„რადიო თავისუფლება“ 75 წელზე მეტია, მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა.
საქართველოში „რადიო თავისუფლების“ როლი სრულიად განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედიალანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად. „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქცია ადგილობრივი მედიასაშუალებების მხარდამხარ წერს თანამედროვე ქართული მედიის ისტორიას.
საქართველოში მედიას წლებია, უკიდურესად პოლარიზებულ, ღიად მტრულ და დამთრგუნველ გარემოში უწევს მუშაობა. „რადიო თავისუფლებამ“ ამ რთულ პირობებშიც კი შეძლო მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება, ჩამოყალიბდა პროფესიის მეტრად, რომელზეც ჟურნალისტთა თაობები იზრდებიან და რომელზეც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს აქვთ სწორება.
„რადიო თავისუფლება“ ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისა და შინაარსიანი დებატებისათვის. ჟურნალისტები „რადიო თავისუფლებიდან“ რეგულარულად იღებენ პროფესიულ ჯილდოებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის. „რადიო თავისუფლება“ იზიდავს ახალგაზრდებს სოციალურ მედიაში განთავსებული მრავალფეროვანი ჟურნალისტური ნამუშევრებით.
ქართული მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ქმედებების შედეგად დახურვის, ხოლო ქართული საზოგადოება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი პროპაგანდისტული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პირისპირ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან. ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდება “რადიო თავისუფლების” როლი და მისია.
„რადიო თავისუფლების“ გარეშე მედია საქართველოში უკიდურესად გაღარიბდება, დაიკარგება საზოგადოების მრავალფეროვანი ხმები.
ქარტია თხოვნით მიმართავს ევროპული ქვეყნების მთავრობებს და კერძო ფონდებს, გამონახონ რესურსები „რადიო თავისუფლების“ შესანარჩუნებლად იმ საზოგადოებებისათვის მრავალ ქვეყანაში, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენია და რომელთა ისედაც რთული ყოველდღიურობა „რადიო თავისუფლების“ გარეშე კიდევ უფრო დამძიმდება.
15 მარტს „მთის ამბების“ რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ავტობანზე, წეროვანთან, შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი თავს დაესხა. ჟურნალისტი თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას თეთრი ფერის პიკაპი აედევნა, რომელიც საავარიო სიტუაციას ქმნიდა. მთივლიშვილმა მანქანა გააჩერა. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შსს-ს თანამშრომელი ჟურნალისტს აგინებდა და ემუქრებოდა. მთივლიშვილმა გადაღება დაიწყო, რა დროსაც მას შსს-ს თანამშრომელმა სამჯერ დაარტყა და მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა. ეს პირი თვითმხილველებსაც დაუპირისპირდა და მათ ვიდეოს წაშლა მოთხოვა.
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაღვივებული სიძულვილის პირდაპირი შედეგია. არავინ დასჯილა ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის გამო, რაც მოძალადეებს ფართო ასპარეზს აძლევს.
ეს არ არის გელა მთივლიშვილზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ის თავისი პროფესიული საქმიანობის გამო მანამდეც გამხდარა ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის აგრესიის სამიზნე.
თავდამსხმელის იდენტიფიცირება მარტივია - თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ის კარგად ჩანს, ისევე როგორც გარკვევით ჩანს მისი ავტომობილის სახელმწიფო ნომრები.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, შსს-ს კი მოუწოდებს, ამჯერად მაინც გამოიჩინოს პროფესიონალიზმი და დროულად დააყენოს მისი მოძალადე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ქართული ოცნების“ ლიდერები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას მედიის თვითრეგულირების არსებული მექანიზმების სისუსტითა და არაეფექტურობით ასაბუთებენ. დაინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკვანძო საკითხებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარეგულირებს.
საქართველოში ქარტიის სახით გვაქვს ეფექტურად მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით.
ცვლილებების წარმოდგენის დრო და კონტექსტი გვარწმუნებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა
„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ აინიცირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად.
შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს
საკითხები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადმოაქვს, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში მედიის თვითრეგულირების ორგანოებისა და სარედაქციო განსჯის საგანია. ქარტიისთვის მიუღებელია ამ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში არბიტრად საქართველოს კომუნიკაციის კომისიის შემოყვანა, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წლებია, დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, და რომლის მიმართ სრულიად სამართლიანად, ბევრი პრეტენზია აქვთ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ჟურნალისტებს შეცდომებზე კოლეგებმა უნდა მიუთითონ და არა ჩინოვნიკებმა, რომელთაც სანქციების დაწესებისთვის ფართო მანდატი ეძლევათ.
განვითარებას ხელს უწყობს თვითრეფლექსია და არა სადამსჯელო ღონისძიებები.
შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიული სტანდარტად წარმოადგენს
მიუღებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის იმგვარად ინტერპრეტაცია, როგორც ეს არის მოცემული შემოთავაზებულ ცვლილებებში. წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება - არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს.
შემოთავაზებული ცვლილებების ერთი ნაწილი უხეშად ერევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში და სარედაქციო გემოვნების საკითხებსაც არეგულირებს.
შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს ართმევს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას
შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ.
ყოველივე ზემოთქმული ქარტიისთვის ნათელს ხდის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ამოძრავებს მედიაგარემოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდების ინტერესი.
შესაბამისად, ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს.
განმარტებისთვის:
ქარტიის საბჭო არჩევითი კოლეგიური ორგანოა, რომლის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. კოლეგა ჟურნალისტების მიერ საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით არჩეული საბჭოს წევრები მოხალისეობრივ საწყისებზე, მხარეთა ჩართულობით, იხილავენ პროფესიული სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებულ განცხადებებს. ყოველი გადაწყვეტილება პროფესიონალთა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგია.
ქარტიაში გაწევრება ნებისმიერ მოქმედ ჟურნალისტს შეუძლია. შესაბამისად, ყველა მოქმედ ჟურნალისტს, ქარტიაში გაწევრებით, ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, და კოლეგებისგან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ჩაერთოს ქარტიის საბჭოს საქმიანობასა და განცხადებების განხილვაში. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობით ათეულობით ჟურნალისტმა ისარგებლა.
ქარტია მრავალგვარი აქტივობით უწყობდა ხელს თვითრეგულირების იდეის პოპულარიზაციას როგორც ჟურნალისტურ წრეებში, ისე მედიის მომხმარებლებს შორის. ქარტია ამისთვის იყენებდა სატელევიზიო ეთერს, ატარებდა შეხვედრებს მოქალაქეებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ჟურნალისტებთან და ჟურნალისტური სკოლების სტუდენტებთან.
პროფესიული სტანდარტების დანერგვაში ჟურნალისტების ხელშესაწყობად ქარტიას მომზადებული აქვს 30-მდე მეგზური და ჩატარებული აქვს ათობით ტრენინგი. მან ასევე უმასპინძლა არაერთ შეხვედრას ეთიკურ დილემებზე სამსჯელოდ. ქარტია 2012 წლიდან ატარებს მედია კონტენტის მონიტორინგს მედიაგაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და 2013 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს პრიზს პროფესიული სტანდარტების დაცვით მომუშავე ჟურნალისტების წასახალისებლად. 2014 წლიდან ქარტია მასალებს პროფესიული სტანდარტებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ აქვეყნებს ქარტიის მედია პლატფორმა “მედიაჩეკერზეც”.
მოკლედ კონტექსტის შესახებ
„ქართული ოცნების“ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება კრიტიკული მედიების მიმართ და მათი დისკრედიტაციის ორგანიზებული მცდელობები 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ჟურნალისტების მასობრივი დევნასა და მათზე ფიზიკური თავდასხმებში გამოიხატა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალოვნებმა და მათთან დაახლოებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 100-ზე მეტ ჟურნალისტს, რომელთაგანაც ბევრს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სერიოზული, და გაუნადგურეს და გასტაცეს ტექნიკა. საუკეთესო ონლაინ გამოცემების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, 12 იანვრიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება და 39- დღიანი შიმშილობის შემდეგაც კი რეჟიმის ტყვედ რჩება. ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ პროტესტს აშუქებენ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკისრებენ 5 000 ლარიან ჯარიმებს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. გამოძიებამ დღემდე ვერ გამოავლინა ვერცერთი დამნაშავე. ჟურნალისტები ვერც სასამართლოში ახერხებენ თავიანთი სიმართლის დამტკიცებას, სადაც ცრუმოწმეებად თავად პოლიციელები გვევლინებიან. საჯარო უწყებები პრაქტიკულად არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. ინსტიტუციაში, რომელიც წესით ყველაზე გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტების ერთ ნაწილს შიდა რეგულაციებით საერთოდ უკრძალავენ შესვლას, ხოლო სხვებს - კითხვის დასმას პარლამენტის წევრებისა და სტუმრებისთვის მათი ნებართვის გარეშე. „ქართული ოცნება“ 2023 წლიდან ცდილობს ფინანსური საფუძვლის გამოცლას და განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვას დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც დასავლური ფონდების მხარდაჭერით სარგებლობს ხარისხიანი მედიაპროდუქტის შესაქმნელად. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მუშაობა აგენტების შესახებ კანონის ახალ ვარიანტზე, რომლის გამოყენებაც მას სურს, კანონის ორიგინალის კონცეფციის საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ.
