საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძის, სანდრო გამსახურდიას და მანანა გაბელიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ააიპ „ფრანკლინის კლუბი“.
სადავო მასალები 2022 წლის 4 და 5 დეკემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს, რაც კლუბის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე გახდა, მან ამ პოზიციაზე თამარ რუხაძე შეცვალა. ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ხატია ღოღობერიძე მედიაში 2009 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას ჟურნალისტი. ასევე, ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი. 2020 წლიდან, 2 წლის განმავლობაში იყო News.On.ge-ის მთავარი რედაქტორი. 2022 წლიდან არის ონლაინ გამოცემა Queer.ge-ს მთავარი რედაქტორი, ასევე, dev.ge-ის რედაქტორი.
ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის. 2022 წელს კი მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ბლოგისთვის "პანდემია და დედობა".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.
24 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს წევრი მანანა ქველიაშვილი, სარევიზიო კომისიის წევრი მარიკა დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.
საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2022 წლის გამარჯვებულებიც.
საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.
საბჭოს წევრები გახდნენ:
თბილისის კვოტით - თათია ხალიანი (პუბლიკა)
რეგიონების კვოტით - ვლადიმერ ჩხიტუნიძე (რადიო მარნეული), საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა თამარ რუხაძემ, რომელიც ირმა ზოიძემ შეცვალა. ზვიად ქორიძეს, ნათია ზოიძეს და ნინა ხელაძეს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.
საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ქარტიის წევრებმა დღეს სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:
დღის ბოლოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც ქარტიის წევრებმა მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევაზე ისაუბრეს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.
კანონპროექტი და განხილვის პროცესი - კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 7 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად, კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა. მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.
აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა.
ალტერნატიული წინადადება - საქართველოში არსებული მედია გარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.
ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას, ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი - მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს.
სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა.
მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.
მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 დეკემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება „TV პირველის" ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათზე - სოფიო კვინიკაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ეკო ფანგანის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 2 ნოემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების ნაწილში უკვე არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება წაახალისა და მისი ფოტოები თანხმობის გარეშე გამოიყენა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 8 დეკემბერს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ვანო მინდორაშვილი და გიორგი ბოლქვაძე მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 28 ნოემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
19:00 საათზე - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 9 ნოემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო გენდერულად სტერეოტიპული მოსაზრებების გავრცელებასა და ქვიარ თემის სტიგმატიზებას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ ორი განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან ვანო მინდორაშვილი და გიორგი ბოლქვაძე.
სადავო მასალა 2022 წლის 28 ნოემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 დეკემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტები 2022 წლის 2 და 9 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა, რაც კამპანიურ ხასიათს ატარებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას
ქარტიის პრიზი 2022-ის მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია
ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული
სტანდარტების დამკვიდრება.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს ნომინაციაში:
გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.
პრიზები დაწესებულია IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით.
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე - https://bit.ly/3UhWBvJ
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:
ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა, პასუხი მოსთხოვა, მათთან საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და შემდეგ მაყურებლის კრიტიკული გამონათქვამები 2022 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა.
სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი ეკითხება მოქალაქეებს, რატომ გამოიყენეს მათ ესა თუ ის ეპითეტი ან სიტყვა მისი გადაცემის გასაკრიტიკებლად. ერთ-ერთი რესპონდენტი მარიკა ბაკურაძეს ეუბნება, რომ ჯერ უნდა მოიპოვოს მასთან საუბრის უფლება და შემდეგ დაურეკოს, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს - „თქვენც მოიპოვეთ მაშინ იმის უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ”.
მოგვიანებით, ჟურნალისტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ მისი აზრით, სიუჟეტი ეთიკურად იყო მომზადებული და სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა. ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ გადაცემის თემა, რომელშიც სიუჟეტი გავიდა და განიხილეს, იყო სიძულვილის ენა, თუ „როგორ წალეკა სოციალური სივრცე სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ”.
ქარტიის საბჭო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები, ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.
სიუჟეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოითქვა პრეტენზია, როგორ და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მოქალაქეების მობილურის ნომრები. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა.
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.
ამასთან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს.
ქარტიის საბჭოს არაპროფესიონალურად მიაჩნია მედიის მხრიდან
აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნა კრიტიკაზე, რადგან სწორედ
საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა
გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი
მედიაპროდუქტი.
მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ქმნის საჯარო პროდუქტს, ის
თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება აქვს ნებისმიერ
მოქალაქეს, ნებისმიერი ფორმით, თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება
გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ
მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას.
კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის.