სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 დეკემბერს 2 საქმეს განიხილავს: 

18:00 საათზე - ნანა კაკაბაძე ტელეკომპანია „პირველის" წინააღმდეგ

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი 2021 წლის 17 სექტემბერს 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.  

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი. 

19:00 საათზე - ნანა კაკაბაძე ტელეკომპანია „მთავარის" წინააღმდეგ

სადავო მასალა 2021 წლის17 სექტემბერს 12:00, 18:00 და 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი.  

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



20.12.2021

ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თქმით, მათთვის არ უჩვენებიათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მისცეს საშუალება, გაეშუქებინათ სხდომა, რომელზეც საკრებულო კასპის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდა. 

ვიდეოში, რომელიც დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიღეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე  შეზღუდვის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებს, რასაც იქვე მოჰყვება პროტესტი. ტელეკომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, საკრებულოს წევრებს ჟურნალისტებთან ეს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არც კოვიდ ბარათები მოუთხოვიათ.

საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და მედიას მათზე  დასწრებისა და გაშუქების უფლება აქვს. 

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს, მედიას შეეზღუდოს ეს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ახლა თვითმმართველობის ორგანოებში ვითარდება.   

ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გახშირდა. მაგალითად, საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგებზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 8 დეკემბერს, მედიასაშუალებების ნაწილი არ შეუშვეს. მსგავსი მიდგომა ჰქონდა მედიის მიმართ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსაც. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ. 

20.12.2021
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა, მან ამ პოზიციაზე კამილა მამედოვა შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თამარ რუხაძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

თამარ რუხაძე 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. იგი მუშაობდა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში (IREX 2016-2021 წლებში). სხვადასხვა დროს იყო რუსთავი 2-ის, მაესტროსა და მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ამჟამად ჟურნალისტურ საქმიანობას საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) სარედაქციო კონსულტანტის რანგში გააგრძელებს.
18.12.2021
18 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე საერთო კრება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კამილა მამედოვა, სარევიზიო კომისიის​ წევრი მარიკა დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2021 წლის გამარჯვებულებიც.

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:
  • თბილისის კვოტით - ხატია ღოღობერიძე (on.ge)
  • რეგიონების კვოტით - თამარ რუხაძე (საინფორმაციო ცენტრების ქსელი), მანანა ქველიაშვილი (ბათუმელები)
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა ნინო ჯაფიაშვილმა, რომელსაც მაია წიკლაური შეცვლის. ირმა ზოიძეს, ნანა ბიგანიშვილსა და კამილა მამედოვას საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
  • ზვიად ქორიძე
  • მაია წიკლაური
  • თამარ რუხაძე
  • მანანა ქველიაშვილი
  • ხატია ღოღობერიძე
  • გულო კოხოძე
  • სოფო ჟღენტი
  • ნინა ხელაძე
  • ნათია ზოიძე
დღის ბოლოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც ქარტიის წევრებმა მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევაზე ისაუბრეს.
18.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Prime time-ს ჟურნალისტმა თამარ ბუჩუკურმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას შპს “რეალმა” მომართა. სადავო სტატია მედიასაშუალების ვებგვერდზე 2021 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების განმარტავდა, რომ სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორი იყო და გაურკვეველი იყო მისი პირველწყარო.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
16.12.2021
გუშინ, 2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს “ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. ცვლილებები შეეხება რამდენიმე სამართლებრივ აქტს, მათ შორის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია.

კოალიციის შეფასებით, განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა. “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენლია.

კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის.
14.12.2021

დღეს, 2021 წლის 08 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციითკულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის” წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბრის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:

შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;

მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მზადაა წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას. 

08.12.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 დეკემბერს 4 საქმეს განიხილავს: 

11:00 საათზე - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი commersant.ge-ს წინააღმდეგ 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტები 2021 წლის 02 და 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სტატიები შეიცავს უზუსტობებს, აგებულია დეზინფორმაციაზე, მედიაგამოცემას კი არ უცდია ინფორმაციის მხარესთან გადამოწმება.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

12:00 საათზე - თეა გოდოლაძე Ipress-ის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2021 წლის 06 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული, მედიაგამოცემას კი არ უცდია ინფორმაციის მხარესთან გადამოწმება.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

14:00 საათზე - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ბანკები და ფინანსების წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2021 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

15:00 საათზე - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ბანკები და ფინანსების წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2021 წლის 28 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

სხდომაზე დასწრება შესაძლებელია ონლაინ. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com  

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

07.12.2021
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადებით მედია სივრცეში არსებობს პოლარიზაცია და ცალკეული მედიები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რასაც კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამან კი, ბექაურის განმარტებით, ტელევიზიებს საშუალება მისცა ფაქტები დაამახინჯონ და არ აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც მედიის მიერ მაყურებლების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და ამით ქვეყანაში „ეს ტემპერატურა დაცხრება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებაზე. კომისიას აღნიშნული რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოჰყავს, თუმცა, თუ საქართველოს მედიაგარემოს და პოლიტიზირებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ რეალურად, მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროა, რომ მარეგულირებელი იმეორებს „ქართული ოცნების“ რიტორიკას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და კომისიის მოწოდება მედიის დარეგულირების შესახებ პირდაპირ თანხვედრაშია მმართველი პარტიის გაცხადებულ მიზნებთან თუ ინიციატივებთან. კომისიის გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკის საფუძველი.

ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს მთავარი წყარო არა მედია, არამედ პოლიტიკური ძალებია, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს მმართველი პარტია თამაშობს. ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების დაძლევის რეალური გზა კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ნამდვილად არ არის, რაც ხელისუფლების ორგანოებს თუ მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს.

„ქართული ოცნება“ წლებია მედიის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, რაც ძირითადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ შიდა დეზინფორმაციული კამპანიის თავდასხმის მთავარი ობიექტებიც სწორედ კრიტიკული ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტების დისკრედიტაციის და დაშინების არაერთი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება განაგრძობს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს და მონაწილეობას არ იღებს მათ პოლიტიკურ გადაცემებში, რაც ხელს უშლის მედიას საქმიანობაში და მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას გაეცნოს განსხვავებულ პოზიციებს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მედიის მიერ შესაძლო პროფესიული სტანდარტების გადაცდომაზე რეაგირების გზა არსებული თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ხელისუფლების და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სრულიად საპირისპიროა. იქმნება ე.წ. პარალელური ინსტიტუტები და, მაგალითად, გაცხადებული მიზნის საპირისპიროდ, როგორიცაა მედია წიგნიერების ხელშეწყობა, კომისია კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ახორციელებს.

დღევანდელი ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც კრიტიკული მედიის მფლობელის, მენეჯერისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები, ათობით ჟურნალისტი ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ტოტალური უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად.

სახელმწიფო უწყებების სრული პოლიტიზირებისა და მათზე მმართველი პარტიის ზეგავლენის ფონზე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მარეგულირებელს ან სხვა სახელმწიფო უწყებას დამატებით ბერკეტს მისცემს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
06.12.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 07 დეკემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - შპს რეალი Prime time-ის ჟურნალისტის თამარ ბუჩუკურის წინააღმდეგ 

სადავო სტატია მედიასაშუალების ვებ-გვერდზე 2021 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია და გაურკვეველია მისი პირველწყარო. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

06.12.2021

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კოალიციის წევრების მიერ საინფორმაციო წყაროებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია.

წინასაარჩევნო პერიოდში  აქტიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არა მხოლოდ გადაუმოწმებელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ამბები, არამედ ცრუ და, უმეტეს შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გაკეთებული განცხადებები. დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სოციალური მედიის საშუალებით არაავთენტური ანგარიშები, ანონიმურად მოქმედი და ცრუ მედია გვერდები ავრცელებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი სამიზნე პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იყვნენ, თუმცა რეპუტაციის შემლახველი გზავნილები შეეხო „ლელოს“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. დისკრედიტაციის კამპანიები წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ – საზოგადოებაში ჯანსაღი დებატებისა და მსჯელობის შესაძლებლობებს მკვეთრად ზღუდავდა.

სოციალურ მედიაში არსებული საინფორმაციო გამოწვევა

საარჩევნო პროცესებზე მიზანმიმართულად დამაზიანებელი ეფექტი არაოფიციალურად, ხშირად კი ანონიმურად წარმოებულმა კამპანიებმა იქონიეს. არადა წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შეთავაზებას, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ამომრჩევლებისთვის გაცნობას უნდა ისახავდეს მიზნად. სამწუხაროდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინაასაარჩევნო კამპანია ძირითადად მადისკრედიტებელი განცხადებებით იყო გაჯერებული. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებდა სოციალურ ქსელში წარმოებული არაოფიციალური კამპანია, რომელიც მანიპულირებული მასალებით ოპონენტების დაზიანებას, ამომრჩეველთა დაბნევასა და დეზორგანიზებას ემსახურებოდა.  

ანონიმური დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტაქტიკით წარიმართებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ორგანიზება და დამაზიანებელი ეფექტის მქონე გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებში ვლინდებოდა. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებოდა ღია დისკრედიტაციის, ცრუ მედიის, ცრუ მხარდაჭერისა და ცრუ დისკრედიტაციის ტაქტიკები, რაც სხვადასხვა აღქმის მქონე სოციალური მედიის მომხმარებლის დაბნევასა და მოტყუებას ისახავდა მიზნად. მუნიციპალური არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე მიმართული ანონიმური გვერდებიც, რომლებიც მეტწილად ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედებდნენ. 

მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ძირითადად ღია დისკრედიტაციის კამპანია შეინიშნებოდა. გამოვლინდა ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის გვერდის ადმინისტრატორი იყო.

საგულისხმოა, რომ ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნეები, ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები, მათი მენეჯერები და ცალკეული ჟურნალისტები იყვნენ. ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართული ნეგატიური შინაარსის კამპანია სოციალურ მედიაში თავისი მასშტაბით, სიმძაფრითა და ნეგატიური ხასიათით უპრეცედენტო იყო წინა არჩევნებთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა.

