სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.

საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას.

მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად. 

27.11.2022

2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დედათა მონასტერში, თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ერთ-ერთ მათგანზე სექსუალურად იძალადეს. დღეს მედიის ნაწილმა გაავრცელა ქალის ვინაობა და ფოტო. 

ქარტიის საბჭო დაუშვებლად, უკიდურესად არაეთიკურად და არაპროფესიონალურად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას და ფოტოს გამოქვეყნებას, მით უმეტეს, როდესაც ძალადობაგამოვლილ ადამიანს ამაზე მედიისთვის თანხმობა არ მიუცია და როდესაც ეს ინფორმაცია არანაირ საჯარო ინტერესს არ წარმოადგენს.   

მოვუწოდებთ მედიას, მომხდარის გაშუქებისას პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და არ მოახდინოს ძალადობაგამოვლილი ადამიანის იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მას.  

მედიის მიერ მსხვერპლის უფლებების დარღვევა აზიანებს მედიის მიმართ ნდობას. 

მედიას ნებისმიერი ამბის გაშუქებისას უნდა ესმოდეს საკუთარი მისია და უნდა იფიქროს იმაზე, თავისი ქმედებით ხომ არ აყენებს ზიანს ადამიანს, რომლის უფლებების დაცვაც ევალება.

მედიას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ყოველი მსგავსი წინდაუხედაობა და შეცდომა ასევე აზიანებს მისდამი საზოგადოების ნდობას, რადგან საზოგადოება ჟურნალისტისგან სამართლიანად ელის, რომ ის მისი მოკავშირეა და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს.  

ჟურნალისტები და რედაქტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების გაშუქებას და ყურადღება მიაქციონ თითოეული შემთხვევის თავისებურებას. ძალადობაგამოვლილი ადამიანის ვინაობის გამხელამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი რეტრავმირება და ზიანი მიაყენოს მას არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც. 

სექსუალური ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას, მედიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, განწყობები და მასალების მომზადებისას არ უნდა შეუწყოს ხელი გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს შეახსენებს: 

  • ძალადობაგამოვლილ ადამიანს აქვს უფლება, არ იყოს იდენტიფიცირებული საჯაროდ;
  • სახელის, გვარისა და ფოტოების გამოქვეყნება შესაძლებელია თავად მისი გააზრებული ნებართვით, თუ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი;  
  • მედიამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ არ გამოიწვიოს ერთხელ უკვე ტრავმირებული ადამიანის ხელახალი ტრავმირება. 
26.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 ნოემბერს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი) რადიო იმედის, იმედი ნიუსის და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების თეა სიჭინავას და სალომე შანშიაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალები 2022 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

21.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

სადავო მასალა 2022 წლის 9 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო გენდერულად სტერეოტიპული მოსაზრებების გავრცელებასა და ქვიარ თემის სტიგმატიზებას. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

21.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 ნოემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  ერნსტ ხეჩუმოვი ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ; ნოდარ რუხაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების გიორგი აბაზაძის და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2022 წლის 29 სექტემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

ერნსტ ხეჩუმოვი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ნოდარ რუხაძე დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

07.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოციალურ მუშაკთა გაერთიანება. 

სადავო მასალა 2022 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის ეკო ფანგანის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიო კვინიკაძე. 

სადავო მასალა 2022 წლის 2 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების ნაწილში უკვე არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება წაახალისა და მისი ფოტოები თანხმობის გარეშე გამოიყენა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ რადიო იმედის, ტელეკომპანია იმედის და იმედი ნიუსის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი). 

სადავო მასალები 2022 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

06.11.2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დარტყმაა თავისუფალ მედიაზე.

2022 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

2019 წლის 19 აპრილს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ დირექტორს - ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე, უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.

ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ კი ცხადი გახადა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში დავობდა მაუწყებლის საბჭოს მიერ გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის გამო.

საყურადღებოა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 5 გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა კაპანაძის სარჩელი.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საიას, ასევე მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.

ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.

04.11.2022

2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

02.11.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 ნოემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  სოციალურ მუშაკთა გაერთიანება „მთავარი არხის" ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის წინაღმდეგ

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 21 სექტემბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა ორ წყაროსთან. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

დამატება (2.11.2022): ქარტიის საბჭო 3 ნოემბერს, 19:30 საათზე ასევე განიხილავს საქმეს ანასტასია ლოსაბერიძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის სოფიო ბეროშვილის წინააღმდეგ. 

განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა და სიუჟეტის მომზადების დროს კი მას არავინ დაკავშირებია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

31.10.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ჩვენი ოჯახის” წამყვანების გია ჯაჯანიძეს და ნანიკო ხაზარაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გურამ კახაძე.  

სადავო მასალა 2022 წლის 30 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, გადაცემის წამყვანებმა ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციის წახალისებას, რადგან არ გაემიჯნენ სტუმრის მიერ გაკეთებულ არატოლერანტულ განცხადებას. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

დამატება (01.11.2022): აღნიშნულ მედიაპროდუქტზე ქარტიას ასევე მომართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „მე ომბუდსმენი" და ზაზა პაპიძემ. 

31.10.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.