

“არავის არ ვუვარდებით, რუსი და ბელორუსი მდგმურები რომ გყავთ იცით ამის თაობაზე?”

განმცხადებელი მიუთითებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონზე, რომელიც განმარტავს, რომ დაუშვებელია, პოტენციურ დამქირავებელს უარი ეთქვას საჯაროდ ხელმისაწვდომ საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებით გარიგების დადებაზე, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნის გამო.

მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები:

“თუმცა ეს მორალის ამბავია მაინც, მაგრამ მდგმურებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, აი  კანონის ენით რომ ველაპარაკოთ ცესკოს თავმჯდომარეს, მოვალეობის შემსრულებელს ამ ეტაპზე არის ის, რომ მას არსად უწერია დეკლარაციაში, რომ იჯარით შემოსული თანხა არის მისი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავალი ანუ ეს გრაფები დეკლარაციაში  რომელსაც ის ავსებს, არის აბსოლუტურად ცარიელი.”

ხარჯების თვლისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან და სავარაუდო კანონდარღვევას ვაწყდებით. ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ დადასტურებულად აჩვენა, რომ გიორგი კალანდარიშვილი, მაგალითად, დედის სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას დეკლარაციას უმალავს. მალავს ბინების გაქირავებიდან მიღებულ თანხებსაც, რადგან არსად წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს იჯარიდან შემოსავალი აქვს მიღებული. ადამიანთან, რომელმაც ქვეყანაში ამ წლის ბოლოს უმნიშვნელოვანესი არჩევნები უნდა ჩაატაროს, კითხვები არა მხოლოდ გადამალულ ქონებასთან და ამ ქონების შესაძენად დახარჯული ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით ჩნდება.”

კალანდარიშვილის განმარტება: „ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდი სრულიად უსაფუძვლოდ მდებს ბრალს დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებაში. კერძოდ, საუბრობს, რომ დეკლარაციაში შესაბამის ველში არ არის მითითებული იჯარით მიღებული შემოსავალი, სინამდვილეში კი, ბოლო დეკლარაციის შევსების მომენტში, ფართი გაქირავებული არ იყო და, შესაბამისად, ვერც მისი იჯარის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა მითითებული. ამას გარდა, გაცნობებთ, რომ წინა წელს მიღებული შემოსავლები, კანონმდებლობის თანახმად, უნდა აისახოს მომდევნო წლის დეკლარაციაში, რაც, ჩემ შემთხვევაში, 2024 წლის შესაბამის პერიოდში (ოქტომბერში) განხორციელდება”.

საქმის დამატებითი გარემოებები

ქარტიისთვის  მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, მიმართა ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების ორგანოს.

საჩივრის ფარგლებში სადავოდ იყო გამხდარი ჟურნალისტების ზემოაღნიშნული ფრაზები.

თვითრეგულირების კომისიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გიორგი კალანდარიშვილის საჩივარი, კერძოდ, თვითრეგულირების ორგანომ არაზუსტად მიიჩნია სიუჟეტის შემდეგი ფრაგმენტი:

„შევარდნაძის მმართველობისას გიორგი კალანდარიშვილის მამა მართლაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ბატონი სამსონი თანამდებობიდან ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2003 წელს გათავისუფლდა და ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ამასთან ჩნდება ლოგიკური კითხვა თუ ის ოჯახის დაგროვილი დოვლათი იყო, რატომ თარიღდება მსხვილი შენაძენები მამის პოსტზე მუშაობიდან თითქმის 20 წლის შემდეგ“. 

თვითრეგულირების ორგანოს მასალების მიხედვით, განხილვის ეტაპზე ეს ფრაგმენტი ფაქტობრივ შეცდომად აღიარეს ჟურნალისტებმაც.

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს აღნიშნული ფრაზის შესწორება დაევალათ. თვითრეგულირების კომისიამ ცესკოს ხელმძღვანელის საჩივარი დანარჩენ მოთხოვნებში არ დააკმაყოფილა.

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში.

