8 პრინციპი

23.07.2024

9 ივნისი, 2024 წელი

 

საქმე N753

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა აღნიშნული გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა ცესკოს იურისტმა გიორგი სანტურიანმა.

 

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.

 

სადავო გადაცემაში, წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ მაყურებელს აჩვენა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებული და “ტვ პირველის” ეთერში 2 მარტს გასული სიუჟეტი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შესახებ. აღნიშნული სიუჟეტი ქარტიის საბჭომ უკვე შეაფასა საქმის N742 ფარგლებში და დაადგინა ქარტიის პრინციპების დარღვევა, ამიტომაც ამ საქმის ფარგლებში საბჭო ხელახლა აღარ შეაფასებს 2 მარტის სიუჟეტის დეტალებს და აქვე მიუთითებს ქარტიის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ბმულს.

 

გარდა გადაცემაში გამოქვეყნებული “ტვ პირველის” სიუჟეტის შინაარსისა, განმცხადებელს პრეტენზიები აქვს არხის ტოქშოუს წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ გადაცემაში გამოთქმულ ფრაზებთან დაკავშირებით.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

გიორგი კალანდარიშვილმა ქარტიის საბჭოს წინაშე სადავო გახადა გადაცემის შემდეგი მონაკვეთები:

 

ეკა კვესიტაძის სადავო ფრაზები:

 

“რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს? ქალების კვოტების გაუქმება, ანუ თავისი პრინციპული იდეის გატანა, თუ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერა. იმ ცესკოს თავმჯდომარის, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს უამრავი კითხვა მის კორუმპირებულობაზე, რადგან აქვს დაუსაბუთებელი ქონება, რამდენიმე ბინას ფლობს, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით ამ ქონების წარმომავლობა საერთოდ არ საბუთდება. ჩვენ გავიხსენებთ ამ სიუჟეტს, სკანდალურ სიუჟეტს. “ტვ პირველის” მასალას გამოვიყენებ და ძალიან კარგ გამოძიებას მაკა ჩიხლაძის იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მაყურებელს დავანახოთ გიორგი კალანდარიშვილის სახე, რომლის დამტკიცებაც უნდა “ქართულ ოცნებას” ცესკოს თავმჯდომარედ ხელახლა. ის დროებით ასრულებს მოვალეობას და ასევე მას სჭირდება მხარდაჭერა ოპოზიციის, რადგან თქვას, რომ ეს არის არა ერთპარტიული კანდიდატი, არამედ არის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციამაც მისცა ხმა. ანუ გარკვეული შირმა სჭირდებათ მათ და რატომ დათანხმდნენ ამ შირმობაზე “გირჩი”, ამაზე ვახო მეგრელიშვილი გვეტყვის”.

 

“იმედია, ჩემ გადაცემაშიც მოვა. თქვენ ამბობთ, რომ თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. კითხვა არის ესეთი: კეთილსინდისიერება ნიშნავს თუ არა იმას, რომ კანდიდატმა, საჯარო მოხელემ უნდა დაამტკიცოს და უნდა ჰქონდეს დასაბუთება მის ხელში არსებული ქონების და კალანდარიშვილთან დაკავშირებით გიჩნდებათ თუ არა ეს კითხვები, როდესაც მასზე არსებობს ჟურნალისტური გამოძიება, არის გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომელიც მას აქვს შევსებული, ის ფლობს უამრავ ქონებას და მისი არცერთი ქონება არ არის დასაბუთებული”.

 

“თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი, სიტყვაზე ვამბობ, ანა გოგლიძე, ბარბარა, არ იყვნენ პარლამენტში, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება გადამწყვეტი არჩევნების დროს ცესკოს თავმჯდომარე. ანუ არაკეთილსინდისიერი, ვინც არ უნდა იყოს კორუმპირებულს, რომელსაც არ შეუძლია არც თავისი პროფესიონალიზმი დაასაბუთოს, არც თავისი ქონება დაასაბუთოს, თქვენ მხარს უჭერთ”.

 

“მოდით ვნახოთ [ტვ პირველის სიუჟეტი], ეტყობა არ გაქვთ თქვენ ნანახი და ჩვენს მაყურებელსაც შევახსენოთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება”.

 

 “ვახო, რამე ახალი აღმოაჩინეთ, რამე შეგეცვალათ, რამე კეთილსინდისიერებაზე კითხვები გაგიჩნდათ? ამ კაცს ხმას მისცემთ?”.

 

 

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭო პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნევს “ტვ პირველის” ეთერში მანამდე გასული სიუჟეტის ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ფორმით გაშვებას და ასევე გადაცემის წამყვანის კონკრეტულ ფრაზებს.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ როდესაც ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში იყენებს სხვა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ანდა სხვა სახის მედია პროდუქტს, ის სრულად იზიარებს ამ მასალაში დაშვებული უზუსტობების შესახებ პასუხისმგებლობას.

 

ყველა შემთხვევაში, სხვა მედიის ეთერში გასული ინფორმაცია არის ინფორმაციის რიგითი წყარო, რომელზე დაყრდნობისას ჟურნალისტი ვალდებულია ან გადაამოწმოს მასში მოყვანილი ფაქტები, ანდა აუდიტორიას სხვისი მომზადებული მასალა შესთავაზოს არა როგორც უტყუარი, გადამოწმებული ფაქტი, არამედ აღნიშნოს, რომ ეს არის კოლეგა ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა, რომელიც განსახილველ თემასთან კავშირშია და აუდიტორიას სთავაზობს მეტი ინფორმირებისთვის, თუმცა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ბალანსზე.

 

ჟურნალისტმა სხვისი მედია პროდუქტის ეთერში გასაჯაროებისას წინასწარვე უნდა იზრუნოს შესაბამის ბალანსზე, მით უფრო, როცა სიუჟეტში საუბარია მძიმე ბრალდებებზე (კორუფცია, ქონების გადამალვა და ა.შ.).

 

განსახილველ შემთხვევაში ეკა კვესიტაძემ ეთერში გაუშვა სიუჟეტი, სადაც აღწერილი ფაქტების სისწორე უკვე სადავოდ ჰქონდა გამხდარი სიუჟეტის მთავარ გმირს, გიორგი კალანდარიშვილს.

 

კალანდარიშვილმა  საჯარო განცხადება ეკა კვესიტაძის გადაცემის ეთერში გასვლამდე თითქმის ერთი თვით ადრე,  მედიით გაავრცელა.

 

მაშინ, როცა მედია ეყრდნობა სხვა მედიის მიერ მომზადებულ მამხილებელ მასალას ისე, რომ არ აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზის გამო (გადაცემის ფორმატი, დროის სიმცირე და ა.შ), მასში მოყვანილი თითოეული ფაქტი გადაამოწმოს, გონივრული ბალანსის დასაცავად მან განსაკუთრებული გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს. კერძოდ, ბრალდებების ადრესატს გადაცემაში მონაწილეობის საშუალება უნდა შესთავაზოს და უარის შემთხვევაში, როგორც აუდიტორიის პატიოსნად ინფორმირების ვალდებულების მქონე პირმა, თავადვე უნდა მიაწოდოს მაყურებელს მოპასუხე მხარის პოზიცია ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს განცხადება, სხვა მედიისთვის მიცემული ვრცელი კომენტარი თუ სხვა. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტის, მედიის ვალია აუდიტორიის მრავალმხრივი ინფორმირება.

 

მიუხედავად ამისა, ეკა კვესიტაძემ საკუთარ მაყურებელს აღნიშნული სიუჟეტი წარუდგინა, როგორც უტყუარი, დაზუსტებული ფაქტებით გაჯერებული ამბავი და მაყურებელს არ შესთავაზა ცესკოს ხელმძღვანელის მიერ იმ დროისთვის უკვე გასაჯაროებული  პოზიცია.

 

ამ ქმედებით ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, პატივი არ სცა საკუთარ აუდიტორიას, არ მისცა საშუალება მაყურებელს, ფაქტის შესახებ განსხვავებული პოზიციები მოესმინა, დაეყრდნო მხოლოდ “ტვ პირველის” სიუჟეტს და ამ სიუჟეტის წარდგენისას გააკეთა დასკვნები, რომელთა სიზუსტის დასადგენად ყველა ღონე არ იხმარა.

 

განმცხადებელს პრეტენზიები ჰქონდა, გადაცემის წამყვანის მიერ, თემის წარდგენისას, მის შესახებ გამოთქმულ ვრცელ ციტატებთან დაკავშირებითაც, სადაც ეკა კვესიტაძე სვამდა შეკითხვებს და გამოთქვამდა ბრალდებებს.

 

ქარტიის საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, ცხადად გამიჯნოს მხარეებისთვის და აუდიტორიისთვის, რა შეიძლება ამ შემთხვევაში მიჩნეული იყოს მოსაზრებად და რა - ფაქტად.

 

გადაცემის წამყვანის მიერ დასმული შეკითხვები ცესკოს ხელმძღვანელის კეთილსინდისიერების, შესაძლო კორუმპირებულობის, პროფესიონალიზმის შესახებ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას ტოქშოუს წამყვანისთვის ეთიკურად დასაშვებ ქმედებად, მაგრამ როცა ის იქვე აჟღერებს ადრესატის მისამართით დაუსაბუთებელ ბრალდებებს კონკრეტული, გადამოწმებადი ფაქტების საფუძველზე, ეს უკვე ეთიკური პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

 

მაგალითად: “აქვს დაუსაბუთებელი ქონება, რამდენიმე ბინას ფლობს, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით ამ ქონების წარმომავლობა საერთოდ არ საბუთდება;  ის ფლობს უამრავ ქონებას და მისი არცერთი ქონება არ არის დასაბუთებული”.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ციტატებით ჟურნალისტი პირდაპირ ადანაშაულებს და მძიმე ბრალდებებს უყენებს გიორგი კალანდარიშვილს მხოლოდ “ტვ პირველის” სიუჟეტზე დაყრდნობით, რაც არღვევს სიზუსტისა და ბალანსის სტანდარტს.

 

საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოცემულ მომენტში, გიორგი კალანდარიშვილს უკვე ჰქონდა გაკეთებული “ტვ პირველის” სიუჟეტის საპასუხო განცხადება.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძეს გადაცემაში მხარეების პოზიციის დასაბალანსებლად, მინიმუმ, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება მაინც უნდა წარმოედგინა. გადაცემაში წამყვანი იმედს გამოთქვამს, რომ მასაც, როგორც სხვა ოპოზიციურ მედიებს, ეწვევა გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა მასთან ინფორმაციის გადამოწმების ან გადაცემაში მოწვევის რაიმე სახის მცდელობა არ ჩანს, რაც მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას, საკითხის ირგვლივ სრული წარმოდგენა შეიქმნას.

 

საბჭოს პოზიციით, მხოლოდ სხვის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე დაყრდნობა, რომელიც ჟურნალისტის მიერ სუბიექტურად არის შეფასებული, ხოლო მეორე მხარის მხრიდან სადავოდაა გამხდარი, ვერ აკმაყოფილებს სიზუსტისა და უტყუარობის სტანდარტს.

 

მეხუთე პრინციპი

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის სამდივნომ, ცესკოს ხელმძღვანელის ქარტიაში შემოტანილი განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მთავარ არხს”. სამდივნომ მიიღო ზეპირი დადასტურება არხის იურისტისგან, რომ მათთვის ცნობილია ცესკოს ხელმძღვანელის პრეტენზიების შესახებ.

Როგორც არაერთგზის აღინიშნა, გიორგი კალანდარიშვილმა მის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებზე საჯაროდ გაავრცელა ვრცელი განცხადება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი  და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია,  ქარტიის საბჭოს დასკვნით დადგენილია 1-ელი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.

მერვე პრინციპი.

“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში გასულ ტვ “პირველის” სიუჟეტში დაირღვა მისი არასრუწლოვანი შვილების მიმართ ქარტიის მე-8 პრინციპი. განმცხადებელს არ ჰქონია პრეტენზია კონკრეტულად გადაცემის წამყვანის კონკრეტულ ციტატებზე ამ პრინციპთან მიმართებაში.

როგორც საბჭომ არაერთგზის აღნიშნა, სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული პროდუქტის საკუთარ ეთერში გაშვებით, მედია სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას მასალაში არსებულ ეთიკურ პრობლემებზე.

 

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ განსახილველ სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესი და ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა. საბჭოს ერთ წევრს, გელა მთივლიშვილს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა. გელა მთივლიშვილის პოზიცია აისახება მის განსხვავებულ აზრში და ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით დაერთვება.


Როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მომზადებამდე განიხილა “ნოდარ მელაძის შაბათის” ის რეპორტაჟი, რომელიც ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაში უცვლელი სახით გამოაქვეყნა და დაადგინა ამ რეპორტაჟში
ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევა.

Მოტივაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულსა და ამ გადაწყვეტილებაზე თანდართულ საქმე N742 გადაწყვეტილებაში.

 


საბოლოოდ, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის  მე-8 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

22.07.2024

9 ივნისი, 2024 წელი

 

საქმე  N 742

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.

 

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ აღნიშნული გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი, გიორგი სანტურიანი.

 

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ, თუმცა, ელექტრონულად წარმოადგინეს ნოდარ მელაძის შაბათის გუნდის ახსნა-განმარტება, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიას წარედგინა ამავე მასალასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას.

აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში ჩანს ჟურნალისტების პოზიცია და საბჭო საქმის განხილვის დროს ამ დოკუმენტსაც დაეყრდნო.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მოპასუხე ჟურნალისტების ქვემოთ მოყვანილ ფრაზებს. მან თითოეულ სადავო ფრაზაზე საბჭოს წინაშე განმარტება წარმოადგინა:

 

მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები:

 

შევარდნაძის მმართველობისას გიორგი კალანდარიშვილის მამა მართლაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ბატონი სამსონი თანამდებობიდან ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2003 წელს გათავისუფლდა და ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ამასთან, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ ეს ოჯახის დაგროვილი დოვლათი იყო, რატომ თარიღდება მსხვილი შენაძენები მამის პოსტზე მუშაობიდან თითქმის 20 წლის შემდეგ”.

 

განცმხადებლის პოზიციით, “მამას არანაირი შემხებლობა სახელმწიფო თანამდებობებთან არ ჰქონია, მითუმეტეს გადაცემაში დასახელებულ პერიოდში. 2003 წელს თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლებდნენ, რადგან 2001 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა”.

 

“ეს აპარტამენტი კალანდარიშვილის სიდედრის საკუთრებაა და ისიც ვაკეში, ჟვანიას პირველ ნომერში მდებარეობს. ლალი ზანდუკელის ბინაც რუსებზეა გაქირავებული”.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ ხსენებულ მისამართზე მისი სიდედრი ცხოვრობს და სიუჟეტში ნაჩვენები იყო იმავე მისამართზე, თუმცა სხვა სართულზე განთავსებული სხვა პირის საცხოვრებელი.

 

“გამოდის, რომ მხოლოდ შატბერაშვილის 19-21-ში გიორგი კალანდარიშვილის ოჯახი 5 ბინას ფლობს. სამს დედის, ერთს ცოლის და ერთსაც სიმამრის - გურამ ჩიკვილაძის სახელზე”.

 

განმცხადებელი ამბობს: “პირადად ჩემი ოჯახის (მეუღლე და შვილები) საკუთრებაში ხსენებულ კორპუსში არის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა (რომელიც ირიცხება მეუღლის სახელზე), ხოლო დედის საკუთრებაში არის 2 საცხოვრებელი ბინა, რაც ჯამურად 5-ს ნამდვილად არ შეადგენს.”

 

“ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება ცესკოს თავმჯდომარის ძმის, მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე თუ მისი თანამდებობის პირი ძმა”.

 

“იმის მიუხედავად, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არ წარმოუდგენია სიუჟეტის ავტორს, ის მიუთითებს, რომ ჩემი ძმის ბინაც შესაძლოა ჩემს საკუთრებას წარმოადგენდეს. სინამდვილეში კი, აღნიშნული ბინა ჩემს ძმას 2007 წელს აქვს შეძენილი და დღემდე წარმოადგენს მის პირად საკუთრებას”, - დააფიქსირა განმცხადებელმა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.

 

“დედაქალაქში უძრავი ქონების დაგროვებაზე აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ცესკოს პირველი პირი და მისი მეუღლე იყვნენ ორიენტირებული - ჩახლართული ყიდვა-გაყიდვის სქემაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედაა. ქეთევან აბდალაძე ქუთაისში ცხოვრობს და მის სახელზე 2021 და 2022 წლებში ისევ ვაკეში და ისევ იმ კორპუსში სამი ბინა ფორმდება”.

 

დედის ეპიზოდთან დაკავშირებით ცესკოს ხელმძღვანელმა ქარტიის საბჭოს შემდეგი პოზიცია წარმოუდგინა: “პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დედას მემკვიდრეობით დარჩა გარკვეული უძრავი ქონება. მათ შორის, ფართი ქუთაისში - სტამბის შენობაში, საცხოვრებელი სახლი და ა.შ. მას ასევე, ჰქონდა საცხოვრებელი ფართი თბილისში. სწორედ აღნიშნული ქონების სხვადასხვა დროს რეალიზების შედეგად და შვილების თანამონაწილეობით, მან შეძლო საცხოვრებელი ფართების შეძენა ქ. თბილისში. სიუჟეტში საუბარია, რომ დედას აქვს 3 ბინა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ კორპუსში, თუმცა, გადაცემის გასვლის მომენტში, აქედან ერთი ბინა ჩემი ძმის - მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე იყო გაფორმებული.
მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2021 წლის 27 დეკემბერს, იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე შევიძინეთ 61.30 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, რომელიც დედაზე იქნა გაფორმებული. 2022 წლის 16 დეკემბერს, პარალელური იპოთეკური სესხით, ჩემი ძმის და დედის თანამონაწილეობით, შევიძინეთ 146.60 კვ.მ ფართი სიუჟეტში ხსენებულ კორპუსში, რომელიც 2023 წლის 21 აპრილს გაიმიჯნა 2 ნაწილად. 2024 წლის 28 თებერვალს კი, გამიჯნული ფართიდან 86.60 კვ.მ ჩუქებით გადაფორმდა ჩემს ძმაზე - მიხეილ კალანდარიშვილზე, ვინაიდან, აღნიშნული ბინის მესაკუთრე თავიდანვე ის გახლდათ, თუმცა, ქვეყანაში არყოფნის გამო, მანამდე ვერ მოხერხდა მის სახელზე საკუთრების გადაფორმება.”