27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და მიშო დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“ მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.
ირაკლი ლაზარაშვილს ქარტია შეახსენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობა ავალდებულებს, ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მედიასთან და უპასუხოს მათ საზოგადოებრივი ინტერესით ნაკარნახებ კითხვებს.
ახალციხის მერის რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ იმ უარყოფითი დამოკიდებულების მანიფესტაციაა, რომლის კულტივირებასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე წლებია, ეწევიან. კრიტიკული მედიის მონიშვნა „პრობლემად“ მწვანე შუქს უნთებს საჯარო სამსახურის მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ უპატივცემულობა და ეუხეშონ მათ.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების დამცირებისა და მათი როლის დაკნინების მცდელობები ძალადობას ახალისებს და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს საფრთხის შემცველად აქცევს.
27 თებერვალს, უცნობი პირი შეეცადა, მუშაობაში ხელი შეეშალა „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან მესხიძისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ინფორმაციას ბათუმში, დასახლება „ოცნების ქალაქში“, კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძის მიმართ აგრესია გამოიჩინეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა 13 შემთხვევის შესახებ, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა). ამგვარი ქმედებისთვის თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში.
პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:
● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;
● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;
● „ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);
● „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;
● „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;
● „ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;
● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;
● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;
● „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;
● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;
● “ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;
● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;
● ტელეკომპანია
„მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.
სია განახლებადია. ქარტია ახალი ინფორმაციის მიღების კვალდაკვალ შეავსებს მას.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 13 ჟურნალისტისა, პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:
მე-14 შემთხვევა: „რადიო თავისუფლების“
ჟურნალისტს გიორგი
დიასამიძეს, 17 თებერვალს.
მე-15
შემთხვევა: “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გელა
ბოჩიკაშვილს,
21 თებერვალს.
მე-16
შემთხვევა: დამოუკიდებელ ფოტოგრაფს პაატა ვარდანაშვილს, 31
იანვარს.
ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.
ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც. ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს.
თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს.
კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები მათ და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.
გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 15 თებერვალს დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპული ბავშვების ოჯახებს თანაუგრძნობს.
გუშინ, ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც უნდა აშენდეს კორპუსი აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაბინავებლად, ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მშენებლობა საზეიმოდ გახსნა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შეყვანილი იყო ტექნიკა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, საფრთხის შემცველი ადგილები სათანადოდ შემოსაზღვრული არ იყო.
შემთხვევის გასაშუქებლად ადგილზე მივიდნენ „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი სულხან მესხიძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. მოგვიანებით მივიდა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აჭარის კორესპონდენტი მერაბ წულიკიძე ოპერატორთან ერთად. ჟურნალისტები ინფორმაციას აგროვებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისგან. მათ კითხვებით მიმართეს ადგილზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. ამ დროს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ითხოვდნენ, ჟურნალისტებს არ დაესვათ კითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და სასწრაფოდ გაცლოდნენ ტერიტორიას. ეს აგრესიული მოქალაქეები სხვებსაც არ აძლევდნენ ჟურნალისტებთან დალაპარაკების საშუალებას, ჟურნალისტებს კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სცადეს მათი ტექნიკის დაზიანებაც.
„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი, სულხან მესხიძე, 16 თებერვალსაც გახდა აგრესიული კაცის სამიზნე, რომელმაც თავი ადგილობრივ მცხოვრებად წარადგინა. ჟურნალისტი ამ დროს დღის შუქზე იღებდა შემთხვევის ადგილს და ადგილზე არსებულ ანტისანიტარიასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. აგრესიულმა კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. ადგილზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეესწრენენ მოქალაქის ძალადობას ჟურნალისტზე, ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვეს.
ქარტია მომხდარს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების მიმართ წახალისებული აგრესია და ძალადობა სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჟურნალისტები მუშაობისას არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად.
15 და 16 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ შემთხვევის ადგილას მისული ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ - ისინი ცდილობდნენ დროულად მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
მსგავს შემთხვევებში კვალიფიციური მედიაგაშუქება ხელს უწყობს გამოძიების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და ტრაგედიების პრევენციას.
„ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად რომ მოსახლეობას მედიაგაშუქების
მნიშვნელობას განუმარტავდეს და ჟურნალისტებს პირობებს უქმნიდეს
თავიანთი მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად, უკვე წლებია,
ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა
დაკავებული. ძალოვანი სტრუქტურები და მათგან ხელშეწყობილი
მოძალადეობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.
მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ
ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის 120-მდე შემთხვევა
აღრიცხა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შსს-სგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიანთი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების მიმართ და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები უზრუნველყონ როგორც ეს კანონით ევალებათ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს.