ქარტიის საბჭოს მიერ ამ საქმის განხილვის ეტაპზე ტელეკომპანიის სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტური გამოძიების სიღრმეებში ჩასვლა და მასში მოყვანილი ფაქტების სიღრმისეულად გადამოწმება სცდება საბჭოს სამოქმედო არეალს. საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აფასებს აუდიტორიის, მაყურებლის პოზიციიდან, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებელი გზებით აწარმოოს მოკვლევა და სიუჟეტში მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს.

შესაბამისად, საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.

სადავო ჟურნალისტური გამოძიება სამი ნაწილისგან შედგება: ანონსი, სიუჟეტის სტუდიური წარდგენა (წამყვანის და ავტორის მონაწილეობით) და სიუჟეტი. სამივეს ერთობლიობა ქმნის საბოლოო ჟურნალისტურ ნამუშევარს, რომელმაც აუდიტორიას კონკრეტულ თემაზე ყოველმხრივ გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

განსახილველ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ჟურნალისტურ გამოძიებასთან, ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ სამივე ნაწილის ერთობლიობით ობიექტურ მაყურებელს უნდა შექმნოდა დასაბუთებული ვარაუდი კონკრეტული კორუფციული გარიგებების და შესაძლო დანაშაულების შესახებ. ამის მოლოდინს ქმნიდა გადაცემის ანონსიც.

 ანონსი შემდეგ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას:

“აღმოჩენილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფის ბევრი ბინა ვაკეში“,

კალანდარიშვილის ოჯახმა ხუთი ბინა ვაკეში იმ პრობლემურ კორპუსში მიიღო, რომელსაც სართულების დამატების უფლება მერიამ საეჭვო ვითარებაში მისცა.”

 “ქმარი ცესკოს თავმჯდომარე, ცოლი “ქართუ ბანკის მაღალჩინოსანი”

 “რუსებზე გაქირავებული ბინები და ამ ბინებიდან მიღებული ფული, რომელიც დეკლარაციებში არ ჩანს.”

“ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული  ქონება და შემდეგ სამი წლის ბავშვის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა.”

ანონსი მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ნოდარ მელაძის შაბათის” ჯგუფის ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, კორუმპირებულობის, მის მიერ დიდძალი დაუსაბუთებელი უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი ფაქტები მოიპოვეს.

სიუჟეტის ანონსში საუბარია, რომ “აღმოჩენილია” გიორგი კალანდარიშვილის უძრავი ქონება, თუმცა სიუჟეტიდანვე ვიგებთ, რომ ამ ქონების ნაწილი ცესკოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციაში აქვს დეტალურად მითითებული, ნაწილი კი მისი დედის და ძმის საკუთრებაა, საჯარო რეესტრშია ასახული და მათი ნახვაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელი ეუბნება ჟურნალისტს, რომ ყველა ეს უძრავი ქონება მან და მისმა ოჯახმა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული კაპიტალით შეიძინეს და გარკვეულ დასაბუთებას სთავაზობს (აღებულ სესხებს, გაყიდულ სხვა უძრავ ქონებას).

სიუჟეტში ჟურნალისტები სათანადოდ არ ამოწმებენ კალანდარიშვილის განმარტებებს, სარწმუნოდ ვერ ასაბუთებენ, რომ ეს უძრავი ქონება ცესკოს ხელმძღვანელს დაუსაბუთებელი წარმოშობის თანხებით აქვს შეძენილი და მათ ფლობას მალავდა.

ამ ფაქტის ანონსში წარდგენა, როგორც დამალული ქონების “აღმოჩენა”, მანიპულაციურია, შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და სიზუსტის პატივისცემის სტანდარტს არღვევს.

ანონსში ასევე საუბარია, რომ კალანდარიშვილის ცოლი “ქართუ ბანკის” მაღალჩინოსანია. სინამდვილეში, როგორც სიუჟეტშივე ნაჩვენები ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კალანდარიშვილის მეუღლე ”ქართუ ბანკის” ისნის რაიონის სერვის ცენტრის საკრედიტო განყოფილების უფროსია, რასაც საბანკო სფეროში მაღალ თანამდებობად  ნამდვილად არ მიიჩნევენ. ანონსში მისი ასე წარმოჩენა მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

ანონსში საუბარია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოჯახმა ბინები პრობლემურ კორპუსში “მიიღო”, რომელსაც “სართულების დამატების უფლება მერიამ საეჭვო ვითარებაში მისცა”. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ბინები არ “მიუღიათ”, ისინი სხვადასხვა კერძო პირისგან იყიდეს. ანონსი, ჟურნალისტის ტექსტები, ოპოზიციონერი რესპოდენტის ინტერვიუ არის ერთგვარი მინიშნებები, რომ ცესკოს ხელმძღანელი “ქართულ ოცნებას” გაურიგდა, რომ ცესკოში მის დავალებებს შეასრულებდა და სანაცვლოდ ბინები მიიღო. თუმცა ამ ირიბი ბრალდების გასამყარებლად, კომპანიასთან კალანდარიშვილის კავშირის არანაირი მტკიცებულება სადავო მასალაში წარმოდგენილი არ არის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ ჟურნალისტური გამოძიება მაღალი ხარისხის, მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული პროდუქტი უნდა იყოს და ნებისმიერი რესპონდენტის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოქვეყნებამდე მრავალჯერ უნდა გადამოწმდეს.  ანონსში გაცხადებული მინიშნება გიორგი კალანდარიშვილის სამშენებლო კომპანიასთან შესაძლო კავშირზე გადამოწმებულ ფაქტებს არ ეფუძნება და მანიპულაციურია.

ანონსში (სიუჟეტშიც) წამყვანი და ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს გარკვეული უძრავი ქონება არასრულწლოვან შვილებზე აქვს გაფორმებული. ამას წამყვანი ამოუხსნელ მაქინაციად მოიხსენიებს, ჟურნალისტი კი საეჭვო გარიგებებზე მიანიშნებს.

ცესკოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციებში საჯაროდ აქვს ასახული, რომ ოჯახის ქონების ნაწილი მის არასრულწლოვან შვილებზეა გაფორმებული, რასაც სიუჟეტში ცესკოს თავმჯდომარე ოჯახის თითოეულ წევრზე ქონების განაწილებით ხსნის, და ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებშია.

არასრულწლოვან შვილებზე ქონების დარეგისტრირება, მათი სახელით გარიგებების გაფორმება სამართლებრივად სწორია. კანონი იძლევა საშუალებას, რომ მშობლებმა არასრულწლოვანი შვილების სახელით გარიგებები აწარმოონ, იყიდონ ანდა გაყიდონ უძრავი ქონება. კალანდარიშვილების შემთხვევაშიც ეს პროცედურები საჯაროდ და კანონიერადაა საჯარო რეესტრში ასახული.

თუმცა, ჟურნალისტები ამ ოპერაციებს წარმოაჩენენ როგორც განსაკუთრებულ, გასაკვირ შემთხვევას და ერთგვარ მაქინაციას, რისი შესაბამისი დასაბუთებაც სიუჟეტში არ ყოფილა.
სიუჟეტში არ არის გამოკვლეული რაიმე ფინანსურ სარგებელს, გადასახადების დამალვას ან რაიმე სხვა არაკეთილსინდისიერ მიზანს ხომ არ ემსახურებოდა გიორგი კალანდარიშვილის მიერ არასრულწლოვან შვილებზე უძრავი ქონების გაფორმება. რადგანაც ჟურნალისტებმა ასეთი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს, არასრულწლოვნებზე ქონების გაფორმების სიუჟეტში მოცემულ კონტექსტში წარმოჩენა მანუპულიციურია და ემსახურება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს ეს აპრიორი რაიმე მაქინაციაა და არა კანონით დაშვებული ჩვეულებრივი ოპერაცია.

სიუჟეტში ჟურნალისტმა თქვა, რომ კალანდარიშვილის მამა შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო და თანამდებობიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ გაუშვეს.

სიუჟეტში არ იყო მოცემული ამ ფაქტის რაიმე მტკიცებულება, არ იყო მითითებული, რას ეყრდნობოდა ჟურნალიტი ამ ინფორმაციის გახმოვანებისას.

ცესკოს ხელმძღვანელი განცხადებაში წერს, რომ  2003 წელს მამამისს ვერ გაათავისუფლებდნენ, ვინაიდან ის 2001 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა, სახელმწიფო თანამდებობაზე კი არასდროს უმუშავია.

ჟურნალისტებს სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ჰქონდათ გიორგი კალანდარიშვილთან ინტერვიუ და ამ ფაქტის გადამოწმებაც შეეძლოთ, თუმცა, როგორც ჩანს, სათანადოდ არ გადაამოწმეს.

მოგვიანებით, მელაძის გუნდმა ტვ “პირველის” შიდა თვითრეგულირების ორგანოში დაადასტურა, რომ ამ ეპიზოდში ფაქტობრივი შეცდომა დაუშვეს.

მიუხედავად ამისა, განცხადების საბჭოს მიერ განხილვის მომენტისთვის აღნიშნული ეპიზოდი შესწორებული არ არის და საბჭო მიიჩნევს, რომ სიზუსტის პრინციპი ამ შემთხვევაშიც დარღვეულია.

კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი გიორგი კალანდარიშვილის ძმის ქონებას ეხება. ჟურნალისტი ამბობს: “ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება ცესკოს თავმჯდომარის ძმის მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე თუ მისი თანამდებობის პირი ძმა.”

ამ ეპიზოდში კადრში ჩანს დოკუმენტი, რომლის საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად  ირკვევა, რომ ეს ბინა კალანდარიშვილის ძმას 18 წლის წინ, 2007 წელს, აქვს შეძენილი.
რა კავშირი აქვს ამ ბინას გიორგი კალანდარიშვილის ცესკოში მუშაობის პერიოდში ქონების დაგროვებასთან, სიუჟეტში ახსნილი არ არის. არ ჩანს არც დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მცდელობა, რაც ჟურნალისტის გამოთქმულ ვარაუდს გაამყარებდა.

საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.

სიუჟეტის საერთო კონტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ცესკოს თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს კანონიერი გზით ამხელა ქონების დაგროვება არ შეეძლოთ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მათი შემოსავალი არცერთ შემთხვევაში საკმარისი არ არის ბინების შესაძენად და გასარემონტებლად.

სიუჟეტიდანაც ჩანს, რომ გიორგი კალანდარიშვილს და მის მეუღლეს სოლიდური შემოსავალი აქვთ. ბოლო სამი წლის დეკლარაცით ჯამში მათი ხელფასი დაახლოებით 400 ათასი ლარი იყო.

ცოლ-ქმარს დაახლოებით 160 ათასი დოლარის და 180 ათასი ლარის საბანკო სესხი აქვთ აღებული და ამ სესხების ნაწილს დღემდე იხდიან, ეს სესხები მიმდინარეა.

ცესკოს ხელმძღვანელი განცხადებაში ამბობს, რომ თბილისში უძრავი ქონების შესაძენად მისმა ოჯახმა ქუთაისში მდებარე კომერციული ფართი გაასხვისა. ფართის გასხვისება საჯარო რეესტრითაც დასტურდება, თუმცა ჟურნალისტს ეს დეტალიც არ ჰქონდა მოკვლეული და სიუჟეტში ასახული.

საბჭო მიიჩნევს, რომ  ჟურნალიტებს ზემოთ აღწერილი ყველა გარემოება უნდა გამოეკვლიათ, სიუჟეტში სრულად და პატიოსნად ეჩვენებინათ გადამოწმების რა ხერხებს მიმართეს, ვიდრე მტკიცებით ფორმაში იტყოდნენ, რომ ცესკოს ხელმძღვანელის შემოსავალი მისი ქონების შესაძენად საკმარისი არ იყო.

სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელი დადანაშაულებული იყო იმაშიც, რომ მან ქონებრივ დეკლარაციაში ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ ასახა. კალანდარიშვილი ქარტიაში წარმოდგენილ განცხადებაში წერს, რომ, როცა ბოლო დეკლარაცია შეავსო, აღნიშნული ქონება გაქირავებული არ ჰქონდა, და ამიტომ ქირიდან შემოსული შემოსავალი მის მომდევნო დეკლარაციაში აისახება.

საბჭო ვერ დაეყრდნობა და გაიზიარებს ცესკოს ხელმძღვანელის ამ ინფორმაციას, ვინაიდან  ამ ფაქტის შემოწმება საბჭოს მანდატს ცდება, თუმცა ჟურნალისტის ვალდებულება იყო, ეს დეტალი საფუძვლიანად გამოეკვლია, ვიდრე გაახმოვანებდა. სიუჟეტში არ ჩანს, კალანდარიშვილს ქონება ჰქონდა თუ არა გაქირავებული იმ პერიოდშიც, რომელსაც მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია მოიცავს.