 

“იმ კორპუსების ნებართვების მონიტორინგმა, სადაც ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს ბევრი ბინა აქვს, აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში დეველოპერებს მერიასთან პრობლემები ჰქონდათ. მშენებლები, დარღვევების მიუხედავად, კოეფიციენტების მატებას ითხოვდნენ და საბოლოოდ იღებდნენ კიდეც. ეს საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 ბინა დავუთვალეთ, თავდაპირველი პროექტი 40-ბინიანი და 5-სართულიანი უნდა ყოფილიყო. 2018 წელს კალაძემ ბინადარს კოეფიციენტის მატებაზე უარი უთხრა, თუმცა 2019 წელს პოზიცია შეცვალა და სართულიანობა 5-დან თორმეტამდე, სიმაღლე კი 56 მეტრამდე გაზარდა”.

 

“ეს დამთხვევაა თუ სამშენებლო კომპანიას დაავალეს შეცვლილი ნებართვის სანაცვლოდ ცესკოს მაშინდელი იურიდიული სამსახურის უფროსი მოემადლიერებინა.”

 

ცესკოს ხელმძღვანელის განმარტება: “სიუჟეტის ავტორი ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე ავითარებს მოსაზრებას ჩემსა და კომპანიას შორის შესაძლო კავშირის შესახებ. აქვე მინდა განვმარტო, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა საცხოვრებელი ფართები შეისყიდეს არა გადაცემაში ხსენებული კომპანიისგან, არამედ კონკრეტული ბინების მფლობელი სხვადასხვა მესაკუთრისგან. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის და მათ შორის არცერთი ამონაწერით არ დგინდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან განხორციელდა გადაცემაში ხსენებული სამშენებლო კომპანიისგან ბინის შესყიდვა. შესაბამისად, არათუ სამართლებრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, არამედ არანაირ ლოგიკაშიც კი არ ხვდება ჩვენი კავშირი სამშენებლო კომპანიასთან, გარდა იმისა, რომ მათ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ვფლობთ საკუთრებას. ასევე, საერთოდ უცნობია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშენებლო საკითხი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ჩემი მეუღლის და ჩემი დედის საკუთრებაში არსებული და სიუჟეტში მოხსენიებული ვაკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი ფართები, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და ჩაბარებული სათანადო წესით საჯარო რეესტრში, რაც ასევე დასტურდება შესაბამისი ამონაწერებით”.

 

ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები არასრულწლოვნების ნაწილში:

 

ნოდარ მელაძე: “მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც 5 თვის ჩვილზე გააფორმეს ახლად აშენებულ კორპუსში და შემდეგ ბაგა ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა”.

 

“ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ყოველ შემთხვევაში ასეთს, თუმცა მე ვერ ამოვხსენი არასრულწლოვანი შვილების სახელზე ქონების გადაფორმების შემდეგ მშობლებზე ჩუქების აი მთელს ამ მაქინაციებს”.

 

მაკა ჩიხლაძე: “კალანდარიშვილის ბინების დათვლა კენჭისყრის შედეგების დათვლაზე რთული აღმოჩნდა იმიტომ, რომ ცესკოს პირველ პირს ხშირ შემთხვევაში შეძენილი უძრავი ქონება არა საკუთარ, არამედ დედის, ცოლის 1 და 3 წლის შვილების სახელზე აქვს გაფორმებული. უძრავი ქონების სიმრავლე, როგორც ჩანს, თავად მფლობელსაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის და ამიტომ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა წერილობით ურჩევნია”.

 

“მეტი სიზუსტისთვის, საჯარო მოხელის და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირის ქონების თვლას მის მიერვე შევსებული დეკლარაციით ვიწყებთ”.

 

“ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული. ბინის შეძენის მომენტში გ.კ.  5 თვის იყო.”

 

შენიშვნა: სიუჟეტში არასრულწლოვნის სახელ გვარი სრულად იყო, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების ვინაობის დამატებითი ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.

 

 

“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში კვადრატული მეტრი 535 დოლარად იყიდა, რაც იმდროინდელი საბაზრო ფასითაც არაადეკვატურად დაბალი ფასია. ამ ბინის ნასყიდობის ფაქტს ეჭვქვეშ კიდევ ერთი გარემოება აყენებს - დოკუმენტების კვლევისას ვხედავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის შვილზე გადმოფორმებამდე ბინას ვინმე მიხეილ ლორთქიფანიძე ფლობდა. ლორთქიფანიძე გვიყვება, რომ ბინა არ გაუყიდია და გადაფორმება ვალის სანაცვლოდ მოხდა”.

 

“შატბერაშვილის 44 არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში არჩევნებზე პასუხისმგებელი პირი ოჯახის ქონებას არასრულწლოვანი შვილების სახელზე აფორმებს. კიდევ ერთი მისამართზე ვაკეში, შატბერაშვილის 19-21 ნომერში გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი, დ.კ. ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს დოკუმენტების მიხედვით, 3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 000 დოლარად. Ზუსტად 4 თვეში 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედას, ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის”.

 

გიორგი კალანდარიშვილის პოზიცია: “არასრულწლოვან შვილებზე ხაზგასმა, მათ შორის, მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორე მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რაც შეეხება გ. შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებულ საცხოვრებელ ფართს, მე და ჩემმა მეუღლემ ის იპოთეკური სესხითა და დანაზოგით 2017 წელს კეთილსინდისიერად შევიძინეთ და იმთავითვე ბინა ჩვენი შვილის სახელზე გავაფორმეთ. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ სიუჟეტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩემს შვილებზე ბინების გაფორმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი შიდა ოჯახური გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს. ამ თემით მანიპულირება კი, მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვების შექმნას და გამძაფრებას ემსახურება. ამას გარდა, არასრულწლოვანი შვილების სიუჟეტში მოხსენიება, მათ შორის მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორე მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციაში უძრავი ქონება ასახულია სრულყოფილად, მიუხედავად იმისა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ვის სახელზე იყო აღრიცხული, რაც, ბუნებრივია, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს და გადაცემაში გამოყენებული იყო მანიპულაციურად. ამასთან გაცნობებთ, რომ ბინის შვილიდან დედაზე გადაფორმება, განპირობებული იყო შიდა ოჯახური საჭიროებით”.

 

ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები დამქირავებლების მოქალაქეობის ნაწილში:

 

ნოდარ მელაძე: “ანუ რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გაქირავება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის უხერხულობას არ ქმნის ხომ?”

 

მაკა ჩიხლაძე: “არა, პირიქით. მასაც და მის მეუღლესაც როდესაც ეს შეკითხვა დავუსვით, ის უფრო გაუგებარი იყო, რატომ ვუსვამდით ამ შეკითხვას იმიტომ, რომ “რა პრობლემას ხედავთ” - ეს იყო პასუხი”.

 

“ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცოლის ბინაა, რომელიც, მისივე მდგმურების მონათხრობზე დაყრდნობით, უკვე დიდი ხანია ბელორუსიიდან ჩამოსულ ქალზეა გაქირავებული”.

 

“ეს კი რუსეთის მოქალაქეა და ცესკოს თავმჯდომარის ბინას ქირაობს. დოკუმენტების მიხედვით, გაქირავებული ბინა დედისაა, თუმცა გიორგი კალანდარიშვილის ინტერვიუდანვე დგინდება, რომ სინამდვილეში უძრავი ქონება მას ეკუთვნის”.

 

“არავის არ ვუვარდებით, რუსი და ბელორუსი მდგმურები რომ გყავთ იცით ამის თაობაზე?”

 

განმცხადებელი მიუთითებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონზე, რომელიც განმარტავს, რომ დაუშვებელია, პოტენციურ დამქირავებელს უარი ეთქვას საჯაროდ ხელმისაწვდომ საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებით გარიგების დადებაზე, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნის გამო.

 

მაკა ჩიხლაძის სადავო ფრაზები:

 

“თუმცა ეს მორალის ამბავია მაინც, მაგრამ მდგმურებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, აი  კანონის ენით რომ ველაპარაკოთ ცესკოს თავმჯდომარეს, მოვალეობის შემსრულებელს ამ ეტაპზე არის ის, რომ მას არსად უწერია დეკლარაციაში, რომ იჯარით შემოსული თანხა არის მისი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავალი ანუ ეს გრაფები დეკლარაციაში  რომელსაც ის ავსებს, არის აბსოლუტურად ცარიელი.”

 

ხარჯების თვლისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან და სავარაუდო კანონდარღვევას ვაწყდებით. ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ დადასტურებულად აჩვენა, რომ გიორგი კალანდარიშვილი, მაგალითად, დედის სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას დეკლარაციას უმალავს. მალავს ბინების გაქირავებიდან მიღებულ თანხებსაც, რადგან არსად წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს იჯარიდან შემოსავალი აქვს მიღებული. ადამიანთან, რომელმაც ქვეყანაში ამ წლის ბოლოს უმნიშვნელოვანესი არჩევნები უნდა ჩაატაროს, კითხვები არა მხოლოდ გადამალულ ქონებასთან და ამ ქონების შესაძენად დახარჯული ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით ჩნდება.”

 

კალანდარიშვილის განმარტება: „ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდი სრულიად უსაფუძვლოდ მდებს ბრალს დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებაში. კერძოდ, საუბრობს, რომ დეკლარაციაში შესაბამის ველში არ არის მითითებული იჯარით მიღებული შემოსავალი, სინამდვილეში კი, ბოლო დეკლარაციის შევსების მომენტში, ფართი გაქირავებული არ იყო და, შესაბამისად, ვერც მისი იჯარის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა მითითებული. ამას გარდა, გაცნობებთ, რომ წინა წელს მიღებული შემოსავლები, კანონმდებლობის თანახმად, უნდა აისახოს მომდევნო წლის დეკლარაციაში, რაც, ჩემ შემთხვევაში, 2024 წლის შესაბამის პერიოდში (ოქტომბერში) განხორციელდება”.

 

საქმის დამატებითი გარემოებები

 

ქარტიისთვის  მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, მიმართა ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების ორგანოს.

 

საჩივრის ფარგლებში სადავოდ იყო გამხდარი ჟურნალისტების ზემოაღნიშნული ფრაზები.

 

თვითრეგულირების კომისიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გიორგი კალანდარიშვილის საჩივარი, კერძოდ, თვითრეგულირების ორგანომ არაზუსტად მიიჩნია სიუჟეტის შემდეგი ფრაგმენტი:

 

„შევარდნაძის მმართველობისას გიორგი კალანდარიშვილის მამა მართლაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ბატონი სამსონი თანამდებობიდან ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2003 წელს გათავისუფლდა და ახლა ის უკვე გარდაცვლილია. ამასთან ჩნდება ლოგიკური კითხვა თუ ის ოჯახის დაგროვილი დოვლათი იყო, რატომ თარიღდება მსხვილი შენაძენები მამის პოსტზე მუშაობიდან თითქმის 20 წლის შემდეგ“. 

თვითრეგულირების ორგანოს მასალების მიხედვით, განხილვის ეტაპზე ეს ფრაგმენტი ფაქტობრივ შეცდომად აღიარეს ჟურნალისტებმაც.

 

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს აღნიშნული ფრაზის შესწორება დაევალათ. თვითრეგულირების კომისიამ ცესკოს ხელმძღვანელის საჩივარი დანარჩენ მოთხოვნებში არ დააკმაყოფილა.

 

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში.

 

ქარტიის საბჭოს მიერ ამ საქმის განხილვის ეტაპზე ტელეკომპანიის სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტური გამოძიების სიღრმეებში ჩასვლა და მასში მოყვანილი ფაქტების სიღრმისეულად გადამოწმება სცდება საბჭოს სამოქმედო არეალს. საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აფასებს აუდიტორიის, მაყურებლის პოზიციიდან, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებელი გზებით აწარმოოს მოკვლევა და სიუჟეტში მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს.

 

შესაბამისად, საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.

 

სადავო ჟურნალისტური გამოძიება სამი ნაწილისგან შედგება: ანონსი, სიუჟეტის სტუდიური წარდგენა (წამყვანის და ავტორის მონაწილეობით) და სიუჟეტი. სამივეს ერთობლიობა ქმნის საბოლოო ჟურნალისტურ ნამუშევარს, რომელმაც აუდიტორიას კონკრეტულ თემაზე ყოველმხრივ გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ჟურნალისტურ გამოძიებასთან, ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ სამივე ნაწილის ერთობლიობით ობიექტურ მაყურებელს უნდა შექმნოდა დასაბუთებული ვარაუდი კონკრეტული კორუფციული გარიგებების და შესაძლო დანაშაულების შესახებ. ამის მოლოდინს ქმნიდა გადაცემის ანონსიც.

 ანონსი შემდეგ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას:

 

“აღმოჩენილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფის ბევრი ბინა ვაკეში“,

კალანდარიშვილის ოჯახმა ხუთი ბინა ვაკეში იმ პრობლემურ კორპუსში მიიღო, რომელსაც სართულების დამატების უფლება მერიამ საეჭვო ვითარებაში მისცა.”

 “ქმარი ცესკოს თავმჯდომარე, ცოლი “ქართუ ბანკის მაღალჩინოსანი”

 “რუსებზე გაქირავებული ბინები და ამ ბინებიდან მიღებული ფული, რომელიც დეკლარაციებში არ ჩანს.”

“ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული  ქონება და შემდეგ სამი წლის ბავშვის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა.”

 

ანონსი მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ნოდარ მელაძის შაბათის” ჯგუფის ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, კორუმპირებულობის, მის მიერ დიდძალი დაუსაბუთებელი უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი ფაქტები მოიპოვეს.

 

სიუჟეტის ანონსში საუბარია, რომ “აღმოჩენილია” გიორგი კალანდარიშვილის უძრავი ქონება, თუმცა სიუჟეტიდანვე ვიგებთ, რომ ამ ქონების ნაწილი ცესკოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციაში აქვს დეტალურად მითითებული, ნაწილი კი მისი დედის და ძმის საკუთრებაა, საჯარო რეესტრშია ასახული და მათი ნახვაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.


სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელი ეუბნება ჟურნალისტს, რომ ყველა ეს უძრავი ქონება მან და მისმა ოჯახმა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული კაპიტალით შეიძინეს და გარკვეულ დასაბუთებას სთავაზობს (აღებულ სესხებს, გაყიდულ სხვა უძრავ ქონებას).

სიუჟეტში ჟურნალისტები სათანადოდ არ ამოწმებენ კალანდარიშვილის განმარტებებს, სარწმუნოდ ვერ ასაბუთებენ, რომ ეს უძრავი ქონება ცესკოს ხელმძღვანელს დაუსაბუთებელი წარმოშობის თანხებით აქვს შეძენილი და მათ ფლობას მალავდა.

 

ამ ფაქტის ანონსში წარდგენა, როგორც დამალული ქონების “აღმოჩენა”, მანიპულაციურია, შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია და სიზუსტის პატივისცემის სტანდარტს არღვევს.

 

ანონსში ასევე საუბარია, რომ კალანდარიშვილის ცოლი “ქართუ ბანკის” მაღალჩინოსანია. სინამდვილეში, როგორც სიუჟეტშივე ნაჩვენები ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კალანდარიშვილის მეუღლე ”ქართუ ბანკის” ისნის რაიონის სერვის ცენტრის საკრედიტო განყოფილების უფროსია, რასაც საბანკო სფეროში მაღალ თანამდებობად  ნამდვილად არ მიიჩნევენ. ანონსში მისი ასე წარმოჩენა მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

 

ანონსში საუბარია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოჯახმა ბინები პრობლემურ კორპუსში “მიიღო”, რომელსაც “სართულების დამატების უფლება მერიამ საეჭვო ვითარებაში მისცა”. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ბინები არ “მიუღიათ”, ისინი სხვადასხვა კერძო პირისგან იყიდეს. ანონსი, ჟურნალისტის ტექსტები, ოპოზიციონერი რესპოდენტის ინტერვიუ არის ერთგვარი მინიშნებები, რომ ცესკოს ხელმძღანელი “ქართულ ოცნებას” გაურიგდა, რომ ცესკოში მის დავალებებს შეასრულებდა და სანაცვლოდ ბინები მიიღო. თუმცა ამ ირიბი ბრალდების გასამყარებლად, კომპანიასთან კალანდარიშვილის კავშირის არანაირი მტკიცებულება სადავო მასალაში წარმოდგენილი არ არის.

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ ჟურნალისტური გამოძიება მაღალი ხარისხის, მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული პროდუქტი უნდა იყოს და ნებისმიერი რესპონდენტის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოქვეყნებამდე მრავალჯერ უნდა გადამოწმდეს.  ანონსში გაცხადებული მინიშნება გიორგი კალანდარიშვილის სამშენებლო კომპანიასთან შესაძლო კავშირზე გადამოწმებულ ფაქტებს არ ეფუძნება და მანიპულაციურია.

 

ანონსში (სიუჟეტშიც) წამყვანი და ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს გარკვეული უძრავი ქონება არასრულწლოვან შვილებზე აქვს გაფორმებული. ამას წამყვანი ამოუხსნელ მაქინაციად მოიხსენიებს, ჟურნალისტი კი საეჭვო გარიგებებზე მიანიშნებს.

 

ცესკოს თავმჯდომარეს ქონებრივ დეკლარაციებში საჯაროდ აქვს ასახული, რომ ოჯახის ქონების ნაწილი მის არასრულწლოვან შვილებზეა გაფორმებული, რასაც სიუჟეტში ცესკოს თავმჯდომარე ოჯახის თითოეულ წევრზე ქონების განაწილებით ხსნის, და ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებშია.

 

არასრულწლოვან შვილებზე ქონების დარეგისტრირება, მათი სახელით გარიგებების გაფორმება სამართლებრივად სწორია. კანონი იძლევა საშუალებას, რომ მშობლებმა არასრულწლოვანი შვილების სახელით გარიგებები აწარმოონ, იყიდონ ანდა გაყიდონ უძრავი ქონება. კალანდარიშვილების შემთხვევაშიც ეს პროცედურები საჯაროდ და კანონიერადაა საჯარო რეესტრში ასახული.

 

თუმცა, ჟურნალისტები ამ ოპერაციებს წარმოაჩენენ როგორც განსაკუთრებულ, გასაკვირ შემთხვევას და ერთგვარ მაქინაციას, რისი შესაბამისი დასაბუთებაც სიუჟეტში არ ყოფილა.
სიუჟეტში არ არის გამოკვლეული რაიმე ფინანსურ სარგებელს, გადასახადების დამალვას ან რაიმე სხვა არაკეთილსინდისიერ მიზანს ხომ არ ემსახურებოდა გიორგი კალანდარიშვილის მიერ არასრულწლოვან შვილებზე უძრავი ქონების გაფორმება. რადგანაც ჟურნალისტებმა ასეთი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს, არასრულწლოვნებზე ქონების გაფორმების სიუჟეტში მოცემულ კონტექსტში წარმოჩენა მანუპულიციურია და ემსახურება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს ეს აპრიორი რაიმე მაქინაციაა და არა კანონით დაშვებული ჩვეულებრივი ოპერაცია.

 

სიუჟეტში ჟურნალისტმა თქვა, რომ კალანდარიშვილის მამა შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო და თანამდებობიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ გაუშვეს.

სიუჟეტში არ იყო მოცემული ამ ფაქტის რაიმე მტკიცებულება, არ იყო მითითებული, რას ეყრდნობოდა ჟურნალიტი ამ ინფორმაციის გახმოვანებისას.

 

ცესკოს ხელმძღვანელი განცხადებაში წერს, რომ  2003 წელს მამამისს ვერ გაათავისუფლებდნენ, ვინაიდან ის 2001 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა, სახელმწიფო თანამდებობაზე კი არასდროს უმუშავია.

 

ჟურნალისტებს სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ჰქონდათ გიორგი კალანდარიშვილთან ინტერვიუ და ამ ფაქტის გადამოწმებაც შეეძლოთ, თუმცა, როგორც ჩანს, სათანადოდ არ გადაამოწმეს.


მოგვიანებით, მელაძის გუნდმა ტვ “პირველის” შიდა თვითრეგულირების ორგანოში დაადასტურა, რომ ამ ეპიზოდში ფაქტობრივი შეცდომა დაუშვეს.


მიუხედავად ამისა, განცხადების საბჭოს მიერ განხილვის მომენტისთვის აღნიშნული ეპიზოდი შესწორებული არ არის და საბჭო მიიჩნევს, რომ სიზუსტის პრინციპი ამ შემთხვევაშიც დარღვეულია.

 

კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი გიორგი კალანდარიშვილის ძმის ქონებას ეხება. ჟურნალისტი ამბობს: “ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება ცესკოს თავმჯდომარის ძმის მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე თუ მისი თანამდებობის პირი ძმა.”

 

ამ ეპიზოდში კადრში ჩანს დოკუმენტი, რომლის საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად  ირკვევა, რომ ეს ბინა კალანდარიშვილის ძმას 18 წლის წინ, 2007 წელს, აქვს შეძენილი.
რა კავშირი აქვს ამ ბინას გიორგი კალანდარიშვილის ცესკოში მუშაობის პერიოდში ქონების დაგროვებასთან, სიუჟეტში ახსნილი არ არის. არ ჩანს არც დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მცდელობა, რაც ჟურნალისტის გამოთქმულ ვარაუდს გაამყარებდა.

საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.

 

სიუჟეტის საერთო კონტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ცესკოს თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს კანონიერი გზით ამხელა ქონების დაგროვება არ შეეძლოთ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მათი შემოსავალი არცერთ შემთხვევაში საკმარისი არ არის ბინების შესაძენად და გასარემონტებლად.


სიუჟეტიდანაც ჩანს, რომ გიორგი კალანდარიშვილს და მის მეუღლეს სოლიდური შემოსავალი აქვთ. ბოლო სამი წლის დეკლარაცით ჯამში მათი ხელფასი დაახლოებით 400 ათასი ლარი იყო.

 

ცოლ-ქმარს დაახლოებით 160 ათასი დოლარის და 180 ათასი ლარის საბანკო სესხი აქვთ აღებული და ამ სესხების ნაწილს დღემდე იხდიან, ეს სესხები მიმდინარეა.

 

ცესკოს ხელმძღვანელი განცხადებაში ამბობს, რომ თბილისში უძრავი ქონების შესაძენად მისმა ოჯახმა ქუთაისში მდებარე კომერციული ფართი გაასხვისა. ფართის გასხვისება საჯარო რეესტრითაც დასტურდება, თუმცა ჟურნალისტს ეს დეტალიც არ ჰქონდა მოკვლეული და სიუჟეტში ასახული.


საბჭო მიიჩნევს, რომ  ჟურნალიტებს ზემოთ აღწერილი ყველა გარემოება უნდა გამოეკვლიათ, სიუჟეტში სრულად და პატიოსნად ეჩვენებინათ გადამოწმების რა ხერხებს მიმართეს, ვიდრე მტკიცებით ფორმაში იტყოდნენ, რომ ცესკოს ხელმძღვანელის შემოსავალი მისი ქონების შესაძენად საკმარისი არ იყო.

 

სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელი დადანაშაულებული იყო იმაშიც, რომ მან ქონებრივ დეკლარაციაში ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ ასახა. კალანდარიშვილი ქარტიაში წარმოდგენილ განცხადებაში წერს, რომ, როცა ბოლო დეკლარაცია შეავსო, აღნიშნული ქონება გაქირავებული არ ჰქონდა, და ამიტომ ქირიდან შემოსული შემოსავალი მის მომდევნო დეკლარაციაში აისახება.

 

საბჭო ვერ დაეყრდნობა და გაიზიარებს ცესკოს ხელმძღვანელის ამ ინფორმაციას, ვინაიდან  ამ ფაქტის შემოწმება საბჭოს მანდატს ცდება, თუმცა ჟურნალისტის ვალდებულება იყო, ეს დეტალი საფუძვლიანად გამოეკვლია, ვიდრე გაახმოვანებდა. სიუჟეტში არ ჩანს, კალანდარიშვილს ქონება ჰქონდა თუ არა გაქირავებული იმ პერიოდშიც, რომელსაც მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია მოიცავს.

 

ზემოთ აღწერილი გარემოებების ერთობლიობით საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტის ავტორებმა პატივი არ სცეს სიზუსტეს და აუდიტორიის უფლებას, მიიღოს მაქსიმალურად ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია.

 

როცა აუდიტორიის წინაშე პოზიციონირებ როგორც საგამოძიებო ჯგუფი, გამომძიებელი ჟურნალისტი, მოლოდინია, რომ მაყურებელს ყოველმხრივ გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდი.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს უნდა გამოეყენებინათ ყველა გზა ინფორმაციის გადასამოწმებლად.

 

ნიშანდობლივია, ის, რომ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ცესკოს ხელმძღვანელი ჟურნალისტს ყველა კითხვის წერილობით გაგზავნას სთხოვს და პასუხებს ჰპირდება. სიუჟეტის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველმა” ინფორმაციის გადამოწმების ეს გზა არ გამოიყენა. დადგენილი პრაქტიკით, გამომძიებელი ჟურნალისტები, რაკი ისინი მეტ დეტალს იკვლევენ და სიღრმისეულ მასალებს ამზადებენ, ხშირად მიმართავენ წერილობით ინფორმაციის დაზუსტების გზას, რაც ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას შეუწყობდა ხელს.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ  სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პირველი პრინციპი დააღვიეს.

 

მეხუთე პრინციპი.

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ;
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

აღნიშნულ  შემთხვევაში ყველა ეს პირობა სახეზეა და საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა. ცესკოს ხელძღვანელის პრეტენზიების შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისთვის, ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების ორგანოს ცესკოს საჩივარი უკვე განხილული აქვს, თუმცა მასალები შესწორებული არ არის.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიუჟეტში კალანდარიშვილის მამის შესახებ გასულ ეპიზოდზე ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიამ ფაქტობრივი შეცდომა დაადგინა, რასაც “მელაძის შაბათის” გუნდიც დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა, ფაქტი შეესწორებინა. თვითრეგულირების ორგანომ ამისთვის მათ გარკვეული ვადაც მისცა.

თუმცა ქარტიის სტანდარტით, მედიამ არაზუსტი ინფორმაცია მყისიერად უნდა შეასწოროს. პრაქტიკის მიხედვით, მასალა უნდა შესწორდეს თვალსაჩინოდ,  ყველა პლატფორმაზე, სადაც განთავსებულია და უნდა ჩანდეს, რა შესწორდა და როდის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო მასალები სოციალურ ქსელში კვლავ პირველადი სახითაა განთავსებული, მათ შორის, არ არის მითითებული, რომ მამის შესახებ ეპიზოდი შესწორდა.

 

გამომდინარე აქედან, საბჭომ მე-5 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.

მეშვიდე პრინციპი.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ კალანდარიშვილის ოჯახის ბინების დამქირავებლების მოქალაქეობის ნაწილში სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

ჟურნალისტები სადავო მასალაში აპელირებენ ფაქტზე, რომ გიორგი კალანდარიშვილის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინების დამქირავებლები ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები არიან. სიუჟეტში ნახსენებია ასევე ბელარუსის მოქალაქეებიც.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების მიქირავება სიუჟეტში წარმოჩენილია, როგორც ცალსახად უარყოფითი მოვლენა და ეს ფაქტი ჟურნალისტებს საკუთარი მძაფრი ფრაზებით გამოყენებული აქვთ გიორგი კალანდარიშვილის დისკრედიტაციისთვის.

სიუჟეტის პათოსით რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის ბინის მიქირავება არის დაუშვებელი და გამქირავებლის დისკრედიტაციას ხდენს.

ამგვარი გაშუქებით ჟურნალისტები ახალისებენ რუსეთის ყველა მოქალაქის დისკრიმინაციას მათი რასის, ეროვნული, სოციალური წარმოშობის ნიშნით.


ევროსაბჭოს კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, ფართოდ განმარტა რასობრივი დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს, მათ შორის, რასას, მოქალაქეობას და ეროვნულ კუთვნილებას.

 

სტრასბურგის სასამართლოს შეხედულებით, ადამიანების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეფუძნება რასობრივ, ეროვნულ კუთვნილებას, არ აქვს არავითარი პერსპექტივა, რომ ობიექტურად, გამართლებულად შეფასდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც პლურალიზმისა და განსხვავებულ კულტურათა პატივისცემის პრინციპებს ემყარება. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფუძვლით დისკრიმინაცია იმავდროულად წარმოადგენს ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მოპყრობას (წყარო: გვ.14-16 ).

 

დისკრიმინაციას დაუშვებლად მიიჩნევს ქართული კანონდებლობაც. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის გ.დ) ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე (საცხოვრებლის ჩათვლით).

 

სამოქალაქო ურთიერთობების დროს, როგორიცაა, მათ შორის, საცხოვრებლის ქირაობა, კანონმდებლობა გამორიცხავს წარმომავლობის თუ მოქალაქეობის საფუძველზე დისკრიმინაციას.

 

საბჭოს წევრები იზიარებენ ზემოაღნიშნულს და, ასევე, განმცხადებლის მიერ მითითებულ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და აღნიშნავენ, რომ ეროვნება და მოქალაქეობა ავტომატურად არ ნიშნავს პუტინისტური იდეოლოგიის გაზიარებას და ამ კონტექსტში წარმომავლობაზე ხაზგასმა არის დისკრიმინაციული.

 

ნებისმიერი ჟურნალისტი ვალდებულია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, გაემიჯნოს სუბიექტურ დამოკიდებულებებს და არათუ არ მოამზადოს დისკრიმინაციული მასალები, არამედ ყველა ღონე იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

 

ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მერვე პრინციპი.

ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

 

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ განსახილველ სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესი და ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა.  საბჭოს ერთ წევრს, გელა მთივლიშვილს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა. გელა მთივლიშვილის პოზიცია აისახება მის განსხვავებულ აზრში და ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით დაერთვება.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა სიუჟეტის მომზადებისას, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, მოახდინეს მათი იმგვარი იდენტიფიცირება და იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ საფრთხის ქვეშ დააყენეს მათი, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესი.

 

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს არასრულწლოვნების სახელ-გვარებს სრულად და მათ ასაკს, თუმცა საბჭო ამ გადაწყვეტილებაში არასრულწლოვნებს მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს, რათა ხელი არ შეუწყოს ბავშვების შესახებ ინფორმაციის დამატებით ტირაჟირებას.

 

ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების შესახებ სიუჟეტის ანონსშივე იყო შემდეგი ტექსტი: “ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული ქონება და შემდეგ 3 წლის ბავშის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა”.

 

შემდეგ იყო სიუჟეტის სტუდიაში წარდგენისას წამყვანის ტექსტი: “მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც 5 თვის ჩვილზე გააფორმეს ახლად აშენებულ კორპუსში და შემდეგ ბაგა-ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა”.

 

“ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ყოველ შემთხვევაში ასეთს, თუმცა მე ვერ ამოვხსენი არასრულწლოვანი შვილების სახელზე ქონების გადაფორმების შემდეგ მშობლებზე ჩუქების აი მთელს ამ მაქინაციებს”.

 

ჟურნალისტის ციტატა: “ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული, ბინის შეძენის მომენტში გ.კ. 5 თვის იყო”.

 

“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში კვადრატული მეტრი 535 დოლარად იყიდა.

შატბერაშვილის 19-21 ნომერში გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი დ.კ. ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს დოკუმენტების მიხედვით 3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 000 დოლარად. ზუსტად 4 თვეში 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედას ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის”.

 

სინამდვილეში ყველა ზემოთ აღწერილი ქმედება კანონიერია. ინფორმაცია კი ყველასთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში და არ სჭირდება “მოპოვება”, როგორც ამას ჟურნალისტი უწოდებს, სავარაუდოდ, მოვლენების დრამატიზებისთვის.

 

ყველა ჩამოთვლილი ოპერაციის დროს კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრში ამ არასრულწლოვნების სახელით მოქმედებებს მათი მშობლები ახორციელებდნენ.

სამოქალაქო კანონმდებლობის გათვალისწინებით, არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლები არიან მათი მშობლები და ყველა მოქმედება აქაც მშობლების მიერაა განხორციელებული. ამაზე სიუჟეტი ყურადღებას ცხადად არ ამახვილებს. პირიქით, ეს ქმედებები მაქინაციებადაა მოხსენიებული.

 

მაგალითად, ფრაზა “3 წლის დ. ყიდულობს 67 კვადრატ ბინას” არის მანიპულაციური. სინამდვილეში ბინას ყიდულობს მშობელი და შვილის სახელზე არეგისტრირებს. ანალოგიურად მანიპულაციურია ფრაზა “ბაგა-ბაღის მოსწავლემ კალანდარიშვილის მეუღლეს აჩუქა.”

გადაცემის წამყვანი ამ ჩვეულებრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს მოიხსენიებს როგორც ამოუხსნელ მაქინაციას, არასრულწლოვნებს კი წარმოაჩენს “მაქინაციების”, სავარაუდო დანაშაულის, მონაწილეებად.


პასუხისმგებლიანი მედია, იმ შემთხვევებშიც კი მაქსიმალურად ერიდება არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას, როცა დადგენილია რომ მან დანაშაული ჩაიდინა, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის რეტრავმირება და ის არ გახდეს სამომავლოდ ბულინგის ან რაიმე სხვა სახის შევიწროების მსხვერპლი.

საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკის მიერ ქონების შესაძლო გადამალვის მაქინაციურ სქემაში ბავშვების ჩართულობაზე მინიშნებებით გაჯერებულ სიუჟეტში მოხდა  არასრულწლოვანების ინსტრუმენტალიზება და მათი წარმოჩენა კორუფციული გარიგებების დადების საშუალებად, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რამდენადაც ხდება მათი ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა.

 

საბჭო განმარტავს, რომ მიუხედავად ბავშვების ვინაობის საჯაროდ ხელმისაწვდომობისა, (საჯარო რეესტრში, ქონებრივ დეკლარაციებში) სიუჟეტში მათი სახელობითი მოხსენიების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.

 

ამ პრინციპის დარღვევის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს სადავო ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანს ზრდასრულ ასაკში; მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს, ხომ არ გამოიწვევს ის არასრულწლოვანის ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას.

 

არასრულწლოვანობის პერიოდი მოიცავს იმ ასაკს, როდესაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, ინფორმაციას სენსიტიურად აღიქვამენ და გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან.

 

აღნიშნული სიუჟეტის ნახვის და შინაარსის შეცნობის შესაძლებლობა, ცხადია, მათ რამდენიმე წელიწადში ექნებათ; ამასთან, არა მარტო მათ, არამედ მათ თანატოლებს, კლასელებსა და მეგობრებს, რამაც, შესაძლოა, მათ შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი მშობლები შვილების მონაწილეობით მაქინაციებში იყვნენ გახვეულები. ამან კი, შესაძლოა, არასრულწლოვნების ტრავმირება და ბულინგის ობიექტად ქცევა გამოიწვიოს, თანაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, რამდენადაც აღნიშნული სიუჟეტი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. მისი ნებისმიერ ასაკში ხილვა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანების რეტრავმირებას შეუწყობს ხელს და მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.

 

მედიაში ბავშვის საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ბავშვების საკითხის გაშუქებისას მედიამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს სიზუსტისა და კორექტულობის დასაცავად; ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას მათ საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და ზიანის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანონ.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საბჭო სიუჟეტში არასრულწლოვანების ინტერესების დარღვევის კუთხით ორ მთავარ პრობლემას გამოჰყოფს:

  1. მოხდა არასრულწლოვანების სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებად წარმოჩენა ისე, რომ არ იყო წარმოდგენილი ამის დამაჯერებელი მტკიცებულებები.
  2. Ჟურნალისტებს სიუჟეტში არასრულწლოვანების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის მტკიცებულებები მართლაც რომ ეჩვენებინათ, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა არასრულწლოვანების სრული სახელებით მოხსენიება სიუჟეტში, რომელიც მათ ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენდა? ქარტიის პრაქტიკით, მედიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს არ მოხდეს, ამ შემთხვევაში კი პირიქით, ჟურნალისტებმა არასრულწლოვანების შესაძლო დაზარალებას ხელი შეუწყვეს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესს ცალსახად ლახავს და მე-8 პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჟურნალისტებმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.

28.06.2024

განმცხადებელი: იოსებ ლაზარაშვილი

მოპასუხე: საბა სიჭინავა

დარღვეული პრინციპები: 1-ელი; მე-5; მე-8; მე-10 პრინციპები.

25 მაისი, 2024 წელი

საქმე N 732

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თბილისის 58-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით “სავარაუდო თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე - დააკავებენ თუ არა სკოლის დირექტორს” დაირღვა ქარტიის 1-ელი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პრინციპები. 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, საბა სიჭინავა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი იოსებ ლაზარაშვილი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, არც  წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

განხილვის ეტაპზე განმცხადებელმა დააზუსტა სადავო პრინციპები, მოხსნა მე-3 პრინციპი, ხოლო მე-4 პრინციპი ჩაანაცვლა მე-10 პრინციპით. საბოლოოდ, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია 1-ელი, მე-5, მე-8, მე-10 პრინციპები.

 

სამოტივაციო ნაწილი

პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

იოსებ ლაზარაშვილი, ქარტიაში შემოტანილი განცხადების მიხედვით, მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში მასთან დაკავშირებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. განმცხადებელი საბჭოს წინაშე თავის პოზიციას შემდეგნაირად ასაბუთებდა: 

ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია 58-ე სკოლაში წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. 

სიუჟეტის მიხედვით, 58-ე სკოლაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარაშვილმა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ იძალადა, რათა დაეცვა დირექტორის მოადგილის შვილიშვილი, რომელიც ამავე ჩხუბის მონაწილე იყო“.

გარდა ამისა, განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან/და მცდელობას, ადგილი არ ჰქონია და სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები იყო არაზუსტი, არ იყო სათანადოდ გადამოწმებული და ეყრდნობოდა მხოლოდ რამდენიმე მშობლის მონათხრობს.

განხილვისას იოსებ ლაზარაშვილმა საბჭოს ინციდენტის შესახებ დეტალურად მოუთხრო, თუმცა საბჭო ვერ დაეყრდნობა და გაიზიარებს სკოლის დირექტორის მონათხრობს, ვინაიდან ეს საბჭოს კომპეტენციას სცდება და ფაქტობრივად შეუძლებელია ზუსტად დადგენა, რა მოხდა 58-ე სკოლაში სიუჟეტში აღწერილი ინციდენტის დროს.

 

საბჭო სწავლობს და აფასებს, თუ რას ეყრდნობოდა ჟურნალისტი აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ფაქტების გახმაურებისას და მიმართა თუ არა ყველა ღონეს ამ ფაქტების გადასამოწმებლად.

 

ეპიზოდი 1

განმცხადებელმა სადავო გახადა სიუჟეტის დასაწყისი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: “მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა შეიძლება 58-ე სკოლის დირექტორ იოსებ ლაზარაშვილს თავისუფლების ფასად დაუჯდეს. არასრულწლოვანი მუქარის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სასწავლო ნაწილის შვილიშვილი იყო.  სკოლის დირექტორმა Შეხვედრაზე მოსწავლეს დანაშაულის მის თავზე აღება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. არასრულწლოვანი ცემას მანდატურმა გადაარჩინა”. 

ამ ტექსტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მოსწავლე მუქარის მსხვერპლი გახდა, მასზე დირექტორმა ფიზიკური ძალადობა სცადა და იქვე ამატებს, რომ ის “ცემას მანდატურმა გადაარჩინა”. 

სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტი ამ ბრალდებებისას ეყრდნობა მხოლოდ ორი რესპონდენტის მონათხრობს. რესპოდენტების ვინაობა დაფარულია (გამოსახულება დაბლარულია).

პირველი რესპონდენტი, მისი მონათხრობის მიხედვით, სავარაუდოდ, არის კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.

მეორე რესპონდენტიც, სავარაუდოდ, მშობელია, თუმცა არ ჩანს, არის თუ არა კონფლიქტში მონაწილე რომელიმე ბავშვის მშობელი.

მუქარასა და ძალადობის მცდელობაზე გამოთქმულ ბრალდებებს, როგორც ჩანს, ჟურნალისტი პირველი რესპონდენტის მონათხრობს აფუძნებს.

არ ჩანს, რომ მეორე რესპონდენტი, მისი მონათხრობის მიხედვით, რაიმე ფაქტის თვითმხილველია. მისი კომენტარი ზოგადია და ის ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა დირექტორის მხრიდან. 

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მშობლები ვერ ჩაითვლებიან ობიექტურ, მიუკერძოებელ წყაროდ, ვინაიდან საქმე ეხება მათ შვილებს და, შესაძლოა, ისინი ობიექტური მთხრობელები არ იყვნენ. სიუჟეტში, გარდა მშობლების მონათხრობისა, არ არის მოყვანილი სხვა წყარო, რომელიც შესაძლო ძალადობის და მუქარის ბრალდებას გაამყარებდა.

გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ტექსტი არ უნდა ყოფილიყო მტკიცებითი. ეთიკური სტანდარტების მიხედვით, ჟურნალისტი ბოლომდე პატიოსანი უნდა იყოს აუდიტორიასთან და მსგავს შემთხვევებში, როცა გადმოცემული ინფორმაცია ერთ მხარეს, ერთი ტიპის წყაროს ეყრდნობა (მიუხედავად წყაროთა რაოდენობისა), ცხადად უნდა თქვას, რომ ეს მხოლოდ მშობლების მონათხრობია, ვერ ხერხდება მისი გადამოწმება, დადასტურება ან უარყოფა.

ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის ტექსტები უნდა იყოს ნეიტრალური, მით უფრო, როცა მის მიერ გახმოვანებულმა ბრალდებებმა (არასრულწლოვანზე მუქარა, ძალადობა), შესაძლოა, კონკრეტულ სუბიექტს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი მიაყენოს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ჟურნალისტმა დაარღვია სიზუსტის პრინციპი აუდიტორიის პატივისცემის  ნაწილში.

 

ეპიზოდი 2

შემდეგ სადავო ეპიზოდში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ “Საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დღეს გამომძიებლების კითხვებზე პასუხის გაცემა სკოლის დირექტორს მოუწია; გამოძიება საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს და შესაძლოა, სკოლის დირექტორი მოსწავლეზე ძალადობის გამო ციხეში აღმოჩნდეს.”

განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ ჟურნალისტმა იცრუა და მის მიმართ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობდა. 

სიუჟეტიდან არ ჩანს, რა აძლევს ჟურნალისტს საფუძველს, მტკიცებით ფორმაში თქვას აღნიშნული ფრაზები. სიუჟეტში არ ჩანს შს სამინისტროს ან/და პროკურატურის პოზიცია, არადა, სწორედ ეს უწყებები ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კონკრეტულ ფაქტზე. სიუჟეტში არ ჩანს ამ უწყებებთან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობაც.

საბჭოს კომპეტენციას სცდება დაზუსტებით იმის გარკვევა, სიუჟეტის ეთერში გასვლის მომენტში მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება, სადაც 58-ე სკოლის დირექტორი ფიგურირებდა.

იოსებ ლაზარაშვილმა საბჭოს განუმარტა, რომ სკოლაში მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის მე-3 განყოფილებაში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა პოლიცია მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და ამ საკითხს სამართლებრივი გაგრძელება არ ჰქონია.

ამ ნაწილის დაზუსტებისთვის საბჭომ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადო და იოსებ ლაზარაშვილს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი ცნობა პოლიციის სამმართველოდან, რომელიც აჩვენებდა, მიმდინარეობდა თუ არა მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები და იყო თუ არა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე რაიმე სტატუსით.

იოსებ ლაზარაშვილმა ქარტიის საბჭოს წარუდგინა შსს ძველი თბილისის პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გაცემული, 2024 წლის 28 მაისით დათარიღებული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციის ამ განყოფილებაში არ მიმდინარეობს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ის არ ყოფილა გამოკითხული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის, მოწმის ან დაზარალებულის სტატუსით.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში იმის გახმოვანება, რომ მიმდინარეობს გამოძიება და 58-ე სკოლის დირექტორს ციხე ემუქრება, საჭიროებდა მეტ გადამოწმებას, სიუჟეტში კი ამ გადამოწმების მცდელობებიც კი არ ჩანს.

გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც სახეზეა პირველი პრინციპის დარღვევა, აუდიტორიის უფლების უგულებელყოფა - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ზემოთ აღწერილი ეპიზოდების გარდა, სიუჟეტს ჰქონდა ბალანსის პრობლემა. ჟურნალისტური ბალანსი არ ნიშნავს მხოლოდ “მოპასუხე მხარის” წარმოჩენის ვალდებულებას ან/და მასალაში წარმოჩენის მცდელობის ასახვას. ბალანსი ნიშნავს მაქსიმალურად მეტი ინფორმირებული მხარის მონაწილეობას ჟურნალისტურ მასალაში და ჟურნალისტის პატიოსან მცდელობას, აუდიტორიას საკითხის ირგვლივ განსხვავებული პოზიციები მიაწოდოს.

აღნიშნული სიუჟეტი შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ჟურნალისტმა ირწმუნა მშობლების მონათხრობი დირექტორის მხრიდან ძალადობაზე და მისი შეკითხვები, ფრაზები, სიუჟეტის წყობა ამ რწმენის გავლენით იყო წარმოდგენილი. Საბჭოს ამაში არწმუნებს ჟურნალისტის შეკითხვების მიკერძოებული შინაარსი და ხელოვნური ბალანსის შექმნის მცდელობა.

კერძოდ, ჟურნალისტი სკოლის შენობაში დამხვედრ პირებს, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უსვამდა მიკერძოებული შინაარსის შეკითხვებს: “რატომ აბულინგებდა დირექტორი სკოლის მოსწავლეებს?”, “რატომ მიმდინარეობდა სკოლის მოსწავლეებზე ბულინგი?”.

კითხვების ასე ფორმულირებაც სიზუსტის უპატივცემულობაა. ჟურნალისტური ეთიკა ავალდებულებს ჟურნალისტს, მისი შეკითხვები იყოს ნეიტრალური, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული. ის, რაც არ იცის ჟურნალისტმა დაზუსტებით, არ უნდა აისახოს შეკითხვაში, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი. 

საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მხრიდან კომენტარების მიღების მცდელობებიც. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, უარი უთხრეს ჟურნალისტს კომენტარზე. მათ შეეძლოთ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჟურნალისტისთვის თანამშრომლობის სხვა ფორმატი შეეთავაზებინათ, მაგალითად, შეკითხვების წერილობით გაგზავნა, სკოლის მხრიდან რომელიმე პასუხისმგებელი პირის სპიკერად გამოყოფა, რომელიც ჟურნალისტის ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხებდა, რასაც, შეიძლება, თავიდან აეცილებინა სკოლის ხელმძღვანელების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. სამწუხაროდ, სკოლის ადმინისტრაცია ასე არ მოიქცა.

თუმცა, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საჯარო თუ კერძო პირების მხრიდან ანგარიშვალდებულების, ღიაობის ნაკლებობა არ უნდა გახდეს ჟურნალისტის მხრიდან ეთიკური პრინციპების დარღვევის საფუძველი და მედიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს აუდიტორიამდე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მისატანად. 

როცა მონაწილე მხარეების მხრიდან არაჯეროვანი თანამშრომლობის გამო ჟურნალისტს უჭირს ინფორმაციის დაზუსტება, მან აუდიტორიას პატიოსნად უნდა აუხსნას, რისი დაზუსტება შეძლო, რისი ვერა და რატომ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი.

 

მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

იოსებ ლაზარაშვილის განცხადებით, 58-ე სკოლის ადმინისტრაციამ და სხვა თანამშრომლებმა მყისიერად შეატყობინეს ტვ პირველს, რომ სადავო სიუჟეტში არაზუსტი ინფორმაცია იყო გავრცელებული და ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვეს.

განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა სოციალური ქსელის, ფეისბუქის “სქრინები”, რომელშიც აღბეჭდილია 58-ე სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ტვ პირველს მიმართავენ, ატყობინებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას სთხოვენ.

წარმოდგენილი “სქრინების” მიხედვით, სკოლის თანამშრომლები, ტვ პირველის ფეისბუქგვერდზე, სადავო სიუჟეტის კომენტარებშიც აფიქსირებენ, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

გარდა ამისა, ქარტიის საბჭოს სამდივნომ ტვ პირველს ოფიციალურად გადაუგზავნა 58-ე სკოლის დირექტორის მიერ ქარტიაში შემოტანილი განცხადება, სადაც იოსებ ლაზარაშვილი მცდარი ინფორმაციის შესწორების პრინციპის დარღვევაზეც დავობდა. ამ განცხადების მიღება ტვ პირველის წარმომადგენელმა სამდივნოს დაუდასტურა.

 

ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების მიხედვით, არაზუსტი ინფორმაციის მყისიერად შესწორება ჟურნალისტის პატიოსნების მნიშვნელოვანი საზომია და მედიის წარმომადგენელი, შეიტყობს თუ არა შესაძლო შეცდომის შესახებ, ვალდებულია, შეცდომა გონივრულ ვადაში შეასწოროს და ამის შესახებ აუდიტორიას პატიოსნად უთხრას.

ქარტიის სტანდარტით, როცა დასტურდება, რომ მედიამ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და მისთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, მან შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გაასწოროს.

ქარტიის პრაქტიკით, შეტყობინებად შეიძლება მივიჩნიოთ მედიის ოფიციალურ გვერდზე დაწერილი კომენტარი, მისთვის გაგზავნილი შეტყობინება და ქარტიის მიერ გადაგზავნილი განცხადება, სადაც კონკრეტული სუბიექტი წერს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტი ვალდებულია, შეცდომა გაასწოროს და მასალა საჯაროდ იძებნებოდეს უკვე შესწორებული სახით და შესაბამისი მითითებით, რა იყო არასწორი და რა შესწორდა.

ტვ პირველის ჟურნალისტმა არ იმოქმედა სტანდარტის შესაბამისად და საბჭომ ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა დადგენილად მიიჩნია.

 

მე-8 პრინციპი.ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.”

იოსებ ლაზარაშვილი სიუჟეტში მე-8 პრინციპის დარღვევას შემდეგნაირად ასაბუთებს: “მართალია, ტვ პირველის სიუჟეტში ჟურნალისტმა არ აჩვენა კონფლიქტის მონაწილე ბავშვები და მშობლები დაფარულად წარმოადგინა, თუმცა მოსწავლე, რომლის მფარველობაშიც სკოლის დირექციას ადანაშაულებდა, მისი იდენტიფიცირება მოახდინა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ კონფლიქტში ჩართული ბავშვი იყო სკოლის დირექტორის მოადგილის შვილიშვილი და აჩვენა დირექტორის მოადგილე. შესაბამისად, ეს წარმოადგენს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ურთიერთობის კიდევ უფრო დამძიმება თანატოლებთან.”

სიუჟეტის მიხედვით, დირექტორის მოსწავლეზე ძალადობის მცდელობა განპირობებული იყო სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის არასრულწლოვანი ოჯახის წევრისთვის ხელის დაფარებით. ჟურნალისტური მასალის თანახმად, ეს არასრულწლოვანი ამავე სკოლაში სწავლობდა და ინციდენტში მონაწილეობდა. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა თქვა ამ ბავშვის ოჯახის წევრის სახელი-გვარი და სკოლის ადმინისტრაციაში მისი თანამდებობა. ამით ჟურნალისტმა გარკვეული წრისთვის მართლაც მოახდინა ამ არასრულწლოვანის ირიბი იდენტიფიცირება.

ნიშანდობლივია ის, რომ სიუჟეტით, არასრულწლოვანი, რომელსაც დირექტორი “ხელს აფარებდა”, უარყოფითად იყო წარმოჩენილი, რადგან ჟურნალისტის მონათხრობით, ამ არასრულწლოვნის დაცვის მოტივით “გაიწია დირექტორმა მოსწავლეზე”. 

ჟურნალისტის ფრაზები, სიუჟეტის მთავარი ხაზი, ჯამში უარყოფითად წარმოაჩენდა კონკრეტულ არასრულწლოვანს და მისთვის გარკვეული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნიდა. ეს შეიძლება იყოს რეპუტაციული ზიანი, რამაც, შესაძლოა, გამოუსწორებელი კვალი დატოვოს არასრულწლოვანზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტით, დამკვიდრებული პრაქტიკით, ჟურნალისტმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნის ინტერესი და მედია პროდუქტი იმგვარად არ უნდა მოამზადოს, რომ აწმყოში თუ მომავალში არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს.

ნიშანდობლივია ის, რომ ჟურნალისტმა დაფარა სხვა მოსწავლეების მშობლების ვინაობა, რესპონდენტი მშობლების სახეები. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა მის შვილზე მძიმე სტრესული გავლენა იქონია. ესეც მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო ჟურნალისტისთვის, რომ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე არასრულწლოვნის თუნდაც ირიბი იდენტიფიცირება, ბავშვისთვის ზიანის მომტანი გახდებოდა.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს შეეძლო სკოლაში მომხდარი ინციდენტი აღეწერა ისეთი დეტალების გასაჯაროების გარეშეც, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რომელიმე არასრულწლოვნის ირიბ იდენტიფიცირებას. სამწუხაროდ, ჟურნალისტმა არ იმოქმედა მაღალი სტანდარტით, ჯეროვნად არ იზრუნა ამბის იმგვარად გადმოცემაზე, რაც სრულად შეუძლებელს გახდიდა რომელიმე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. ამით მან ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვია. 

 

მე-10 პრინციპი. “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”

ქარტიის საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა იოსებ ლაზარაშვილმა თქვა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა აჩვენა მეუღლესთან ერთად გადაღებული მისი ფოტო. მან თქვა, რომ მისი მეუღლე არ მუშაობს 58-ე სკოლაში, არანაირი კავშირი არ ჰქონდა სიუჟეტში აღწერილ ინციდენტთან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სიუჟეტში ჩვენება არღვევდა მისი და მისი მეუღლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ მისი მეუღლის ფოტო არის მისი პერსონალური, პირადი ინფორმაცია. 

საბჭო განმარტავს, რომ  საჯარო ინტერესის შემთხვევაში, შესაძლოა, ჟურნალისტმა გამოიყენოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა ეს აუცილებელი უნდა იყოს აუდიტორიის ინფორმირებისთვის და უნდა ემსახურებოდეს ისეთ კეთილშობილურ მიზანს, რომლის მიღწევაც ჟურნალისტს ამ ფოტოს გამოქვეყნების გარეშე არ შეუძლია.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ფოტოს ან სხვა ტიპის პერსონალური მონაცემის გასაჯაროება დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა აწვდიდეს აუდიტორიას.

სადავო შემთხვევაში სკოლის დირექტორის მეუღლის ფოტოს გამოყენება, რაც მის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ეს არ აძლევდა საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას სკოლაში მომხდარი ინციდენტის ანდა ძალადობის მცდელობაში ”მხილებული” დირექტორის შესახებ.

ნაცვლად ამისა, ამ ფოტოს გამოქვეყნება, გარკვეული ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს სკოლის დირექტორის მეუღლისთვის, მისი ვინაობის ისეთ სიუჟეტში ჩვენებით, სადაც მისი მეუღლე უარყოფითადაა წარმოჩენილი.

საბოლოოდ, საბჭომ დარღვეულად მიიჩნია მე-10 პრინციპიც.


 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საბა სიჭინავამ დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-8; მე-10 პრინციპები. 


 

JOIN US ON FACEBOOK