წინასაარჩევნო პერიოდში (განსაკუთრებით – არჩევნების მეორე ტურის დროს) გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტრადიციული მედიის სახელით ვრცელდებოდა გაყალბებული ციტატები. მათთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭებისა და მკითხველის შეცდენის/მოტყუების მიზნით გამოყენებული იყო ტრადიციული მედიასაშუალებების ლოგოები და ვიზუალი. წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან ოპონენტების მადისკრედიტებელი 11 ფეისბუქგვერდი.

გარდა ამისა, მუდმივი თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობებს კოორდინირებულად მოქმედ გვერდებზე  პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. აღნიშნულ გვერდებზე კომენტარების ორგანიზებისთვის ყალბი ანგარიშები გამოიყენებოდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ყალბი ანგარიშით მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადანაშაულა პლატფორმა „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ დეზინფორმაციის გავრცელებაში (კომისია მოძრაობა „სირცხვილიას“ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის მიერაა დაფუძნებული). 

არაოფიციალურად მიმდინარე დისკრედიტაციული პოსტების ნაწილი სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაც იყო. ამგვარი გზავნილები როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში შეინიშნებოდა.

 

მედიის პოლარიზაცია

2021 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო. ეს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს. 

პოლიტიკური გავლენა მედიის დღის წესრიგზე ზრდის პოლარიზაციის ხარისხს და ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს. ამასთანავე, პოლარიზებულ გარემოში აგრესიული განწყობებისა და ფიზიკური ძალადობის სამიზნე, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ჟურნალისტებიც ხდებიან. მედია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, წლების განმავლობაში განიცდის შეტევებს როგორც ციფრულ სივრცეში, ისე მის მიღმაც. ეს კი ინსტიტუტისადმი უნდობლობას ზრდის და პრობლემების პროფესიულ წრეებში განხილვისთვის სივრცეს ავიწროებს. ამასთანავე, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების მიმართ დაუსჯელობისა და სიძულვილის წახალისების პოლიტიკამ, მედიის წარმომადგენლებზე საჯარო თავდასხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა ექსტრემისტული ჯგუფები და  ხელი შეუწყო 5 ივლისის მოვლენებს. ამ დღეს ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორგანიზატორები და ყველა დამნაშავე ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულები. აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციისა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფას, ასევე ხელს უშლის მედიის პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელებას.

 

ცესკოს საინფორმაციო პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ მონიტორინგს უწევდა ტელევიზიებს, ონლაინ მედიასა და ფეისბუქის გვერდებს. დაკვირვების შემდეგ 4 ანგარიში გამოქვეყნდა.  მათგან პირველი ორი – მეთოდოლოგიის განმარტების გარეშე. მეთოდოლოგიის ახსნა არც ბოლო ორ ანგარიშში იყო წარმოდგენილი. ანგარიშებში პრობლემურია ტერმინთა განმარტებაც (მაგალითად, განუმარტავია, რას მოიაზრებს ცესკო დეზინფორმაციაში). დეზინფორმაციის კვლევისას აუცილებელია მისი ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანმიმართულობის, ანუ განზრახვის დამტკიცება. ის, თუ როგორ იკვლევდა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამ კომპონენტს, ანგარიშში არსად გვხვდება.

ცესკო ორი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, თავის განცხადებაში, ამბობდა, რომ აღრიცხავს კონკრეტული სუბიექტის (პიროვნების, პარტიის, ორგანიზაციის და ა.შ.) მიერ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, თუმცა „დეზინფორმაციას“ მაინც მედიასაშუალებებს მიაწერდა. შემდგომ ანგარიშებში მითითებულია, რომ  ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რაოდენობრივი სტატისტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ შემთხვევებს, როცა მედიასაშუალებებმა ესა თუ ის ინფორმაცია გაავრცელეს რესპონდენტის გაშუქების ჭრილში. თუმცა, ამ შემთხვევაში მედიასაშუალება ამ რაოდენობრივ სტატისტიკაში მოხვდება არა როგორც მედია სტანდარტის დამრღვევი, არამედ როგორც საშუალება, რომლის გამოყენებითაც ამა თუ იმ სუბიექტმა მოახერხა დამაზიანებელი ინფორმაციის ტირაჟირება. ეს მიდგომა ცესკოს მხრიდან არასწორია. 

აღსანიშნავია, რომ ცესკოს „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ თავდაპირველად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. 24 სექტემბერს, USAID-მა ცენტრს აღნიშნული მხარდაჭერა შეუწყვიტა და ცენტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე განაგრძო ოპერირება.



ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი - IWPR საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

03.12.2021

დღეს, 02 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დარბაზიდან გაშუქების შესაძლებლობა მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა, რითაც შეიზღუდა მათი მუშაობა. 

სასამართლომ არ განმარტა, რის საფუძველზე უთხრა უარი მედიის ნაწილს დასწრებოდა სხდომას.  

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ,  შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.   

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც  ადგენს, რომ ,,სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა”. 

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით. 

02.12.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.