ზემოთ აღწერილი გარემოებების ერთობლიობით საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტის ავტორებმა პატივი არ სცეს სიზუსტეს და აუდიტორიის უფლებას, მიიღოს მაქსიმალურად ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია.

როცა აუდიტორიის წინაშე პოზიციონირებ როგორც საგამოძიებო ჯგუფი, გამომძიებელი ჟურნალისტი, მოლოდინია, რომ მაყურებელს ყოველმხრივ გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდი.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს უნდა გამოეყენებინათ ყველა გზა ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ნიშანდობლივია, ის, რომ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ცესკოს ხელმძღვანელი ჟურნალისტს ყველა კითხვის წერილობით გაგზავნას სთხოვს და პასუხებს ჰპირდება. სიუჟეტის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველმა” ინფორმაციის გადამოწმების ეს გზა არ გამოიყენა. დადგენილი პრაქტიკით, გამომძიებელი ჟურნალისტები, რაკი ისინი მეტ დეტალს იკვლევენ და სიღრმისეულ მასალებს ამზადებენ, ხშირად მიმართავენ წერილობით ინფორმაციის დაზუსტების გზას, რაც ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას შეუწყობდა ხელს.

საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ  სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პირველი პრინციპი დააღვიეს.

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ;
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

აღნიშნულ  შემთხვევაში ყველა ეს პირობა სახეზეა და საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა. ცესკოს ხელძღვანელის პრეტენზიების შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისთვის, ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების ორგანოს ცესკოს საჩივარი უკვე განხილული აქვს, თუმცა მასალები შესწორებული არ არის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიუჟეტში კალანდარიშვილის მამის შესახებ გასულ ეპიზოდზე ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიამ ფაქტობრივი შეცდომა დაადგინა, რასაც “მელაძის შაბათის” გუნდიც დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა, ფაქტი შეესწორებინა. თვითრეგულირების ორგანომ ამისთვის მათ გარკვეული ვადაც მისცა.

თუმცა ქარტიის სტანდარტით, მედიამ არაზუსტი ინფორმაცია მყისიერად უნდა შეასწოროს. პრაქტიკის მიხედვით, მასალა უნდა შესწორდეს თვალსაჩინოდ,  ყველა პლატფორმაზე, სადაც განთავსებულია და უნდა ჩანდეს, რა შესწორდა და როდის.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო მასალები სოციალურ ქსელში კვლავ პირველადი სახითაა განთავსებული, მათ შორის, არ არის მითითებული, რომ მამის შესახებ ეპიზოდი შესწორდა.

გამომდინარე აქედან, საბჭომ მე-5 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.

მეშვიდე პრინციპი.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის ოჯახის ბინების დამქირავებლების მოქალაქეობის ნაწილში სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

ჟურნალისტები სადავო მასალაში აპელირებენ ფაქტზე, რომ გიორგი კალანდარიშვილის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინების დამქირავებლები ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები არიან. სიუჟეტში ნახსენებია ასევე ბელარუსის მოქალაქეებიც.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების მიქირავება სიუჟეტში წარმოჩენილია, როგორც ცალსახად უარყოფითი მოვლენა და ეს ფაქტი ჟურნალისტებს საკუთარი მძაფრი ფრაზებით გამოყენებული აქვთ გიორგი კალანდარიშვილის დისკრედიტაციისთვის.

სიუჟეტის პათოსით რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის ბინის მიქირავება არის დაუშვებელი და გამქირავებლის დისკრედიტაციას ხდენს.

ამგვარი გაშუქებით ჟურნალისტები ახალისებენ რუსეთის ყველა მოქალაქის დისკრიმინაციას მათი რასის, ეროვნული, სოციალური წარმოშობის ნიშნით.

ევროსაბჭოს კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, ფართოდ განმარტა რასობრივი დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს, მათ შორის, რასას, მოქალაქეობას და ეროვნულ კუთვნილებას.

სტრასბურგის სასამართლოს შეხედულებით, ადამიანების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეფუძნება რასობრივ, ეროვნულ კუთვნილებას, არ აქვს არავითარი პერსპექტივა, რომ ობიექტურად, გამართლებულად შეფასდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც პლურალიზმისა და განსხვავებულ კულტურათა პატივისცემის პრინციპებს ემყარება. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფუძვლით დისკრიმინაცია იმავდროულად წარმოადგენს ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მოპყრობას (წყარო: გვ.14-16 ).

დისკრიმინაციას დაუშვებლად მიიჩნევს ქართული კანონდებლობაც. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის გ.დ) ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე (საცხოვრებლის ჩათვლით).

სამოქალაქო ურთიერთობების დროს, როგორიცაა, მათ შორის, საცხოვრებლის ქირაობა, კანონმდებლობა გამორიცხავს წარმომავლობის თუ მოქალაქეობის საფუძველზე დისკრიმინაციას.

საბჭოს წევრები იზიარებენ ზემოაღნიშნულს და, ასევე, განმცხადებლის მიერ მითითებულ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და აღნიშნავენ, რომ ეროვნება და მოქალაქეობა ავტომატურად არ ნიშნავს პუტინისტური იდეოლოგიის გაზიარებას და ამ კონტექსტში წარმომავლობაზე ხაზგასმა არის დისკრიმინაციული.

ნებისმიერი ჟურნალისტი ვალდებულია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, გაემიჯნოს სუბიექტურ დამოკიდებულებებს და არათუ არ მოამზადოს დისკრიმინაციული მასალები, არამედ ყველა ღონე იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

მერვე პრინციპი.

ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ განსახილველ სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესი და ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა.  საბჭოს ერთ წევრს, გელა მთივლიშვილს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა. გელა მთივლიშვილის პოზიცია აისახება მის განსხვავებულ აზრში და ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით დაერთვება.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა სიუჟეტის მომზადებისას, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, მოახდინეს მათი იმგვარი იდენტიფიცირება და იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ საფრთხის ქვეშ დააყენეს მათი, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესი.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს არასრულწლოვნების სახელ-გვარებს სრულად და მათ ასაკს, თუმცა საბჭო ამ გადაწყვეტილებაში არასრულწლოვნებს მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს, რათა ხელი არ შეუწყოს ბავშვების შესახებ ინფორმაციის დამატებით ტირაჟირებას.

ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების შესახებ სიუჟეტის ანონსშივე იყო შემდეგი ტექსტი: “ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული ქონება და შემდეგ 3 წლის ბავშის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა”.

შემდეგ იყო სიუჟეტის სტუდიაში წარდგენისას წამყვანის ტექსტი: “მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც 5 თვის ჩვილზე გააფორმეს ახლად აშენებულ კორპუსში და შემდეგ ბაგა-ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა”.

“ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ყოველ შემთხვევაში ასეთს, თუმცა მე ვერ ამოვხსენი არასრულწლოვანი შვილების სახელზე ქონების გადაფორმების შემდეგ მშობლებზე ჩუქების აი მთელს ამ მაქინაციებს”.

ჟურნალისტის ციტატა: “ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული, ბინის შეძენის მომენტში გ.კ. 5 თვის იყო”.

“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში კვადრატული მეტრი 535 დოლარად იყიდა.

შატბერაშვილის 19-21 ნომერში გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი დ.კ. ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს დოკუმენტების მიხედვით 3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 000 დოლარად. ზუსტად 4 თვეში 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედას ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის”.

სინამდვილეში ყველა ზემოთ აღწერილი ქმედება კანონიერია. ინფორმაცია კი ყველასთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში და არ სჭირდება “მოპოვება”, როგორც ამას ჟურნალისტი უწოდებს, სავარაუდოდ, მოვლენების დრამატიზებისთვის.

ყველა ჩამოთვლილი ოპერაციის დროს კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრში ამ არასრულწლოვნების სახელით მოქმედებებს მათი მშობლები ახორციელებდნენ.

