სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის, კუთვნილი  მანქანიდან სამსახურეობრივი მყარი დისკის ქურდობას. მსგავსი ქმედება ძირს უთხრის არა მხოლოდ ჟურნალისტების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად პრესის თავისუფლებას.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დღეს მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი.  მანქანაში არსებული სხვა ნივთები კი, როგორებიცაა საათები და სათვალე, ხელუხლებელია. ჟურნალისტი ინციდენტს დაშინების მცდელობად მიიჩნევს: "დაშინება ძარცვის იმიტაციით."

მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა.  ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.  

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად. 

13.07.2023

2023 წლის 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, „TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაქურდეს. ჟურნალისტის თქმით, წაიღეს სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი, თუმცა პირადი ნივთები ხელუხლებელი დახვდა. აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედება ჩადენილია მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. 

ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სიხშირე და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა, დაუსჯელობის განცდას აჩენს და მომავალში განმეორებითი დანაშაულის რისკს მეტად ზრდის. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ნოდარ მელაძის ავტომობილში ქურდობის შემთხვევა.

13.07.2023

დღეს „TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ის 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

ქარტიისთვის შემაშფოთებელია, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი და კვლავ აორგანიზებენ ძალადობას, რაც ცხადად ვიხილეთ კიდეც 2023 წლის 8 ივლისს. 

დღემდე არ არის დასჯილი 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და რიგ შემთხვევებში სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოძალადეებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. ლექსო ლაშქარავას ეპიზოდზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები რადგან მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამასთან, სულ უფრო მძიმდება მედიაგარემო, დღითიდღე იზრდება იმ ჟურნალისტთა სია, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან.

 

11.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის [204577494]

საბჭოს ოქმი N 2023-3

  • 2023 წლის 22 ივნისს გამართული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის შედეგად, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე სოფიკო კაჭარავა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადების განხილვა შეწყდეს. 
  • ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 648] მომართა სოფიკო კაჭარავამ ტელეკომპანია „POSTV”-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ.
  • განცხადებით სადავო იყო ქარტიის მეორე (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) პრინციპი.
  • საქმის მიმდინარეობის ფარგლებში განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც, მისი პოზიციით, ადასტურებდა იძულების ფაქტს. მეორეს მხრივ, მან უარი განაცხადა რაიმე ფორმით [მათ შორის გადაწყვეტილებაში მითითებით] გასაჯაროებულიყო ან მითითებულიყო მტკიცებულების შინაარსსა და ფორმაზე.
  • მართალია, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ საბჭომ დაუშვა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია იკვეთებოდეს ან არ იკვეთებოდეს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევა, მაგრამ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შეზღუდვის გამო, შეუძლებელი იყო საქმის არსებითი განხილვის შინაარსის ასახვა გადაწყვეტილებაში.  ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე - სოფიკო კაჭარავა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდეს გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

 

11.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 ივლისს 3 საქმეს ონლაინ  განიხილავს: 

18:00 საათი: ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო „TV პირველის" ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 10 ივნისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალა დისკრიმინაციულია და შესაძლოა ხელი შეუწყოს და წაახალისოს, ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურეს ფორმას - ფემიციდს. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ფემიციდის რეკონსტრუქცია მოხდა, რაც არ წარმოადგენდა საზოგადოებრივ ინტერესს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

18:00 საათი: ვალერიან ვაჩეიშვილი „გურიის მოამბის" წინააღმდეგ

სადავო მასალები მედიასაშუალებამ 2023 წლის 9 და 24 მაისს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა მისი დისკრედიტაციის მიზნით. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

10.07.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს 8 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და უკანონო ხელშეშლის შემთხვევებს. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ დაიცავდა ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ხელისუფლების მიერ მისივე ვალდებულებების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ინფორმირებული იყო მოვლენების შესაძლო ძალადობრივი განვითარების შესახებ, მან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება არც ამჯერად დაიცვა. 


მედიით გავრცელებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” მიერ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისული ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. კოალიციის წევრი ორგანიზაციის “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო

იმ ფონზე, როდესაც ჟურნალისტები უზრუნველყოფენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, აღმაშფოთებელია, რომ მათ სახელმწიფო არ იცავს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ამგვარი ინსტრუმენტალიზაცია  სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები საკუთარი მოქალაქეების და მედიის წინაშე და  უზრუნველყოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს მედიას და ადასტურებს ურყევ ერთგულებას პრესის თავისუფლების დასაცავად. კოალიცია აგრძელებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს.

08.07.2023

ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. 

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში და არ გაამძაფროს დისკრიმინაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • არ დაუთმოთ მედიასივრცე ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას;
  • ნუ დააანონსებთ ძალადობრივი ჯგუფების იმგვარ გეგმას, რომელიც მათ მომხრეების მობილიზებაში დაეხმარება;
  • ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას აუცილებლად მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ჯგუფების მიზნებსა და მოტივაციაზე; 
  • ხელი არ შეუწყოთ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალა შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამის გარდაუვალი აუცილებლობა და მაღალი საჯარო ინტერესი; ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებას განუმარტეთ, რომ ესა თუ ის განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას;
  • ცხადად გაემიჯნეთ ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ ნიშნავს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”, შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით. არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია; თუ ამგვარი პოზიცია ისმის პირდაპირ ეთერში, იქვე მიუთითეთ რესპონდენტს და არ დაუთმოთ ტრიბუნა ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება. მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ხელისუფლების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. 

08.07.2023

2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები. 

სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.

06.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია იმედის, POSTV-ს, რუსთავი 2-ს და Primetime-ს წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე. 

სადავო მასალები ტელეკომპანია იმედმა 2023 წლის 3 და 18 ივნისს; POSTV-მ 4 ივნისს, ხოლო რუსთავი 2-მა და Primetime-მმა 3 ივნისს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და მიზანმიმართულად დაამახინჯეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

05.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „აი, ფაქტის” ჟურნალისტის ანა რობაქიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გელა ნაცვლიშვილი. 

სადავო სტატია 2023 წლის 29 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და მასალაში დასახელებული ფაქტები მასთან არ გადაამოწმა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

05.07.2023
2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.  

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან. 
 
05.07.2023

ორი წლის წინ, საზოგადოება მომსწრე გახდა პრესის თავისუფლებაზე საგანგაშო თავდასხმისა, როდესაც 2021 წლის 5 ივლისს, “ღირსების მარშის” კონტრაქციის გაშუქებისას, ორმოცდაათზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა. რამდენიმე ჟურნალისტის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანაც გახდა აუცილებელი. დაპირისპირება და თავდასხმები 6 ივლისსაც გაგრძელდა. ამ თავდასხმებისას დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რამდენიმე დღის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცაველებმა დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით პირი, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პასუხი არ აგო ამ ძალადობრივი ქმედებების არცერთმა ორგანიზატორმა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები კი სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. 

5-6 ივლისის მოვლენები არის მორიგი შეხსენება იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ჟურნალისტებს საქართველოში პროფესიული საქმიანობისას. მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც თავისი საქმიანობის გამო ძალადობისა და მუქარის მსხვერპლია. 

დღევანდელ დღეს ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, კვლავ ძალადობის, მიზანმიმართული დეზინფორმაციის თუ ბოიკოტის სამიზნეები არიან. გახშირებულია როგორც ჟურნალისტების, ისე ადგილობრივი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ საჯაროდ გავრცელებული მუქარები, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 

არსებულ ვითარებაში, მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები და პასუხისგებაში მისცეს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. ჟურნალისტებისა და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო მუქარების გათვალისწინებით, ხელისუფლების ვალდებულებაა მათი უსაფრთხოების დაცვა, რათა პროფესიული საქმიანობა შურისძიებისა ან თავდასხმის შიშის გარეშე შეძლონ.

05.07.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.