სიახლეები

2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რომელიც 16 სექტემბერს გარდაიცვალა. სროლის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” დაუფარავი სახით პირდაპირ ეთერში გაუშვა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი  ინტერესის არსებობით ახსნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.

მედიამ უნდა იფიქროს რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახზე მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.

ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან.  უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.  

16.09.2021
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

მივმართავთ “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.
16.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 17 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების ეკო მაღრაძის ვასილ დაბრუნდაშვილის და ინა ცარციძის წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში 2021 წლის 21 აპრილს გავიდა.

განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია არასწორია და მაყურებლის შეცდომაში შემყვანია. მხარეები თვლიან, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში ფაქტები დამახინჯებულია და მედიასაშუალებასთან მიმართვის შემდეგ ისინი არ შესწორებულა.

განმცხადებლები თვლიან, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
15.09.2021
2021 წლის 13 სექტემბერს, მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ღია ონლაინ-რესურსზე ხელმისაწვდომია სასულიერო პირების პირადი კომუნიკაციის, სავარაუდოდ, ფარულად და უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერები. ზოგიერთ მასალაში შესაძლებელია კონკრეტული სასულიერო პირების იდენტიფიცირება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა და მისი იდენტიფიცირება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს დადასტურებადი მაღალი საჯარო ინტერესი.

ქარტიას მიაჩნია, რომ მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ამ თემის გაშუქებისას. პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემების თუ კონკრეტული სასულიერო პირების ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში ჟურნალისტები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს ინფორმაცია მართლაც საზოგადოებრვ ღირებულებასა და საჭიროებას წარმოადგენს და არ ქვეყნდება მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სახალხო ცნობისმოყვარეობა.

ქარტია შეახსენებს, და მოუწოდებს მედიას დაიცვას პირადი ცხოვრების უფლება და საჭიროების გარეშე არ გაასაჯაროოს ჩანაწერები და მასში მონაწილე პირების ვინაობა.
13.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ალექსანდრე ბეჟენცევი რუსუდან გვაზავას წინააღმდეგ

სადავო მასალა 2021 წლის 16 მაისს geodigest.ge-ზე გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია არასწორია და მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა. მხარე თვლის, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
09.09.2021

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 07 სექტემბერს სამუშაო პროცესის დროს ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს მანქანა ფეხზე დააჯახეს. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ჟურნალისტიც. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. 

ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.​ ქარტია არაერთხელ გამოეხმაურა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებს. 

2021 წლის 09 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა. 

2021 წლის 30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს.

2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტები გახდნენ 5-6 ივლისსაც, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

 

07.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 19 ივნისს გავიდა. განმცხადებელ გიორგი ხუჭუას პოზიციით, გადაცემაში მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები, მიწის ნაკვეთების არაკანონიერად ფლობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო),მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
06.09.2021

კოალიცია „მედის ადვოკატირებისთვის” ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების მიზნით, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მშვიდობიან - არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში.

მემორანდუმის ტექსტი

ჩვენ, ხელმომწერი პირები,

პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.

ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.

ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.

მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.

ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.

ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს.

* შენიშვნა: საარჩევნო საკითხებზე საჩივარი/განცხადება განიხილება დაჩქარებულად - 7 სამუშაო დღის ვადაში


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

სატელევიზიო ქსელი

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

06.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის” განცხადება გამოცემების “ბანკები და ფინანსები” და commersant.ge-ს წინააღმდეგ.

სადავო მასალები, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ და არ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ასევე მისი დირექტორის თეა გოდოლაძის მიმართ ბრალდებებს ეხება.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალებში როგორც ცენტრის ასევე მისი დირექტორის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები და სხვა დეტალები არასწორია, მედიასაშუალებები არ დაუკავშირდნენ მხარეს ინფორმაციის გადასამოწმებლად, რაც განმცხადებლის განმარტებით, მიზნად ისახავდა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებას, მკითხველის შეცდომაში შეყვანას და როგორც ცენტრის, ასევე მისი დირექტორის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი მედია გამოცემებს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე ედავება:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სადავო მასალებია:

02.09.2021


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 02 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ლაშა ჯანიბეგაშვილი გურამ როგავას და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი - „ძალადობის მსხვერპლი ქალი ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა - იურისტი ომბუდსმენის აპარატმაც ამხილა”, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში 2021 წლის 06 თებერვალს გავიდა. 

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. მხარე თვლის, რომ ჟურნალისტური პროდუქტი ზიანს აყენებს მის საქმიან რეპუტაციას. ასევე, განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტებმა არ გამოაქვეყნეს მისი პოზიცია და გაასაჯაროვეს პერსონალური ინფორმაცია.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.






31.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 31 აგვისტოს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ენკა რინიუებლზ ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტის მაია სტეფნაძის წინააღმდეგ 

სადავო გადაცემა - „ხალხი ხალხისთვის მაია სტეფნაძესთან ერთად“, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში 2021 წლის 07 მარტს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტმა არაერთხელ გააჟღერა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. განმცხადებლის თქმით, მაია სტეფნაძემ ასევე დისკრიმინაციული ენის გამოყენებით ხელი შეუწყო ქსენოფობიური შეხედულებების გავრცელებას საზოგადოებაში. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

30.08.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 აგვისტოს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - გიორგი ხუჭუა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა გადაცემის „მთავარი შაბათს” ეთერში 2021 წლის 19 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ჟურნალისტმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდა. მისი თქმით, ჟურნალისტმა ინფორმაციის მოპოვებისას არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მეთოდები გამოიყენა. შემდგომ კი არ შეასწორა გამოქვეყნებული არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შემყვანია. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.






27.08.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.