სამოქალაქო კანონმდებლობის გათვალისწინებით, არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლები არიან მათი მშობლები და ყველა მოქმედება აქაც მშობლების მიერაა განხორციელებული. ამაზე სიუჟეტი ყურადღებას ცხადად არ ამახვილებს. პირიქით, ეს ქმედებები მაქინაციებადაა მოხსენიებული.

მაგალითად, ფრაზა “3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას” არის მანიპულაციური. სინამდვილეში ბინას ყიდულობს მშობელი და შვილის სახელზე არეგისტრირებს. ანალოგიურად მანიპულაციურია ფრაზა “ბაგა-ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა.”

გადაცემის წამყვანი ამ ჩვეულებრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს მოიხსენიებს როგორც ამოუხსნელ მაქინაციას, არასრულწლოვნებს კი წარმოაჩენს “მაქინაციების”, სავარაუდო დანაშაულის, მონაწილეებად.

პასუხისმგებლიანი მედია, იმ შემთხვევებშიც კი მაქსიმალურად ერიდება არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას, როცა დადგენილია რომ მან დანაშაული ჩაიდინა, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის რეტრავმირება და ის არ გახდეს სამომავლოდ ბულინგის ან რაიმე სხვა სახის შევიწროების მსხვერპლი.

საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკის მიერ ქონების შესაძლო გადამალვის მაქინაციურ სქემაში ბავშვების ჩართულობაზე მინიშნებებით გაჯერებულ სიუჟეტში მოხდა  არასრულწლოვანების ინსტრუმენტალიზება და მათი წარმოჩენა კორუფციული გარიგებების დადების საშუალებად, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რამდენადაც ხდება მათი ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა.

საბჭო განმარტავს, რომ მიუხედავად ბავშვების ვინაობის საჯაროდ ხელმისაწვდომობისა, (საჯარო რეესტრში, ქონებრივ დეკლარაციებში) სიუჟეტში მათი სახელობითი მოხსენიების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.

ამ პრინციპის დარღვევის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს სადავო ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანს ზრდასრულ ასაკში; მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს, ხომ არ გამოიწვევს ის არასრულწლოვანის ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას.

არასრულწლოვანობის პერიოდი მოიცავს იმ ასაკს, როდესაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, ინფორმაციას სენსიტიურად აღიქვამენ და გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან.

აღნიშნული სიუჟეტის ნახვის და შინაარსის შეცნობის შესაძლებლობა, ცხადია, მათ რამდენიმე წელიწადში ექნებათ; ამასთან, არა მარტო მათ, არამედ მათ თანატოლებს, კლასელებსა და მეგობრებს, რამაც, შესაძლოა, მათ შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი მშობლები შვილების მონაწილეობით მაქინაციებში იყვნენ გახვეულები. ამან კი, შესაძლოა, არასრულწლოვნების ტრავმირება და ბულინგის ობიექტად ქცევა გამოიწვიოს, თანაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, რამდენადაც აღნიშნული სიუჟეტი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. მისი ნებისმიერ ასაკში ხილვა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანების რეტრავმირებას შეუწყობს ხელს და მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.

მედიაში ბავშვის საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ბავშვების საკითხის გაშუქებისას მედიამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს სიზუსტისა და კორექტულობის დასაცავად; ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას მათ საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და ზიანის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანონ.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საბჭო სიუჟეტში არასრულწლოვანების ინტერესების დარღვევის კუთხით ორ მთავარ პრობლემას გამოჰყოფს:

  1. მოხდა არასრულწლოვანების სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებად წარმოჩენა ისე, რომ არ იყო წარმოდგენილი ამის დამაჯერებელი მტკიცებულებები.
  2. Ჟურნალისტებს სიუჟეტში არასრულწლოვანების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის მტკიცებულებები მართლაც რომ ეჩვენებინათ, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა არასრულწლოვანების სრული სახელებით მოხსენიება სიუჟეტში, რომელიც მათ ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენდა? ქარტიის პრაქტიკით, მედიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს არ მოხდეს, ამ შემთხვევაში კი პირიქით, ჟურნალისტებმა არასრულწლოვანების შესაძლო დაზარალებას ხელი შეუწყვეს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესს ცალსახად ლახავს და მე-8 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ჟურნალისტებმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.