12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ბათუმის მერიის დაცვის პოლიციამ მერიის შენობაში იმ კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა, რომელიც უსახლკაროების საკითხს განიხილავდა. შეხვედრას ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი დიდხანს ელოდა ნებართვას მერიის პრეს-ცენტრისგან. დაცვის პოლიციელებმა უარის მიზეზი ვერ განმარტეს.
საგულისხმოა, რომ შეხვედრას ესწრებოდა და აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოპყრობა მედიის მიმართ ბევრ რეგიონში არცთუ იშვიათია - ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ღია სხდომებზე, „ბათუმელების“ პრაქტიკაში ის პირველი იყო.
ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს. იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილებაში (№34) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, 99-ე მუხლში, რომელიც აღწერს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესს, ვკითხულობთ:
1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში (კაბინეტში) უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმის მერიას მოუწოდებს, დაიცვას რეგლამენტის მოთხოვნა და მისცეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის განხორციელების უფლება, რის ნაწილიცაა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაშუქება კორუფციის რისკების გამოსავლენად.
ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბების“ კუთვნილი ავტომობილის დაზიანების გამო. გამოცემის რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან თავდამსხმელი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერიდან ამოიცნო. ჟურნალისტი, რომელმაც უკვე მიმართა 112-ს, ინციდენტს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ამ შემთხვევით დაინტერესდნენ და სწრაფად გამოიძიონ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პოლიციელთა ძალადობას ჟურნალისტებზე და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
4 თებერვალს ჟურნალისტები და მოქალაქეები პარლამენტის უკანა მხარეს შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ მოეთხოვათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და უკვე 24 დღეა შიმშილობს, გათავისუფლება.
პოლიცია თავს დაესხა ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მშვიდობიან აქციის მონაწილეთა გადაადგილებას აშუქებდნენ, მათი ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში. აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩით ეშვებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. პოლიციის მითითებით ისინი ტროტუარზე გადავიდნენ. ცოტა ხანში ადგილზე მოულოდნელად გააქტიურებული გდდ-ს თანამშრომლები ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს ორი მხრიდან მიაწვნენ და ისინი ძალის გამოყენებით ჩასწიეს რუსთაველის გამზირისკენ. ატყდა ჩოჩქოლი და შეიქმნა ჭყლეტის საშიშროება.
პოლიციელები ჟურნალისტებს უხეშად ეპყრობოდნენ, ხელს ჰკრავდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
პოლიციელებმა „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, ნათია ლევერაშვილს თმაზე მოქაჩეს და ხელი დაარტყეს.
„ტვ პირველის“ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ არტყამს თავისა და კისრის არეში ნიღბიანი პოლიციელი NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც ამ დროს აქციას ლაივ რეჟიმში აშუქებს. დარტყმის შედეგად ხაბეიშვილი ძირს ეცემა. ჟურნალისტი ამჟამად გადაუდებელ გამოკვლევებზე კლინიკაში იმყოფება.
OC Media-ს ჟურნალისტი გივი ავალიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც ნიღბიანმა პოლიციელებმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს, შეწყვიტონ თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და მისცენ მათ პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულების საშუალება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავეები.
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ.
ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“. პოლიციელი უკან არ იხევს მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი მას უხსნის, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს: „ვინც არ უნდა იყო, გაწიე კამერა“.
პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ ჟურნალისტებს ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობენ, მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინონ.
პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თავად გამოაქვეყნა.
„რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც ის გდდ-ს თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკური ძალის გამოყენებით აგდებენ ტერიტორიიდან ტელეკომპანიის ჟურნალისტს დიანა ჩირგაძეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელებმა მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოპერატორს. მეტიც, ისინი შეეცადნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.
ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა „ტვ პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას. ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს, რამაც აჩვენა ტვინის შერყევა. „ნეტგაზეთის“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი ძლიერ ტკივილს განიცდის. მან დაზიანება ჭყლეტისას მიიღო, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებდა. ნიკო კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს ნიღბიანმა პოლიციელმა, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მირზა კეზევაძემ წაართვა პირადი ტელეფონი, რომლითაც ის „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად ხარაზიშვილის მანქანას იღებდა. პოლიციელმა ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა. იმავდროულად პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც. ხატია სამხარაძის თქმით, მათ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევა სცადეს.
პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტს ნინია კაკაბაძესაც იმ მანქანის გადაღებისას, რომლითაც ზვიად ხარაზიშვილი გადაადგილდებოდა. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს.
პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტსაც. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს “გურია ნიუსის” კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე.